Accessibility links

logo-print
კვირის ყველაზე გახმაურებული მოვლენა 5 ნოემბრით თარიღდება, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის სასარგებლოდ მოქმედი კიდევ ერთი ჯაშუშური ქსლის გამოვლენის შესახებ.

5 ნოემბერს, როდესაც რუსი მზვერავები პროფესიულ დღესასწაულს აღნიშნავენ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან, ე. წ. გრუ-სთან, ფარულ კავშირში ეჭვმიტანილი პირების დაკავების ფაქტი. საზოგადოების ინფორმირება შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ოთარ ორჯონიკიძემ ითავა:

„გატარებული ღონისძიებების შედეგად გამოვლენილ იქნა ათეულობით პირი, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ რუსეთის სპეცსამსახურებთან. მათგან 13 პიროვნება დაკავებულია შემდეგი მუხლებით: ესაა ჯაშუშობა და უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურში შესვლა. დაკავებულთაგან ოთხი რუსეთის მოქალაქეა“.

რუსეთის ოთხ მოქალაქეს შორის არის ბიზნესმენი პეტრე დევრიშაძე, რომელსაც ეკუთვნის პარასკევს გავრცელებული ორი აღიარებითი ჩვენებიდან ერთ-ერთი:

„მითხრეს, თუ ჩვენთან არ ითანამშრომლებ, შეიძლება ამ ოთახიდანაც ვერ გახვიდეო. მომცეს ფურცელი და კარნახით დამაწერინეს, რომ თანახმა ვარ, ვითანამშრომლო და შევასრულო ყველა მათი დავალება, ფსევდონიმად ავირჩიე ალექსეევი“.

დაკავებულთა შორის არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც, ძირითადად, სამხედრო მფრინავები. ირკვევა, რომ მათგან რუსეთს აინტერესებდა საიდუმლო ინფორმაცია, მაგალითად, საქართველოს სამხედრო ავიაციის ეკიპაჟებისა და საფრენი საშუალებების ფრენის განრიგისა და საბრძოლო-ოპერატიული მომზადების დონის თაობაზე ინფორმაცია.

ჯაშუშების დაკავების ფაქტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მკაცრად ასაიდუმლოებდა 5 ნოემბრამდე, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულმა დეტალებმა მედიაში 29 ოქტომბრიდან დაიწყო გაჟონვა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში პარასკევს ნაჩვენებმა დოკუმენტურმა ფილმმა კი ცხადყო, რომ ჯაშუშური საქმის მასალები ექსკლუზიურად „რუსთავი 2“-ისთვის გამხდარა ხელმისაწვდომი. დოკუმენტური ფილმის ავტორებისთვის იმის საშუალებაც კი მიუციათ, რომ 15 ოქტომბერს ეჭვმიტანილთა დაკავების კადრები გადაეღოთ ბათუმში.

ჯაშუშობაში ეჭვმიტანილთა დაკავების ფაქტის გახმაურებას 5 ნოემბერს, რამდენიმე საათში, გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ გაცხადებაში ნახსენებია ქრონიკული ანტირუსული ჯაშუშომანია, რომლითაც სააკაშვილის რეჟიმია დაკავებული. განცხადების მიხედვით, ამგვარი „პროვოკაციისთვის” შეგნებულად შეირჩა მომენტი: ასტანაში დაგეგმილი ეუთოს და ლისაბონში - ნატოს სამიტების წინ.

მათ შორის, ვინც ჯაშუშებისა და ნატოს სამიტის თემებს ერთმანეთს ვერ უკავშირებს, მოსკოველი პუბლიცისტი ლეონიდ რაძიხოვსკიც გახლავთ. ასეთ ვერსიას მან „სუსტი“ უწოდა პარასკევს, რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ ეთერში სტუმრობისას. პუბლიცისტს მიაჩნია, რომ, ჯერ ერთი, მოსკოვს ჯაშუშების გამო ვერავინ გაკიცხავს და მეორეც, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს სულაც არ აწყობს „ჩააგდოს მკვდარი კატა ნატოსა და რუსეთის კომპოტში“, რადგანაც, რაც უფრო გაუმჯობესდება ალიანსისა და რუსეთის ურთიერთობა, შედეგი მით უკეთესი იქნება საქართველოსთვისაც.

ნატოს, რუსეთისა და საქართველოს თემას თუ გავაგრძელებთ, უნდა აღინიშნოს, რომ, ლისაბონის სამიტისთვის უკეთ მომზადების მიზნით, 3 ნოემბერს მოსკოვს ალიანსის გენერალური მდივანი ეწვია. მართალია, საქართველოს გამო, ნატო რუსეთთან თანამშრომლობის ახალი პერსპექტივების გვერდზე გადაწევას არ აპირებს, მაგრამ როგორც ანდერს ფოგ რასმუსენმა 3 ნოემბერს არაერთხელ აღნიშნა, გვერდზე არც საქართველოს ინტერესები გადაიდება. მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ლისაბონში ნატო კვლავ დაადასტურებს ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ერთ დღეს აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. საქართველოს ინტერესებზე მან რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ ეთერშიც ისაუბრა:

„ნება მომეცით, ხაზგასმით ვთქვა, რომ საქართველოსთან მიმართებით ჩვენი პოზიცია უცვლელია. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მივდევთ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის არაღიარების პოლიტიკას...”

სწორედ არაღიარების პოლიტიკის გაგრძელების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას 5 ნოემბერს რადიო „თავისუფლებისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ფილიპ გორდონი, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე. მისი განცხადებით, არაღიარების საკითხი „საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში დგას“ და გრძელდება საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე, რათა მან დატოვოს ოკუპირებული ტერიტორიები:

„დიახ, ამ საკითხის გადასაწყვეტად არსებობს ძლიერი საერთაშორისო ზეწოლა. რუსეთის რეპუტაცია მთელ მსოფლიოში, რუსეთის ურთიერთობა მსოფლიოს ბევრ ქვეყანასთან ვერ იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს და როგორიც რუსეთს სურს, - იმ დრომდე, ვიდრე მსოფლიოში ბევრი ფიქრობს, რომ მას [რუსეთს] ოკუპირებული აქვს სუვერენული ქვეყანა. როდესაც რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, ის ფიქრობდა, რომ მსოფლიოს ბევრი ქვეყანა დაუჭერდა მხარს ამ აღიარებას, მაგრამ ისინი ასე არ მოიქცნენ და ეს სულ იქნება მრავალი სახელმწიფოს, ევროპის ქვეყნებისა და განსაკუთრებით შეერთებული შტატებისათვის პრობლემატური საკითხი“.

რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ფილიპ გორდონი აღნიშნავს იმასაც, რომ შეერთებული შტატები აქტიურად ცდილობს საქართველოში დააბრუნოს ეუთო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები.

იმის გამო, რომ ოფიციალური კომენტარები არ კეთდება, ჯერჯერობით, ისევ მხოლოდ ვარაუდები უკავშირდება კითხვას – რამდენად მოსწონს ან არ მოსწონს დასავლეთს და, კერძოდ, საქართველოს უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორს – შეერთებულ შტატებს საქართველოსა და ირანის დაახლოების „ახალი ეტაპი“ მაშინ, როცა შეერთებული შტატები, დასავლეთის სხვა ლიდერ სახელმწიფოებთან ერთად, მუდმივად და მკაცრად უპირისპირდება ირანის ბირთვულ ამბიციებს, ხოლო თეირანი ვაშინგტონს დაუძინებელ მტრად მიიჩნევს?

ეს შეკითხვა უკვე მერამდენედ დაისვა ამ კვირაშიც – ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მანუჩერ მოთაქის საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფონზე.

3 ნოემბერს თბილისში გაფორმდა შეთანხმება ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ვიზების გაუქმების თაობაზე, ხოლო 4 ნოემბერს ბათუმში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ირანის გენერალური საკონსულო. ირანისა და საქართველოს დაახლოების მთავარ მოტივაციას თეირანი და თბილისი ეკონომიკურ ჭრილში განიხილავენ. თუმცა 3 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მანუჩერ მოთაქიმ მთელ კავკასიასთან დაკავშირებულ ინტერესებსაც გაუსვა ხაზი:

„ტერიტორიული მთლიანობის ურღვევობა ეს არის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რეგიონში არსებული პრობლემატიკა მშვიდობიანი გზებით გადაიჭრება. ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას მიაჩნია, რომ უსაფრთხოება, ენერგეტიკა და ტრანზიტი – არის ის, რაზეც უნდა იყოს აგებული რეგიონული თანამშრომლობა. ირანი გამოხატავს მზადყოფნას რეგიონში არსებული პრობლემატიკის გადასაწყვეტად“.

რისკებსა და ურთიერთობის პოლიტიკურ შეფასებებზე თითქმის არაფერი თქმულა საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ პრესკონფერენციაზე. სამომავლო ურთიერთობები მათ კომენტარებში დასავლეთის თვალით არ ფასდება. გრიგოლ ვაშაძე აღნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ორი ქვეყანა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას ცდილობს და ეს სასარგებლოა როგორც ირანისა და საქართველოსთვის, ასევე რეგიონისთვის და საერთოდ, პოლიტიკური კლიმატისათვის.

აქვე ვთქვათ, რომ ირანისა და საქართველოს დაახლოების გზაზე კიდევ ერთი ნაბიჯი 2 ნოემბერს გადაიდგა, როდესაც, 10-წლიანი პაუზის შემდეგ, ორი ქვეყნის დედაქალაქს შორის პირველი პირდაპირი ავიარეისი განხორციელდა. გადაწყდა ისიც, რომ ამიერიდან ავიარეისები ორივე მიმართულებით კვირაში ორჯერ შესრულდება.

და კვირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, ამჯერად – ქვეყნის საშინაო პოლიტიკური ცხოვრებიდან. საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციური სპექტრის მნიშვნელოვანმა ნაწილმა გამოხატეს მზადყოფნა, დაიწყონ მოლაპარაკებები და ერთობლივი მოქმედება საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად.

„კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების დაწყების თაობაზე და ვთავაზობთ პარლამენტის თავმჯდომარეს, უმოკლეს დროში შევიმუშაოთ კონკრეტული წინადადებები აღნიშნული მოლაპარაკების ფორმატის შესახებ“, – ნათქვამია პირველ ნოემბერს გავრცელებულ მიმართვაში, რომელსაც რვა პოლიტიკური პარტია აწერს ხელს, ესენი არიან: „ახალი მემარჯვენეები“, „ეროვნული ფორუმი“, „საქართველოს გზა“, „კონსერვატიული პარტია“, „რესპუბლიკური პარტია“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ და „ხალხის პარტია“.

პირველ ნოემბერს გავრცელებული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზების საპასუხო იყო. 28 ოქტომბერს დავით ბაქრაძემ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებით დაინტერესებული ყველა პოლიტიკური ძალა თავისთან, პარლამეტში მიიწვია.

ერთი სიტყვით, ხელისუფლებასა და ოპოზიციის მნიშვნელოვან ნაწილს შორის მოლაპარაკებების დაწყებაზე პრინციპული თანხმობა უკვე არსებობს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად როდის დაიწყება ეს მოლაპარაკებები. გავრცელებული ინფორმაციით, პროცესის ორგანიზება საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდმა (IFES) ითავა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG