Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელდარ დავითიანის ჩვენების გავლენა მალაიზიურ სასამართლოზე


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მალაიზიაში ნარკოტრეფიკის ბრალდებით დაკავებული და უკვე პირველი მოსმენით გასამართლებული ერთ-ერთი ქალის, ბაბუცა გორდაძის მეუღლემ, ელდარ დავითიანმა დღეს ქართველ სამართალდამცავებს საკუთარი სურვილით მიმართა. ის თურქეთიდან საქართველოში გამთენისას ჩამოფრინდა და ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში ჩვენება მისცა.

ელდარ დავითიანმა წუხელ, გვიან ღამით, ტელეკომპანია „რეალთივისთვის“ მიცემულ კომენტარში აღნიშნა, რომ იმ ადამიანთან შესახვედრად არის ჩამოსული, ვინც საქმის გამოძიებითაა დაკავებული.

მალაიზიაში ერთი კვირის წინ დაკავებული ბაბუცა გორდაძის ოჯახის წევრები სწორედ ელდარ დავითიანს ადანაშაულებენ ნარკოტრეფიკში მის ჩართვაში. ბაბუცა გორდაძის დედა ნელი გორდაძე ამბობს, რომ სწორედ ელდარ დავითიანმა წაიყვანა მისი ქალიშვილი თურქეთში სამუშაოდ და შემდეგ მანვე გაუკეთა მალაიზიაში შესასვლელი ვიზა. სიძესთან, ელდარ დავითიანთან, უკანასკნელი სატელეფონო საუბარი მას საქართველოში ჩამოსვლამდე ჰქონდა:

„გამომეხმაურა და მითხრა, მისული ვარ საელჩოშიო თუ სადღაც, ზუსტად ვერ გავიგე და მითხრა, რომ დარეკეო ორგანოებში, რომ დამაკაონო, იმიტომ რომ, აქ არ მაკავებენო, არაფერი დანაშაული არ გაქვს ჩადენილიო. ასე მითხრა, სანამ კარგ ხასითზე ვარ დამაკავეო, მე ვუთხარი, შენ რა, მემასხრები, თუ რას ნიშნავს ეს შენი საქციელი-მეთქი“.

ბაბუცა გორდაძის პირველი სასამართლო პროცესი 4 ნოემბერს შედგა, ის სასამართლოს წინაშე დამცველის გარეშე წარსდგა. სასამართლომ მას ნარკოტრეფიკის მუხლი წაუყენა, რაც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. მეორე მოსმენა, როგორც ცნობილია, 5 დეკემბერს უნდა გაიმართოს.
საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში საკუთარი კონტაქტებით ცდილობს ბაბუცა გორდაძისთვის ადვოკატის აყვანას. გუშინ გიორგი ტუღუშმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ საქმეში ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენელიც“ მონაწილეობს:

„უკვე საუბარია რეალურად იმაზე, რომ კონკრეტულ ადვოკატთან მოხდეს დაკონტაქტება, რომელიც, სავარაუდოდ, დათანხმდება ამ საქმის აღებას და წარმართვას. გარდა ამისა, გამორიცხული არ არის, რომ საერთაშორისო ამნისტიამაც საჯარო განცხადება გაავრცელოს სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნის პრინციპით, ვინაიდან ერთ-ერთი ქალბატონი სასამართლოზე დაცვის გარეშე იყო წარდგენილი. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა განვიხილოთ საერთაშორისო სტანდარტების გადმოსახედიდან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად იქნეს აყვანილი დამცველი“.

ადვოკატის საკონტაქტო ინფორმაცია ომბუდსმენმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასცა. სწორედ დიპლომატიური ხერხებით ცდილობს ქართული მხარე მალაიზიაში დაკავებული ქართველების დაცვას. უკანასკნელად საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ამ თემაზე გუშინ ისაუბრა და განაცხადა, რომ მალაიზიელ კოლეგას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მანუჩერ მოთაქისთან ერთად ესაუბრა. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, საუბრის შემდეგ მიღწეულ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ წინასწარი დაკავების საკანში ქართველი პატიმრების მდგომარეობა მცირედ გაუმჯობესდა.

„გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, მიღებული არ არის, ჯერ ასი პროცენტით არ გადამიმოწმებია ეს ინფორმაცია, მაგრამ მკაცრი აღკვეთა ცოტა შეუმსუბუქეს. მალაიზიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღებით მოისმინა ჩემი და ბატონი მოთაქის თხოვნა, თქვა რომ აუცილებლად გადაამოწმებს ინფორმაციას კომპეტენტურ ორგანოებთან და იმწუთშივე დაგვიკავშირდება“.

იმის გამო, რომ ქართველ და მალაიზიელ სამართალდამცავებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობა და გამოცდილება არ არსებობს და საქმეში მხოლოდ დიპლომატიური გზებია ჩართული, შესაბამისად, დაკავებული ბაბუცა გორდაძის სასამართლო პროცესს, რომლის მეორე მოსმენაც 5 დეკემბერს უნდა შედგეს, მისი მეუღლის ჩვენებების შესახებ კვლავ დიპლომატიური გზებით უნდა ეცნობოს. იურისტი, ადვოკატი ზაქარია ქუცნაშვილი რამდენიმე ვარაუდს გამოთქვამს. შესაძლოა, ქართველმა სამართალდამცავებმა ელდარ დავითიანი დააკაონ, როგორც დანაშაულში ეჭვმიტანილი და მალაიზიურ სასამართლოს სთხოვონ ორი ქართველი ქალის – ბაბუცა გორდაძის და დარეჯან კოხტაშვილის ექსტრადირება, როგორც გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულში ბრალდებულებისა.

მისივე განცხადებით, მალაიზიაში დაკავებულების ადვოკატმა ან საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა, თუ ამას მალაიზიური კანონმდებლობა დაუშვებს, სასამართლოს უნდა შეატყობინოს საქმეში აღმოჩენილი ახალი გარემოებების შესახებ. ამ შემთხვევაში კი, ადვოკატ ზაქარია ქუცნაშვილის განმარტებით, შესაძლოა საქმე შემდეგნაირად წარიმართოს:

„შეიძლება მიუსაჯონ სასჯელი, მაგრამ სასჯელის მოსახდელად გამოუშვან საქართველოში, ექსტრადიცია სწორედ ამას ითვალისწინებს, ისე როგორც დიპლომატიურ ურთიერთობაში ხშირად მოსულა, რომ სახელმწიფოები, ფაქტობრივად, ქვეყნის შიდა კანონმდებლობის გვერდის ავლით, ავლენენ ხოლმე კეთილ ნებას და ყველა ქვეყნის საპროცესო სამართალში არის ასეთი ცნება – „ვითარების შეცვლის გამო“ და ვითარების შეცვლა შეიძლება გახდეს სასჯელისგან განთავისუფლების საფუძველი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ადგილობრივი ხელისუფლების კეთილ ნებაზე იქნება გამოკიდებული, თუ როგორ მოექცევიან ჩვენს მოქალაქეებს“.

ზაქარია ქუცნაშვილი ფიქრობს, რომ თუ საქართველოს მხარე კვლავ დიპლომატიური ხერხების გამოყენებით მოახერხებს მალაიზიური სასამართლოს დარწმუნებას დაკავებული ქართველების უდანაშაულობაში, მათ შესაძლოა სიკვდილით დასჯა აარიდოს, მომავალში კი დღის წესრიგში შეიძლება მათი ექსტრადირების საკითხიც დადგეს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG