Accessibility links

logo-print

ცნობილი გახდა ურანის კონტრაბანდის დეტალები


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს ხელისუფლებამ საჯარო გახადა იმ საიდუმლო ოპერაციის დეტალები, რომლის მეშვეობითაც მოხერხდა სომხეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოტანილი 18 გრამი გამდიდრებული ურანის ამოღება. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ლაპარაკია 2010 წლის მარტში სომხეთის ორი მოქალაქის – სუმბათ ტონოიანისა და ჰრანტ ოჰანიანის დაკავების ფაქტზე, რომლის შესახებაც საქართველოს პრეზიდენტმა მიმდინარე წლის აპრილში ვაშინგტონის ბირთვული უსაფრთხოების საერთაშორისო სამიტზე ისაუბრა.

2010 წლის მარტში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები ერთდროულად რამდენიმე უცხოურმა მედიასაშუალებამ გაავრცელა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის განცხადებით, ყველა შემთხვევაში, ინფორმაციის წყარო საქართველოს ხელისუფლებაა. გაზეთ „გარდიანისა“ და „ასოშეიტედ პრესის“ ცნობების მიხედვით, გამდიდრებული ურანი საქართველოში სომხეთის მოქალაქეებმა – სუმბათ ტონოიანმა და ჰრანტ ოჰანიანმა გაყიდვის მიზნით შემოიტანეს, თუმცა, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი აცხადებს, პოტენციური მყიდველი, რომელიც მათ დაუკავშირდა, რეალურად პოლიციის აგენტს წარმოადგენდა:

„ფიქრობდნენ, რომ ნახეს აქ მყიდველი, რომელიც იყო ისლამისტურ-ექსტრემისტული ორგანიზაციის წევრი, რომელიც სინამდვილეში ჩვენი პოლიციის თანამშრომელია და დაპატიმრება მოხდა ყიდვა-გაყიდვის პროცესში. ცნობილია, რომ გამდიდრების პროცენტი იყო 90, რაც ძალიან მაღალ მაჩვენებლად მიიჩნევა, ანუ ეს არის ატომური ბომბისთვის გამოსადეგი ურანი. რაც შეეხება იმას, თუ საიდან ჰქონდათ, არსებობს ეჭვი, რომ ამ ნევთიერების წყარო არის ნოვოსიბირსკი“, – განუცხადა შოთა უტიაშვილმა რადიო „თავისუფლებას“.

ტყვიის შეფუთვაში მოთავსებული ურანის პარტია თბილისი-ერევნის მატარებლის ორ ვაგონს შორის იყო დამალული. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, კონტრაბანდის საქმე ქართველმა პოლიციელებმა აგენტის საშუალებით გახსნეს. თავდაპირველად სუმბათ ტონოიანი 120 გრამ გამდიდრებულ ურანში 8 მილიონ დოლარს ითხოვდა, თუმცა მოგვიანებით 1.5 მილიონამდე ჩამოვიდა. რამდენად სახიფათოა 120 გრამი 80 პროცენტამდე გამდიდრებული ურანი და რისი გაკეთება შეიძლება მისგან? – ამ კითხვებით რადიო „თავისუფლებამ“ ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორს, ჯემალ მებონიას მიმართა:

„თვითონ ურანი, ბუნებრივი ურანი საშიში არაა. ჯიბეში რომ ჩაიდო, არაფერს გიზამს, მაგრამ როცა რეაქციაში წავა, მისი ნარჩენებია საშიში. 100 გრამი, თუ ეს რუანის იზოტოპია, სუფთა ურან 235, 100 გრამიდან შესაძლებელია მცირე ასაფეთქებელი მოწყობილობის გაკეთება, მაგრამ ამას ძალიან სრულყოფილი ტექნიკა და ცოდნა სჭირდება“.

თუმცა სპეციალისტები თანხმდებიან იმაზე, რომ მსოფლიო უსაფრთხოებისთვის დიდ რისკს წარმოადგენს რადიაქტიური მასალებით უკანონო ვაჭრობა, რასაც, თუ ვაშინგტონის ბირთვული უსაფრთხოების საერთაშორისო სამიტზე პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლას გავიხსენებთ, აქტიურად ებრძვის საქართველოს ხელისუფლებაც:

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო ათი წლის განმავლობაში აღკვეთა გამდიდრებული ურანით უკანონო ვაჭრობის რვა მცდელობა. მათ შორის, რამდენიმე შემთხვევაში საქმე გვაქვს იარაღის დასამზადებლად ვარგის გამდიდრებულ ურანთან. ამ მცდელობებთან დაკავშირებული დამნაშავეები დაკავებული არიან“.

უნდა ითქვას, რომ რვა შემთხვევიდან ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია მხოლოდ ერთი – რუსეთის მოქალაქე ოლეგ ხინცაგოვის საქმე. ხინცაგოვი პოლიციამ თბილისში, 2006 წლის პირველ თებერვალს დააკავა. თუმცა საქმე ერთი წლის შემდეგ, 2007 წელს გახმაურდა და ითქვა, რომ ხინცაგოვმა, რამდენიმე პირის დახმარებით, საქართველოს ტერიტორიაზე 100 გრამი ურანის შემოტანა მოახერხა. აღსანიშნავია ისიც, რომ რადიაქტიური ნივთიერებების არასანქცირებულ გადატანას საქართველოს ხელისუფლება სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე მაღალი ტექნოლოგიების დანერგვითაც ებრძვის. სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ რედაქტორის, ირაკლი ალადაშვილის თქმით, შესაბამისი მოწყობილობების მონტაჟი უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში მიმდინარეობს.

საყურადღებოა ის, რომ სულ რაღაც სამი თვის წინ საქართველოს ამერიკის ენერგეტიკის დეპარტამენტის ბირთვული უსაფრთხოების ხელმძღვანელი თომას დაგოსტინო სტუმრობდა. მაშინ საქართველომ, თავდაცვის მეორე ფაზის პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი აღჭურვილობა მიიღო და სასაზღვრო პუნქტებზე ბირთვული უსაფრთხოების დეტექტორები განათავსა. პროგრამის ფარგლებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 37 მლნ დოლარი გამოყო.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG