Accessibility links

logo-print

საქართველომ ბიზნესის წარმოების რეიტინგში კიდევ ერთხელ წინ წაიწია


მსოფლიო ბანკმა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან ერთად, ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებული ყოველწლიური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა სახელწოდებით „Doing Business 2011“. კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველომ კიდევ ერთხელ წინ წაიწია და მეცამეტე ადგილიდან მეთორმეტეზე გადაინაცვლა. მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბოლო წლებში საქართველომ საგრძნობ წარმატებას მიაღწია.

მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ბოლო 5 წელიწადში ყველაზე წარმატებული ქვეყნების სია და საქართველო არის ლიდერი ...
მსოფლიო ბანკის ჯგუფში შემავალმა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ, ტრადიციისამებრ, 183 ქვეყნის ბიზნესის რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხები შეისწავლა და ამ კვირაში კვლევის შედეგები - „Doing Business 2011“ გამოაქვეყნა.

მსოფლიო ბანკის რეიტინგის მიხედვით, 2011 წელს ბიზნესის წარმოებისთვის საუკეთესო ქვეყნად კვლავაც რჩება სინგაპური, შემდეგ მოდის ჰონგკონგი, ახალი ზელანდია, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები.

ცნობილია, რომ გასული წლის რეიტინგის მიხედვით, საქართველომ მეთერთმეტე ადგილი დაიკავა, მაგრამ კვლევის მეთოდოლოგიის ცვლილების შემდეგ 2010 წლის რეიტინგში საქართველოს მეცამეტე ადგილი ერგო. თუ ადრე ქვეყანაში შექმნილი გარემო ათი კრიტერიუმით ფასდებოდა, ახალი მეთოდოლოგია ცხრა კრიტერიუმს ეყრდნობა. ამ ახალი მეთოდოლოგიით მომზადებულ „Doing Business 2011“-ში საქართველომ თავისი მაჩვენებელი გააუმჯობესა და უკან ჩამოიტოვა ფინეთი, კორეა, იაპონია, ესტონეთი, გერმანია და სხვ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსის, ნიკო მჭედლიშვილის ინფორმაციით:

ნიკო მჭედლიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსი
„9 კრიტერიუმის მიხედვით ჩვენ ავიწიეთ მეცამეტედან მეთორმეტე ადგილზე, ანუ ეს არის წინ წაწევა. გარდა ამისა, „Doing Business 2011“-მა ასევე გამოაქვეყნა ბოლო 5 წელიწადში ყველაზე წარმატებული ქვეყნების სია და საქართველო არის ლიდერი“.

საქართველოს თვალსაჩინო წარმატებას აღნიშნავს მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი და „Doing Business 2011“-ის ერთ-ერთი ავტორი ნილ გრეგორი. მისი განცხადებით, საქართველო უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე განუხრელად აგრძელებს ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებულ რეფორმებს:

„ჩვენ ვუყურებთ მდგრად განვითარებას ხუთწლიანი პერიოდის განმავლობაში და ვხედავთ, რომ ყველაზე დიდი პროგრესი საქართველომ განიცადა, რისი მიზეზიც ყოველწლიურად განხორციელებული ცვლილებებია. ამ ქვეყანას გამოვყოფდი იმიტომაც, რომ გასულ წელს იყო პირველ ადგილზე გაუმჯობესების მიხედვით, წელს კი მეორე ადგილზეა მსოფლიოში“.

მსოფლიო ბანკის ეს ანგარიში არის კიდევ ერთი გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური რეფორმები სწორი მიმართულებით ვითარდება ...
საქართველომ ამ თვალსაჩინო წარმატებას ბიზნესის თავისუფლად და მარტივად წარმოებისთვის აუცილებელ რამდენიმე სფეროში განხორციელებული ცვლილებებით მიაღწია. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა ქონების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივება. ამ კატეგორიაში საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა. სამშენებლო ნებართვის გაცემის მხრივ საქართველო მეშვიდე პოზიციაზეა, ხოლო ბიზნესის დაწყების სიმარტივის თვალსაზრისით კი მერვეა მსოფლიოში.

„Doing Business 2011“-ის ცხრა კატეგორიიდან ყველაზე დაბალი შეფასება საქართველომ „ბიზნესის დახურვის“ კატეგორიაში მიიღო და მან 183 ქვეყანას შორის 105-ე ადგილი დაიკავა. საქართველოს ხელისუფლება ირწმუნება, რომ რეფორმას ამ სფეროშიც ახორციელებს. ოპოზიციურად განწყობილი ეკონომისტები მთავრობას უფრო სხვა მიზეზების გამო აკრიტიკებენ. ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი ყურადღებას ამახვილებს მეწარმეებზე ადმინისტრაციული ზეწოლის ფაქტებზე და კომპანია „ყაზბეგის“ ამბავს იხსენებს:

გია ხუხაშვილი, ეკონომიკის ექსპერტი
„ყველაზე გახმაურებული გახლავთ „ყაზბეგის“ თემა. მაშინ, როდესაც, ფაქტობრივად, სხვადასხვა სადავო საკითხების გამო, შეჩერდა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წარმოება, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას მეწარმესთან ერთად მოეძებნა იმის საშუალებები, რომ წარმოებას გაეგრძელებინა საქმიანობა, მით უფრო, რომ საკმაოდ საკამათო დარიცხულ გადასახადებზე იყო საუბარი, – ნაცვლად ამისა, ფაქტობრივად, თვეების განმავლობაში შეჩერდა, რის შემდეგაც კომპანია, რომელიც ადგილობრივი წარმოების ერთ-ერთი პიონერია, პრაქტიკულად, კატასტროფის წინაშე იქნა დაყენებული“.

ასეთი პრობლემების არსებობას არ უარყოფენ ის ექსპერტებიც, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოში ბიზნესის თავისუფლად წარმოებისთვის საჭირო რეფორმების განხორციელებას. მათი აზრით, ბიზნესზე ადმინისტრაციული ზეწოლის თუ შევიწროების სხვა ფაქტების შემცირება, საკუთრების უფლების ხელშეუხებლობის კონსტიტუციური მუხლით გამყარების შემთხვევაში, მოხერხდება.

მიუხედავად საკუთრების უფლებასთან თუ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემებისა, ბიზნესმენთა დიდი ნაწილი, მათ შორის, საქართველოს „ბიზნეს ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ისაკაძე ფიქრობს, რომ მსოფლიო ბანკის რეიტინგებში მუდმივი წინსვლა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდას გამოიწვევს:

„მსოფლიო ბანკის ეს ანგარიში არის კიდევ ერთი გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური რეფორმები სწორი მიმართულებით ვითარდება, რაც საქართველოს განასხვავებს სხვა ქვეყნებისგან და უფრო მიმზიდველს ხდის პოტენციური ინვესტიციებისთვის“.

უცხოური ინვესტიციების ზრდის, რომელიც ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი წყაროა, იმედი აქვს საქართველოს მთავრობასაც. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსი ნიკო მჭედლიშვილი აღნიშნავს, რომ მსოფლიო ბანკის რეიტინგი „Doing Business 2011“ მნიშვნელოვანი პოტენციური ინვესტორებისთვის ინდიკატორია.
XS
SM
MD
LG