Accessibility links

logo-print

საქართველოს შსს-მ ოფიციალურად დაადასტურა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 15 პირის დაკავების ფაქტი


ოპერაცია ”ენვერის” შედეგად, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 15 პირის დაკავების ფაქტი დღეს ოფიციალურად დაადასტურა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისრომ. დაკავებულთაგან 2 საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდა. შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ოთარ ორჯონიკიძემ თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მასშტაბური ოპერაციის შედეგად, კონტრდაზვერვამ გამოავლინა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარ სამმართველოსთან ფარულ კავშირში მყოფი პირები. ორჯონიკიძის განმარტებით, ოპერაცია მნიშვნელოვანწილად განაპირობა საქართველოს ხელისუფლების მიერ 2006 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ. კერძოდ, პირი, რომელიც უცხოეთის სპეცსამსახურებთან კავშირს ნებაყოფლობით აღიარებდა, გათავისუფლდებოდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. ორჯონიკიძის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ, შსს-ს მიმართა არაერთმა ადამიანმა, მათგან მიღებული ინფორმაციის ანალიზის და 4-წლიანი მუშაობის შედეგად კი დაიგეგმა ოპერაცია, რომლის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა 2010 წლის ოქტომბერში. ოთარ ორჯონიკიძის თქმით, გამოვლენილია ათობით პირი, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ. მათგან 13-ს წარედგინა ჯაშუშობის და უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლის ოფიციალური ბრალდებები. დაკავებულთაგან 4 რუსეთის მოქალაქეა. დღესვე საქართველოს შსს-მ ორი ეჭვმიტანილის აღიარებითი ჩვენება გაავრცელა.
XS
SM
MD
LG