Accessibility links

საქართველოს შსს-მ ჯაშუშობაში ეჭვიმტანილი 13 პირი დააკავა


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს ოფიციალურად დაადასტურა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან, ე. წ. გრუ-სთან, ფარულ კავშირში ეჭვმიტანილი 13 პიროვნების დაკავების ფაქტი. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა გრუ-ში „ჩანერგა“ საბჭოთა არმიის ყოფილი ოფიცერი, რომელმაც რუსული სამხედრო დაზვერვის თანამშრომლების ნდობა მოიპოვა და მათ სტრუქტურაში მეკავშირედ დაიწყო მუშაობა.

ინფორმაცია საქართველოში რუსეთის ჯაშუშური ქსელის განეიტრალების შესახებ ჯერ კიდევ გასულ კვირაში გავრცელდა. მაშინვე გახდა ცნობილი რამდენიმე ეჭვმიტანილის ვინაობაც, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ იჩქარა და უკვე გახსნილი საქმის დეტალები 5 ნოემბრამდე არ გაამხილა, 5 ნოემბერი კი რუსი მზვერავების პროფესიული დღესასწაულია.

„გატარებული ღონისძიებების შედეგად გამოვლენილ იქნა ათეულობით პირი, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ რუსეთის სპეცსამსახურებთან. მათგან 13 პიროვნება დაკავებულია შემდეგი მუხლებით: ესაა ჯაშუშობა და უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურში შესვლა. დაკავებულთაგან ოთხი რუსეთის მოქალაქეა“. შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ოთარ ორჯონიკიძის თქმით, თავდაპირველად ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი იყო 15 პიროვნება, თუმცა ორ მათგანს ოპერაციის მსვლელობისას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ბრიფინგის დასრულების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე დაკავებულის, მათ შორის რუსეთის მოქალაქის, ბიზნესმენ პეტრე დევრიშაძის აღიარებითი ჩვენება გაავრცელა:

„მითხრეს, თუ ჩვენთან არ ითანამშრომლებ, შეიძლება ამ ოთახიდანაც ვერ გახვიდეო. მომცეს ფურცელი და კარნახით დამაწერინეს, რომ თანახმა ვარ, ვითანამშრომლო და შევასრულო ყველა მათი დავალება, ფესოვდონიმად ავირჩიე ალექსეევი“.

სულ ჯამში, პეტრე დევრიშაძესთან ერთად, დაკავებულია რუსეთის ოთხი მოქალაქე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ვიდეომასალის ერთ-ერთ კადრში კარგად ჩანს ჩხრეკის დროს ბიზნესმენის საფულედან ამოღებული სავიზიტო ბარათი, რომელზეც ასლან აბაშიძის მმართველობის დროს ბათუმში რუსული სამხედრო ბაზის მეთაურის, გენერალ ვიაჩესლავ ბორისოვის სახელი და გვარი იკითხება. რადიო „თავისუფლების“ რუსულენოვანი პროგრამა „ეხო კავკაზას“ რედაქცია ტელეფონით დაუკავშირდა რუსს გენერალს და პეტრე დევრიშაძესთან ურთიერთობის შესახებ ჰკითხა.

ვიაჩესლავ ბორისოვი: „არ უარვყოფ, კარგად ვიცნობ. ცხოვრობდა ერთ სახლში ასლან აბაშიძესთან. სოლიდური ადამიანია. მასთან მილაპარაკია და ლუდიც დამილევია, მაგრამ მერე რა! რა მონაცემები უნდა გადმოეცა მას ჩემთვის, როცა იქ ვმსახურობდი მასზე კარგად ვიცოდი, თუ რა ხდებოდა საქართველოში“.

დაკავებულთა შორის არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ძირითადად, სამხედრო მფრინავები, რომლებსაც ბრალი ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულში, ანუ ჯაშუშობაში, რაც საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ავიაციის ეკიპაჟებისა და საფრენი საშუალებების ფრენების განრიგებისა და საბრძოლო-ოპერატიული მომზადების დონის შესახებ საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში გამოიხატება. უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტის, ირაკლი სესიაშვილის თქმით, ორმაგად შემაშფოთებელია ის, რომ დაკავებულთა შორის სამხედრო მფრინვებიც არიან.

„ორმაგი დარტყმაა ჩვენი ჯარისთვის. ილახება საქართველოს შეიარაღებული ძალების ავტორიტეტი, რადგანაც ჩვენი სამხედროები არიან ეჭვმიტანილი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში. და კიდევ: ჩვენ ვკარგავთ პროფესიონალ კადრებს, რომელთა მომზადებაზე უამრავი დრო და ფული დაიხარჯა. ერთი მფრინავის მომზადება 1 მილიონი ლარი ჯდება“, – უთხრა ირაკლი სესიაშვილმა რადიო „თავისუფლებას“.

ის ფაქტი, რომ საქართველოში რუსეთის სამხედრო დაზვერვა მუშაობს, მოულოდნელი არ ყოფილა ფილოსოფოს კახა კაციტაძისათვის. მისი თქმით, პოლიტიკური ინტერესები განსაზღვრავს სადაზვერვო ინტერესებს.

„შესაბამისად, ეს გარემოება და ჯაშუშობაში ეჭვმიტანილთა პროფესიები გვაფიქრებინებს, რომ რუსეთის ინტერესები ეხება სამხედრო სფეროს, საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოხდენას და კიდევ ბევრს სხვა რამეს“, –მიაჩნია კახა კაციტაძეს.

კახა კაციტაძის აზრით, შემთხვევითი არაა, რომ ჯაშუშთა ქსელის მხილება რუსეთის საგარეო დაზვერვის პროფესიულ დღესასწაულს დაემთხვა. დეპუტატ დავით დარჩიაშვილსი თქმით, საქართველოს ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება დიდწილად საჯარო პოლიტიკის სპეციფიკამ განაპირობა:

„საჯარო პოლიტიკა იმიტომ არის მიღებული და მნიშვნელოვანი თანამედროვე სამყაროში, რომ შენს საზოგადოებას აუხსნა საფრთხეებისა და საპასუხო ქმედებების შესახებ. თუ ამას ვერ ეტყვი, შესაძლოა სრულიად არ ჰქონდეს გაცნობიერებული რა საფრთხეები აქვს ქვეყანას და მის თითოეულ მოქალაქეს და როგორ უნდა აღუდგეს მას სახელმწიფო“.

ჯაშუშობაში ეჭვმიტანილთა დაკავებას რამდენიმე საათში გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ გაცხადებაში აღნიშნულია ქრონიკულ ანტირუსულ ჯაშუშომანიაზე, რომლითაც სააკაშვილის რეჟიმია დაკავებული. განცხადების მიხედვით, პროვოკაციისთვის მომენტი – ლისაბონის ნატოსა და ასტანის ეუთოს სამიტების წინაპერიოდი – შეგნებულად შეირჩა,

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG