Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში გამოცხადდა საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები


აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული წინასწარი შედეგების მიხედვით, კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის 125 საარჩევნო ოლქიდან 70-ში ილჰამ ალიევის ”ახალი აზერბაიჯანის” კანდიდატები ლიდერობენ. პარლამენტის მანდატებს მოიპოვებს აგრეთვე სხვა 10 პარტიის 13 წარმომადგენელი, დანარჩენ ოლქებში უპარტიოები იმარჯვებენ. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, ვერც ერთი მანდატის მოპოვება ვერ შეძლო ოპოზიციურმა ბლოკმა ”სახალხო ფრონტი - ”მუსავათი”. ”სახალხო ფრონტის” ლიდერმა ალი ქერიმლიმ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ დარღვევებმა, რომელიც ჯერ კიდევ ხმის მიცემის ეტაპზე ხდებოდა, უფრო მასშტაბური სახე შეიძინა საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ. ქერიმლის თქმით, ხმების დათვლისას ოპოზიციის კვოტით მყოფი ბევრი მეთვალყურე გააძევეს შენობებიდან. ცესკოს თავმჯდომარე სერიოზული დარღვევების არსებობას უარყოფს. აზერბაიჯანში 7 ნოემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები ერთი თვის ვადაში გამოცხადდება.
XS
SM
MD
LG