Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ცენტრი კონფლიქტის ზონაში მუშაობას გაააქტიურებს


გორში ნატოს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები მოსწავლეებს შეხვდნენ. ბავშვებს საქართველოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივა აინტერესებდათ. სტუმრები მოსწავლეების ინფორმირებულობით გაკვირვებულნი დარჩნენ. ნატოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ გოგოტიშვილი ხშირად იმეორებდა ფრაზას – საშინაო დავალება, რაც საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას გულისხმობს. ამ დავალების მიხედვით, ქვეყანამ დემოკრატიული განვითარების მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები უნდა გადადგას. ცენტრის წარმომადგენლებსა და მოსწავლეებს შორის დისკუსია სწორედ ამ საკითხებზე გაიმართა. მოსწავლეების აზრით, მედიის თავისუფლების დეფიციტი, სამართლიანი და ობიექტური სასამართლოს არარსებობა საქართველოს ნატოსკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვნად აფერხებს. ბავშვებს თენგიზ გოგოტიშვილიც დაეთანხმა, თუმცა აღნიშნა, რომ დღესვე, თუ ნატოს წევრი ქვეყნები თვალს რაღაცებზე დახუჭავენ, ალიანსში გაწევრიანება შესაძლებელი იქნება.

დაუსრულებელი დემოკრატიული რეფორმები, კონფლიქტური რეგიონები, რუსეთთან გართულებული ურთიერთობა, ეს საკითხები ზოგიერთ მოსწავლეს ნატოსკენ მიმავალ გზაზე სკეპტიკურად განაწყობს, თუმცა არიან ოპტიმისტებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველო დემოკრატიულ რეფორმებს სწრაფად განახორციელებს და ნატოს სათქმელი აღარაფერი დარჩება.

ორსაათიანმა შეხვედრამ დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. გადაწყდა, რომ გორის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ლიდერი მოსწავლეები ნატოს მხარდამჭერთა ახალგაზრდულ კლუბს შექმნიან. ამისთვის ნატოს საინფორმაციო ცენტრიდან მათ ლიტერატურაც უკვე ჩაუტანეს. გარდა ამისა, თენგიზ გოგოტიშვილის თქმით, ცენტრი მუშაობას ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე ქართულ სოფლებშიც გაააქტიურებს, რადგან იმ სოფლებში ინფორმაცია ხშირად არასწორად და დამახინჯებით ვრცელდება, ამას ისიც ემატება, რომ ცხინვალის ახლომდებარე სოფლებში რუსული სატელევიზიო არხები უპრობლემოდ მაუწყებლობენ.

ამჟამად ცხინვალის მოსაზღვრე ქართულ სოფლებში 5-ზე მეტი რუსული სატელევიზიო არხის გადაცემები ვრცელდება. ხარისხი მაღალია, ამიტომ ადგილობრივი მოსახლეობა ამ არხების მაყურებლად იქცა. ნატოს საინფორმაციო ცენტრში თვლიან, რომ რუსული პროპაგანდის საპირისპიროდ, იმ სოფლებში ჩასვლა და იქ საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება აუცილებელია.
XS
SM
MD
LG