Accessibility links

logo-print

სერბიის პრეზიდენტი ხორვატიაში ომის მემორიალთან ბოდიშს იხდის


ივო იოსიპოვიჩმა და ბორის ტადიჩმა გვირგვინებით შეამკეს1991 წელს ოვჩარაში დახოცილი ხორვატების ხსოვნის პატივსაცემად აგებული მემორიალი

ივო იოსიპოვიჩმა და ბორის ტადიჩმა გვირგვინებით შეამკეს1991 წელს ოვჩარაში დახოცილი ხორვატების ხსოვნის პატივსაცემად აგებული მემორიალი

სერბიის პრეზიდენტი ბორის ტადიჩი ხორვატიაში იმყოფება. მისი ვიზიტის მიზანია იმ ჭრილობების მოშუშება, რომლებიც ჯერ კიდევ მტკივნეულია და ხორვატიის იუგოსლავიისგან დამოუკიდებლობისთვის ომის პერიოდს ეხება. ხორვატიის პრეზიდენტ ივო იოსიპოვიჩთან ერთად ტადიჩმა გვირგვინით შეამკო მემორიალი, რომელიც სერბთა მიერ 1991 წელს ოვჩარაში დახოცილი ხორვატების ხსოვნის პატივსაცემად არის აგებული.

ქალაქ ვუკოვართან ახლოს, ოვჩარაში, 1991 წელს დახოცილი ხორვატი სამოქალაქო პირებისა და ომის ტყვეების ხსოვნის მონუმენტთან სერბიის პრეზიდენტი ბორის ტადიჩი თავდახრილი იდგა, – რაც, მრავალთა აზრით, უმნიშვნელოვანესი სიმბოლური მომენტი იყო ორივე ქვეყნის ისტორიაში.

მონუმენტი იმ ადგილას არის აღმართული, სადაც დახოცეს და შემდეგ მასობრივ საფლავში დამარხეს ქალაქ ვუკუვარის საავადმყოფოდან გამოყვანილი 260 პირი – ყველა არასერბული წარმოშობის.

ხოცვა-ჟლეტა მაშინ მოხდა, როცა ეთნიკურ სერბთა ძალებმა 1991 წლის ნოემბერში ვუკოვარი დაიკავეს, ქალაქის სამთვიანი ბლოკადის შემდეგ. საუბარია მაშინდელი იუგოსლავიისგან ხორვატიის გამოყოფისთვის წარმოებულ ომზე. ოვჩარას ხოცვა-ჟლეტა ამ ომის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ ეპიზოდად არის ცნობილი.

ტადიჩი პირველი სერბი ლიდერია, რომელიც ამ ადგილს ეწვია. გვირგვინს, რომელიც მან მემორიალთან მიიტანა, ჰქონდა წარწერა: „უდანაშაულო მსხვერპლს“.

„აქ იმისთვის მოვედი, რომ პატივი მივაგო მსხვეპლთ, ბოდიში მოვიხადო, სინანული გამოვთქვა და სერბიას და ხორვატიას ურთიერთობის ახალი ეტაპის დაწყების საშუალება მივცე“ – თქვა ტადიჩმა ხორვატიის ტელევიზიით გადაცემულ სიტყვაში – „ჩვენს შვილებს ტვირთად არ უნდა დააწვეთ ის, რაც 1990-იან წლებში იქნა ჩადენილი".

ტადიჩის და მისი ხორვატი კოლეგის, ივო იოსიპოვიჩის პროგრამა სოფელ პოლინ დვორის მონახულებასაც ითვალისწინებდა, რომლის მკვიდრი 18 სერბიც 1991 წელს ხორვატების მიერ იქნა დახოცილი.

სააგენტო „ასოშიეიტედ პრესმა“ გაავრცელა საგარეო პოლიტიკის სფეროში იოსიპოვიჩის მრჩევლის, იოსკო პაროს სიტყვები, რომელიც ტადიჩის ვიზიტს „მნიშვნელოვან სიმბოლურ ჟესტს“ უწოდებს. მისი თქმით, არავინ ელის, რომ ეს ვიზიტი წარსულში არსებულ ყველა პრობლემას გადაჭრის, მაგრამ ორმხრივ ურთიერთობაში დაძაბულობა შემცირდება, რაც ქვეყნებს მომავალზე ფიქრის საშუალებას მისცემს.

ორივე ქვეყანას – სერბიასაც და ხორვატიასაც – ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ამისათვის კი კეთილმეზობლური ურთიერთობები და რეგიონული თანამშრობლობა ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს.

ტადიჩის ვუკოვარში ვიზიტს მხოლოდ დადებითი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ზოგიერთმა კონსერვატორმა ხორვატებს მოუწოდა ვიზიტი ოვჩარასკენ მიმავალ გზაზე გასვლით გაეპროტესტებინათ.

სააგენტო „ფრანს-პრესის“ ცნობის თანახმად, საპროტესტო აქციაზე, დაახლოებით, 50 პირი მივიდა, რომლებსაც ხელში პლაკატები ეჭირათ, თუმცა აქციას რაიმე ინციდენტი არ მოჰყოლია.

1991 წელს ხორვატიის მიერ იუგოსლავიისგან დამოუკიდებლობის გამოცხადებას ოთხწლიანი ომი მოჰყვა მეამბოხე ეთნიკურ სერბებთან, რომლებსაც, პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით, ბელგრადი უმაგრებდა ზურგს.
XS
SM
MD
LG