Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის ფედერალური სარეზერვო ბანკის სადავოდ ქცეული გეგმა


შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვების ცენტრალურმა ბანკმა გამოაცხადა ახალი ზომები, რომლებიც ქაოსში მყოფი ამერიკის ეკონომიკის გაძლიერებას ისახავს მიზნად. თუმცა, ბანკირები და ეკონომისტები ორ ბანაკად გაიყვნენ. ერთნი ფიქრობენ, რომ ეს გადაწყვეტილება ბრძნულია, მეორენი კი ცენტრალური ბანკის გეგმას მაღალი რისკის აზარტულ თამაშს ადარებენ.

გეგმის თანახმად, რომელიც ამერიკის ეკონომიკის სწრაფ გამოცოცხლებას ისახავს მიზნად, შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკი აპირებს შეისყიდოს ასეული მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკის ხაზინის ობლიგაცია. უფრო ზუსტად, საუბარია მომავალი წლის შუა პერიოდში დამატებით 600 მილიარდი დოლარის სამთავრობო ვალის შესყიდვაზე, იპოთეკისა და სხვა დავალიანებების პროცენტების შემდგომი კლების გათვალისწინებით. ცენტრალური ბანკი ვარაუდობს, რომ გეგმა შესაძლებლობას მისცემს კომპანიებსა და კერძო პირებს, გამოიტანონ იაფი სესხები, აწარმოონ ბიზნესი და დაიქირაონ ახალი მუშახელი. ფედერალური სარეზერვო სისტემა იძულებული იყო ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაედგა, რაც შეერთებულ შტატებში უმუშევრობის დონემ 10%-ს მიაღწია. თითქოს ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებას ელოდაო, 3 ნოემბერს გამართულ ვაჭრობაზე ამერიკის ინდუსტრიის მთავარი მაჩვენებლის – დოუ ჯონსის ინდექსი ახალ ნიშნულამდე –11.215 პუნქტამდე გაიზარდა, ასევე ერთბაშად მოიმატა ნავთობის ფასმა.

შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკის მიერ სახაზინო ობლიგაციების შეძენა არ არის უპრეცედენტო ფაქტი. 2009 წლის რეცესიის დროს ცენტრალურმა ბანკმა 1.7 ტრილიონი დოლარის ღირებულების სააქციზო ობლიგაციები და სამთავრობო ვალი იყიდა.
თუმცა, ეკონომისტები ფიქრობენ, რომ ცენტრალური ბანკის ამჟამინდელი გეგმა წააგავს აზარტულ თამაშს, რომელიც, განხორციელების შემთხვევაში, ძლიერ ინფლაციას გამოიწვევს, ხოლო თუ არ განხორციელდება, მაშინ ბანკის ნდობა შეირყევა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ეკონომიკის აღორძინების ტემპი სუსტია, ეკონომისტთა ნაწილს მიაჩნია, რომ ბაზარს უნდა მიეცეს შესაძლებლობა თავადვე მოახდინოს შიდა გადაჯგუფება. ცენტრალური ბანკის პოლიტიკის განმსაზღვრელი კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა ახალ გეგმას მხარი არ დაუჭირა, რადგან ჩათვალა, რომ რისკი მოგებაზე გაცილებით უფრო დიდია.

შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკის ახალ პოლიტიკას საერთაშორისო გამოხმაურებაც ექნება. რაკი ფედერალური სისტემა აპირებს, რომ ვალის განაკვეთი დაბლა დასწიოს, ინვესტორები შეეცდებიან დატოვონ შეერთებული შტატები, სადაც დიდი მოგების პერსპექტივა დიდხანს არ გამოჩნდება. ინვესტორები იმედის მომცემი განვითარებადი ბაზრების – ბრაზილიისა და ინდოეთისაკენ იმის გამო მიილტვიან, რომ დოლარის კურსის დაცემა საკმაოდ ცუდად აისახება მათი ექსპორტის კონკურენტუნარიანობაზე. შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკის ახალმა პოლიტიკამ შეაშფოთა ასევე ევროპისა და აზიის ქვეყნები, რომლებიც მოსალოდნელი „ვალუტის ომსა“ და დევალავაციის საშიშროებას ხედავენ. ევროპის ცენტრალური ბანკი, ინგლისის ბანკი და იაპონიის ბანკი აპირებენ, ამ კვირაში გამართონ შეხვედრა, რათა შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკის გეგმის მიმართ საპასუხო ნაბიჯები განსაზღვრონ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG