Accessibility links

logo-print

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულები, ანუ სამი მილიონის სამ ლარად ქცევის ამბავი


საქართველოში იმ ხალხის რიცხვი, ვინც 90-იან წლებში გაჩაღებული კოოპერატიული ბინათმშენებლობის დროს ფული და ბინა ერთად დაკარგა, 30 000-ს აღწევს. აქედან 9 000-ის ვალი სახელმწიფოს ოფიციალურად აქვს აღიარებული. თუმცა ვალის გადახდის მექანიზმი დღემდე არ შემუშავებულა. არ არის ცნობილი არც ვალის საერთო რაოდენობა. ეს ხალხი დღემდე ცდილობს დაკარგული ქონების – ფულის ან მიწის სახით დაბრუნებას. რამდენიმე წლის წინ სახელმწიფომ 300 ადამიანი დააკმაყოფილა კიდეც. ეს ის ხალხია, ვინც მინიმალურ შეთავაზებას დათანხმდა და სულ არაფერს მცირე მიწის ნაკვეთი არჩია. რჩება დაზარალებულთა მთელი არმია, რომელიც ხელისუფლებას ვალის დაბრუნებას სთხოვს, ნაწილმა უკვე ევროპულ სასამართლოსაც მიმართა. დღეისათვის ხელისუფლების ერთადერთი შეთავაზება თბილისის გარეუბნებში მიწის მცირე ნაკვეთებია, რომელთა ფასი ამ ადამიანების დაკარგული ფულის ნახევარსაც კი ვერ შეადგენს.

ბესო საღარაძე ოჯახთან ერთად ახლა ვარკეთილში, ნათხოვარ პატარა ბინაში ცხოვრობს. დიდ დიღომში იმ სახლის მშენებლობა, რომელშიც 90-იან წლებში მთელი დანაზოგი – 15 000 მანეთი, ანუ მაშინდელი კურსით 20 000 დოლარი ჩადო, არ დასრულებულა. ფული დაიკარგა. 1990 წელს დაარსებული # 647-ე საბინაო-სამშენებლო კოოპერატივიც წარსულს ჩაბარდა. ტყუილი გამოდგა მაშინდელი მთავრობის დანაპირებიც, რომ თუ სახლის ღირებულებას მთლიანად დაფარავდნენ, მშენებლობა უმოკლეს ვადაში დასრულდებოდა.

,,შევიკრიბეთ ჩვენი კოოპერატივის 130 წევრი და უსწრაფესად შევიტანეთ ეს ფული – 3 მილიონი მანეთი. ზოგმა ცოტა მეტი, ზოგმა ცოტა ნაკლები, მაგრამ სესხი დავფარეთ. საერთოდ არაფერი გაკეთებულა. ნიჩაბიც კი არ დაურტყამთ იმ ადგილას, სადაც ჩვენი სახლი უნდა აშენებულიყო. ამის შემდეგ ეს სამი მილიონი მანეთი გადაიქცა სამ მილიონ კუპონად, სამი მილიონი კუპონი კი გახდა სამი ლარი... დღესაც დევს ჩვენი სამი ლარი ბანკში, მაგრამ სამ ლარად 130 ბინიანი სახლის ამშენებელი არავინაა“.

1998 წელს ამ ხალხის ვალი შიდა სახელმწიფო ვალად გადაიქცა. სახელმწიფომ ვალი კი აღიარა, მაგრამ მისი გასტუმრების მექანიზმი, ფაქტია, დღემდე არ არსებობს. 2004 წელს სახელმწიფო ვალის შემსწავლელი კომისიაც შექმნეს, რომელსაც ფინანსთა მინისტრები თავმჯდომარეობდნენ. რამდენი მინისტრიც იცვლებოდა, იმდენჯერ იცვლებოდა კომისის ხელმძღვანელიც და საქმის შესწავლაც ხელახლა იწყებოდა. კომისია, კანონის დაცვით, ჯერ თვეში ერთხელ იკრიბებოდა, 2008 წლიდან კი – საჭიროებისამებრ. ერთ დღესაც ბესო საღარაძე კომისიის საქმიანობით დაინტერესდა და ფინანსთა სამინისტროს სხდომის ოქმები მოსთხოვა. და აი, რა გაირკვა:

„2005 წელში ჩაატარა კომისიამ სამი სხდომა, მას შემდეგ აღარ შეკრებილან. გააკეთეს ინვენტარიზაცია, სიები შეადგინეს და მაგით დასრულდა. დღესაც დევს ფინანსთა სამინისტროშო სია, სადაც არის მითითებული, რომ ბესო საღარაძისთვის უნდა აშენებულიყო ოთხოთახიანი ბინა, რომელშიც მან 15 000 მანეთი გადაიხადა. უამრავი კანონქვემდებარე აქტი არსებობს, რომ ეს დავალიანება 2005 წლის ბოლომდე უნდა გაესტუმრებინა სახელმწიფოს. არაფერი გადაუხდიათ. გაისტუმრეს მხოლოდ 300 ადამიანი ქონებით და ფულით და მაგით დასრულდა. 2004 წელში ეს პროცესიც გაჩერდა“.

თუმცა, აქვე უნდა ვთქვათ, რომ ნახსენები 300 დაზარალებული ოჯახისათვის ვალი სრულად არც მაშინ დაუბრუნებიათ და ამას საქართველოს საბინაო- სამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციის პრეზიდენტი ნანი წიქარიშვილიც გვიდასტურებს. მისივე ინფორმაციით, 1999 წელს საერთო დავალიანება, მთელი საქართველოს მასშტაბით, 88 მილიონს შეადგენდა, თუმცა, რამდენია ვალი დღეს, არავინ იცის და არც არავინ ითვლის:

,,წესით, ქონების გაცემის წინ უნდა დაითვალონ, სადაც პიროვნება იშენებდა სახლს იმ ადგილზე რა ღირდა ერთი კვადრატული მეტრი, ეს მრავლდება ფართობზე – რა ფართის ბინასაც იშენებდა და ასე ვიღებთ სახელმწიფო ვალის ოდენობას, ასე ისაზღვრებოდა და დღეს ისე გაზრდილია ფასები, ამ ვალის დაფიქსირება არავის სჭირდება“.

2009 წელს, საქართველოს მთავრობის #835 განკარგულების საფუძველზე, მერიას ეთხოვა დაზარალებული ხალხისთვის მერიის ბალანსზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების გადაცემა. ცხადია, ეს შეთავაზება ვალის გაქვითვის სანაცვლოდ მოხდა. აქვე განვმარტავთ, რომ კანონით ამ ხალხისთვის სახელმწიფოს ფულადი კომპენსაცია უნდა გადაეხადა, მაგრამ გამოჩნდნენ ისეთები, ვისაც ეს შეთავაზებაც აწყობდა და დათანხმდა კიდეც მიწის მიღებას დიდ დიღომში, გლდანსა და ფონიჭალაში. რამდენად შეესაბამებოდა მათ მიერ ჩადებულ ფულს მიღებული მიწის ნაკვეთის ფასი, ეს კიდევ ცალკე განსჯის საკითხია, რადგან განკარგულებაში არც მიწის ღირებულება და არც სახელმწიფო ვალის ოდენობა მითითებული არ ყოფილა.

ბესო საღარაძეს და მის მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს იმედი ისევ გაუჩნდათ. მერიაში მისულ საღარაძეს მერიის ბალანსზე არსებული ასეთი შენობების ნუსხის მოძებნა სთხოვეს. ასე დაიწყო უძრავი ქონების ძებნა ბესო საღარაძემ ჯერ ეკონომიკის სამინისტროში, შემდეგ საჯარო რეესტრში. გარკვეული ქონება მოიძია კიდეც. მერმა გიგი უგულავამ ეკონომიკის მაშინდელ მინისტრს, ზურაბ პოლოლიკაშვილს წერილით მიმართა და დაზარალებულების დაკმაყოფილება სთხოვა. მერს უპასუხეს, რომ წარმოდგენილი ობიექტების ნაწილი უკვე გაყიდული იყო. დანარჩენი კი მათთვის გადასაცემად მიზანშეწონილად არ მიგვაჩნიაო.

კიდევ ერთი ინსტანცია, რომელსაც ბესო საღარაძემ მიმართა, სასამართლო გახლდათ, სადაც ის ვალის დაბრუნებას ითხოვდა.
სასამართლომ მისი ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და გადაწყვეტილებაში ჩაწერა, ვალი მართლია არსებობს, მაგრამ სახელმწიფოს არ გააჩნია მისი გადახდის მექანიზმიო. საქმე სტრასბურგში წაიღეს და წარმოებაშიც მიღებულია.
რადგან აქ სამართალი ვერ იპოვეს, ბესო საღარაძის გარდა, ევროპულ სასამართლოს სხვა დაზარალებულებმაც მიმართეს. ერთ-ერთი ასეთი ოჯახის ინტერესებს იცავს, მაგალითად, ადვოკატი ლია მუხაშავრია:

„სასამართლოსთვის ცხადია, რომ დარღვეულია ადამიანის უფლება, რომელიც უნდა აღადგინოს, რა მექანიზმიც მას გააჩნია. როცა სახელმწიფო აღიარებს შიდა ვალად ამ ადამიანების დაკარგულ ფულს, მათ აღარ უნდა უწევდეთ სასამართლოში გაქცევა, ის კი თავად უგულებელყოფს მის სამოქმედო კანონმდებლობას“.

ნათელია, რომ უახლოეს მომავალში ბინათმშნებლობის პროცესში დაზარალებულების ვალის დათვლას და, მითუმეტეს, გადახდას, სახელმწიფო არ აპირებს. ერთადერთი, რასაც ახლა ეს ხალხი ელის, მერიის საიტზე მიწის ნაკვეთების იმ ნუსხის გამოქვეყნებაა, რომელსაც მათ ვალის სანაცვლოდ შესთავაზებენ. ეს პროცესიც არ დასრულებულა და როგორც მერიის ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი თამარ მათიაშვილი განმარტავს, ასეთი ობიექტების სია დაზუსტების პროცესშია:

„ახლა ზუსტდება ნუსხა ქონებისა, რისი გადაცემაც მოხდება ამ ტიპის დაზარალებულებისათვის. როცა ეს სია მზად იქნება, შემდეგ დაიწყება ამ მიწის მიღების მსურველთ განაცხადების მიღება. ყველას არც სურს ვალის სანაცვლოდ მიწის ნაკვეთი. ეს მიწები იქნება მთელი თბილისის მასშტაბით, რა ცარიელი ტერიტორიებიც არსებობს მერიის ბალანსზე. ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით, როდის გამოქვეყნდება სია მერიის ვებ-საიტზე, რადგან, როგორც გითხარით, ამ საკითხზე ვმუშაობთ“.

სულ ბოლოს კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულების პრობლემას საკრებულოს წევრი ჯაბა სამუშია გამოეხმაურა და ქალაქის მთავრობას მომავალი წლის ბიუჯეტში დაზარალებულთა კომპენსაციებისთვის საჭირო თანხის გათვალისწინება მოსთხოვა.

ამ ადამიანებს კი კონკრეტულს ვერავინ ვერაფერს ეუბნება.

ბესო საღარაძე, რომელიც რამდენიმე წლის წინანდელი ავტოავარიის შემდეგ ინვალიდის ეტლსაა მიჯაჭვული და გადაადგილება უჭირს, ამბობს, რომ მერიაში ხშირად მისვლა არ შეუძლია, მის ზარებს კი იქ აღარავინ პასუხობს.
XS
SM
MD
LG