Accessibility links

ფილიპ გორდონი: „აშშ წარმატებით განაგრძობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების მხარდაჭერას“


ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონი

ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონი

ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით რუსეთზე გრძელდება საერთაშორისო ზეწოლა, რათა რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დატოვონ საქართველოს ტერიტორიები, – განაცხადა ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონმა რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში. ამერიკელმა დიპლომატმა სხვა საკითხებთან ერთად, ისაუბრა ნატოს მოახლოებულ სამიტზე, უკრაინაში გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსა და აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევებზე.

შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს სხვა ქვეყნებს, არ აღიარონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. შეერთებული შტატები ასევე მონდომებულია, რომ საქართველოში დაბრუნდეს ეუთოს მისია. როგორც ფილიპ გორდონმა რადიო „თავისუფლებას“ განუცხადა, საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე გრძელდება, რათა „დატოვოს ოკუპირებული ტერიტორიები“.

„დიახ, ამ საკითხის გადასაწყვეტად არსებობს ძლიერი საერთაშორისო ზეწოლა. რუსეთის რეპუტაცია მთელ მსოფლიოში, რუსეთის ურთიერთობა მსოფლიოს ბევრ ქვეყანასთან ვერ იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს და როგორიც რუსეთს სურს, – იმ დრომდე, ვიდრე მსოფლიოში ბევრი ფიქრობს, რომ მას [რუსეთს] ოკუპირებული აქვს სუვერენული ქვეყანა. როდესაც რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, ის ფიქრობდა, რომ მსოფლიოს ბევრი ქვეყანა დაუჭერდა მხარს ამ აღიარებას, მაგრამ ისინი ასე არ მოიქცნენ და ეს სულ იქნება მრავალი სახელმწიფოს, ევროპის ქვეყნებისა და განსაკუთრებით შეერთებული შტატებისათვის პრობლემატური საკითხი“.

ფილიპ გორდონი, ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე, აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ცდილობს, ხელი შეუწყოს კონფლიქტის მოწესრიგების თაობაზე დიალოგის არსებულ ფორმატს რუსეთსა და საქართველოს შორის და ასევე სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას, მაგალითად, საქართველოში ეუთოს დაბრუნებას, რის გამოც, რუსეთთან თანაშრომლობის გაგრძელებაზე შეერთებულმა შტატებმა უარი არ თქვა .

„ჩვენ არ გავაკეთეთ არჩევანი, არ გაგვეგრძელებინა საერთო ინტერესების მიმართულებით მოძრაობა რუსეთთან, ვიდრე ეს ძალიან რთული პრობლემები საბოლოოდ არ გადაწყდებოდა. ჩვენ რომ გვეთქვა: უარს ვამბობთ რუსეთთან ურთიერთობაზე საქართველოს ირგვლივ არსებული რთული პრობლების გადაწყვეტამდე; უარს ვამბობთ შეხების წერტილების მოძებნაზე; უარს ვამბობთ შეთანხმების მიღწევაზე ნებისმიერ სფეროში, - ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს ვინმეს ინტერესში იქნებოდა. ეს არ იქნებოდა რუსეთის ინტერესში და მე დავამატებდი, რომ - არც საქართველოს ინტერესში. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ასეთი მიდგომა ვინმესთვის იქნებოდა წარმატებული! ამგვარად, რუსეთის მთავრობასთან ერთად, ორმხრივად წამოვჭერით ეს პრობლემა, ჩვენ საერთაშორისო დონეზე ვუჭერთ მხარს საქართველოს ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში. ეს არის ფორუმი, რომელიც შეიქმნა ომის შემდგომი პრობლემების განსახილველად. ამ თემის განხილვაში ჩვენ მეტად აქტიურები ვართ და ძალიან აქტიურად ვცდილობთ, რომ დავაბრუნოთ ეუთო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში. ჩვენ წარმატებით ვახდენთ ზეგავლენას სხვა ქვეყნებზე, რათა არ აღიარონ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. ჩვენ ამ საკითხს საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში ვაყენებთ“.

ფილიპ გორდონმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ეწინააღმდეგება რუსეთის იდეას ევროპის ახალი უსაფრთხოების სისტემის შექმნის თაობაზე, იმის მიუხედავად, რომ ლისაბონის ნატოს სამიტის პარალელურად იგეგმება ნატო-რუსეთის საბჭოს სამიტის გამართვაც. სხვათა შორის, რუსულმა „კომერსანტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი და ნატო აპირებენ ხელი მოაწერონ ავღანეთის შეთანხმებას – საკითხი, რის სანაცვლოდაც რუსეთი ნატოს მიმართავს თხოვნით, რომ ალიანსის ახალ წევრ სახელმწიფოებში შეამციროს სამხედრო ძალა, ანდა ხელი შეუშალოს ევროპაში შეერთებული შტატების ანტისარაკეტო სისტემის გეგმის განხორციელებას. ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ამ თემაზეც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ნატო ერთსულოვანია ისეთ სტრატეგიულ საკითხებში, როგორიც არის ნატოს პოლიტიკა მისი წევრების მიმართ თუ რუსეთ-ნატოს ურთიერთობა.

„შეუძლებელია, რომ მან ვინმეს თხოვნით ალიანსის შიგნით დაპირისპირებული ბანაკები გააჩინოს“, – განაცხადა ფილიპ გორდონმა.

ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ შეაფასა ასევე უკრაინის დაახლოების მცდელობა რუსეთთან, 31 ოქტომბერს გამართული თვითმმართველობის არჩევნები უკრაინაში და განაცხადა, რომ არჩევნები არ შეესაბამებოდა „სამართლიანობისა და ღიაობის“ სტანდარტებს.

„ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ არჩევნები სამართლიანობის და ღიაობის იმ სტანდარტებს პასუხობდა, რაც, მაგალითად, ამ წლის დასაწყისში უკრაინაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამოჩნდა. ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი ესაუბრა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობაზეც. მე ვფიქრობ, რომ მსოფლიო – ევროპის კავშირი და შეერთებული შტატები დიდი ყურადღებით ადევნებდნენ თვალს ადგილობრივ არჩევნებს და როგორც მე აღვნიშნე, არ მიგვაჩნია, რომ ის შესაბამის სტანდარტებს პასუხობდა.ზოგადად რომ ვთქვა, უკრაინის მთავრობა ამბობს, რომ სურს დემოკრატიის განვითარება და ჩვენ გვსურს, რომ მასთან ვიმუშაოთ ამ მიზნის მისაღწევად. ისინი ამბობენ, რომ სურთ რუსეთსა და დასავლეთს შორის დაბალანსებული პოლიტიკა აწარმოონ. ჩვენ ვამბობთ, არ ვფიქრობთ, რომ ეს უნდა იყოს ნულოვან-ჯამური თამაშისა და არჩევანის თემა – როდესაც ერთსა და იმავე დროს შეგიძლია გქონდეს კარგი ურთიერთობა რუსეთთან და კარგი ურთიერთობა შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან“.

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ფილიპ გორდონი შეეხო ასევე აზერბაიჯანში ბლოგერების დაპატიმრებას, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყნის ტერიტორიაზე რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის რადიოსადგურებისათვის FM დიაპაზონზე მაუწყებლობის უფლების აკრძალვას.

„ჩვენ ამ საკითხებზე გამუდმებით ვსაუბრობთ და არ არის ისე, რომ პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი ახსენებდნენ მათ და მერე ივიწყებდნენ. ასევე, ჩვენი საელჩოს დონეზე და ჩვენი ხელისუფლების ყველა დონეზე, მათ შორის ჩემი, როგორც სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოგზაურობის დროს, – ჩვენ ყურადღებით ვეკიდებით ამ საქმეებს და მკაფიოდ ვამბობთ, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ უნდა მოაგვაროს ისინი და რომ, ბლოგერები, ჩვენი თვალსაზრისით, უნდა განთავისუფლდნენ. ასე იყო პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და ილხამ ალიევის შეხვედრის დროს ნიუ-იორკში. ვფიქრობთ, აზერბაიჯანის ხელისუფლებამაც იცის, რომ მსოფლიო ყურადღებით ეკიდება და მათ რეაგირება უნდა მოახდინონ ამ პრობლემებზე.
XS
SM
MD
LG