Accessibility links

logo-print
ინფორმაცია მე-4 ბრიგადის 42-ე ბატალიონის ჯარისკაცების ცემის ფაქტთან დაკავშირებით უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ 5 ნოემბერს მოკლე ტექსტური შეტყობინებების (sms) სახით უცნობი პირებისგან მიიღო. ტექსტებში მითითებულია ჯარისკაცების გვარები, მომხდარის სავარაუდო მიზეზები და გარემოებები. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს ინციდენტის არსებობას, თუმცა უარყოფს ჯარისკაცების ცემის ფაქტს ხელმძღვანელი პირების მიერ. დაახლოებით იმავე შინაარსის ამბავი გამოიტანა სამხედრო ნაწილიდან სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა.

ნანა კაკაბაძემ მოკლე ტექსტური შეტყობინებები 5 ნოემბერს, დაახლოებით, დილის 8 საათზე მიიღო. უცნობი ჯარისკაცები უფლებადამცველს ატყობინებდნენ, რომ ვაზიანში მე-4 ბრიგადის 42-ე ბატალიონის ხელმძღვანელობა ჯარისკაცებს ფიზიკურად უმოწყალოდ უსწორდებოდა:

„ინციდენტი დაიწყო იმით, რომ ცხინვალში ნაომარი გორელი ბიჭი, რომელიც შვებულებაში იყო, დაბრუნდა შვებულებიდან და ვერ იპოვა თავისი იარაღი... თითქოსდა, აი, ამას უკავშირდება ცემა, რომელიც ხელმძღვანელობამ ჯარისკაცების მიმართ განახორციელა. ჯარისკაცებს სცემდნენ „დუბინკებით“, ფეხებით... ყველაზე მძიმედ იყო ნაცემი ადამიანი, რომელიც იყო შვებულებაში – კაპრალი ჩოჩელი. დასახელებისგან თავს შევიკავებ, თორემ არის ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ჯარისკაცი გაუპატიურებულია... ასევე მესიჯით მივიღე ინფორმაცია, რომ ეს 15-20 ჯარისკაცი, ვინც ყველაზე მძიმედ იყო, გადაიყვანეს შტაბში, ანუ გადამალეს“...

უფლებადამცველ ნანა კაკაბაძის ხელთარსებული ინფორმაციით, კაპრალ ჩოჩელის გარდა, ნაცემ ჯარისკაცებს შორის არიან ასევე ვინმე კიკნაძე და ნადირაძე. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ პირველი კომენტარი, დაახლოებით, საღამოს 4 საათზე გააკეთა. საყურადღებოა, რომ მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული რამდენიმე დეტალი ზუსტად ემთხვევა ნანა კაკაბაძისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, თუმცა, როგორც პრესსამსახურის ხელმძღვანელი სალომე მახარაძე აღნიშნავს რადიო „თავისუფლებასთან“ საუბრისას, ინციდენტი ხელმძღვანელ პირების სადამსჯელო ოპერაციას არ უკავშირდება და რომ ერთმანეთს ჯარისკაცები დაუპირისპირდნენ.

„ეს არის მე-4 ბრიგადის 42-ე ბატალიონი... მიმდინარეობდა ჩვეულებრივი აღრიცხვიანობა იარაღის. სერჟანტი ატარებდა იარაღის აღრიცხვიანობას და აღმოაჩინა, რომ იყო ერთი ავტომატური იარაღის დანაკლისი. როდესაც ეს მოიკითხა და გაცხადდა იქ, ამას მოჰყვა შეხლა-შემოხლა და შელაპარაკება კაპრალებს შორის. როგორც კი ხმაური იყო, ჩაერივნენ შესაბამისი ადამიანები სამხედრო პოლიციიდან და ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია“...

თავდაცვის სამინისტრო არ ასახელებს კონკრეტულ გვარებს და ინციდენტში ჩართულ პირთა რაოდენობას.

მობილური ტელეფონით მიღებული ცნობების გადამოწმება დღის განმავლობაში პირდაპირი გზებით ვერც ნანა კაკაბაძემ და ვერც სხვა უფლებადამცველებმა მოახერხეს. ამიტომ არასამთავრობო ორგანიზაციები, შეიძლება ითქვას, სულმოუთქმელად ელოდებოდნენ, თუ რა ამბავს გამოიტანდა სამხედრო ნაწილიდან სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში. უფლებადამცველების ცნობით, 5 ნოემბერს ბრიტანეთის პრინც ედუარდთან შეხვედრისას მათ ეს საკითხიც დააყენეს. ამ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომლებმაც დიდი ინტერესი გამოხატეს და გამოთქვეს იმედი, რომ გავრცელებულ ცნობებს რაც შეიძლება სწრაფად გადაამოწმებდა სახალხო დამცველის აპარატი.

ხსენებული შეხვედრა თბილისის დროით პირველ საათზე შედგა. სახალხო დამცველი კი, თავის თანამშრომლებთან ერთად, ინციდენტში მონაწილე ჯარისკაცებს, დაახლოებით, 5 საათზე შეხვდა. პირველი კომენტარი საღამოს 7 საათზე გაკეთდა. შეიძლება ითქვას, რომ ამ კომენტარში პრაქტიკულად დასტურდება თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია. სახალხო დამცველი ამბობს, რომ ინციდენტი ჯარისკაცებს შორის მოხდა, რის შედეგადაც 3 მათგანი მსუბუქად დაშავდა:

„... ერთ-ერთს აღენიშნებოდა თვითდაზიანება – მან განაცხადა, რომ თავისით გადაისერა ხელი. ჯარისკაცებს ჩვენ ასევე ვესაუბრეთ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. როგორც ისინი ამბობენ, ინციდენტი უკავშირდება სამხედრო ნაწილიდან ცეცხლსასროლი იარაღის დაკარგვას, საუბარია ერთ ერთეულზე. გარდა ამისა, როგორც ამბობენ, მათ მოუვიდათ შიგნით, სამხედრო ნაწილში, კონფლიქტი, რის შედეგადაც რამდენიმე პირს მიადგა დაზიანებები. მე ვერ დავადასტურებ, რომ რომელიმე დაზიანება არის სერიოზული ხასიათის“...

სახალხო დამცველის თქმით, ის პირადად შეხვდა ყველა იმ ჯარისკაცს, რომელთა გვარებიც მოხსენიებული იყო ნანა კაკაბაძისთვის გაგზავნილ ანონიმურ შეტყობინებებში – ისინი თავისუფლად გადაადგილდებოდნენ და სამხედრო ნაწილში სხვა ჯარისკაცებთან ერთად იმყოფებოდნენ. მათი გარეგნული დათვალიერების შედეგად, ომბუდსმენს დამატებითი საამედიცინო ჩარევის აუცილებლობა არ დაუნახავს.

გიორგი ტუღუში ამბობს იმასაც, რომ ჯარისკაცები საუბრის ენთუზიაზმით არ გამოირჩეოდნენ და მათგან ინფორმაციის მიღების პროცესი იოლი არ იყო. ირკვევა, რომ სახალხო დამცველს საუბრისას მათთვის ბევრი შეკითხვის დასმა მოუწია, რასაც ის სამხედრო პირების ტრადიციული სიტყვაძუნწობით ხსნის.

5 ნოემბერს გახმაურებულ ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, რომელსაც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG