Accessibility links

საქართველოს დიპლომატიური აქტიურობა ე.წ. არაღიარების პოლიტიკისათვის


ლათინური ამერიკის ქვეყნების ელჩებთან შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში

ლათინური ამერიკის ქვეყნების ელჩებთან შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში

საქართველოს საგარეო უწყება ლათინური ამერიკის ქვეყნებთან ე.წ. არაღიარების პოლიტიკის ირგვლივ შეხვედრებს აგრძელებს. ქართველი ჩინოვნიკების ლათინოამერიკული ვიზიტების შემდეგ, თბილისს არგენტინის, პარაგვაის, სურინამის, ბრაზილიისა და ჰონდურასის გაეროში მუდმივი წარმომადგენლები ესტუმრნენ. მათთან შეხვედრიდან გამოსულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ლათინოამერიკის ქვეყნები (თუ არ ჩავთვლით ნიკარაგუასა და ვენესუელას), აგრძელებენ და კვლავაც გააგრძელებენ არაღიარების პოლიტიკას აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართ.

ლათინური ამერიკის ხუთი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში საქართველოს პირველად ესტუმრა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გრიგოლ ვაშაძემ მათთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განმარტა, რომ როგორც ცენტრალური და ლათინური ამერიკის, ასევე აფრიკისა და აზიის ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნება საქართველოსთვის ქვეყნის სტრატეგიული მიმართულების შემადგენელი ნაწილი და ე.წ. არაღიარების პოლიტიკის საფუძველია:

გრიგოლ ვაშაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
„ამ დელეგაციის ხელმძღვანელებს მუდმივად უწევთ მსჯელობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, დევნილების უფლებების დაცვა, რეგიონალური მდგომარეობა. საჭიროა, საქართველოს უკეთ გასაცნობად მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რადგან ძალიან ძნელია მიიღო რაღაც განხილვაში მონაწილეობა, როდესაც ქვეყანაზე აბსტრაქტული წარმოდგენა გაქვს. ამიტომ გვინდა მათ ვაჩვენოთ ის წარმატებები, რასაც საქართველომ ვარდების რევოლუციის შემდეგ მიაღწია რეფორმების პროცესში. აქვე ვიტყვი, რომ ლათინური ამერიკის ქვეყნები განაგრძობენ და მომავალშიც გააგრძელებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას“.

ნიკარაგუასა და ვენესუელას მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ ლათინური ამერიკის და აფრიკის ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობაზე საუბრობს „საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის" პრეზიდენტი ნიკა ჩიტაძე. მისი თქმით, აქტიური დიპლომატია მხოლოდ ხელს შეუწყობს არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებას:

„ეს არა მხოლოდ ლათინურ ამერიკას ეხება. საქართველომ უნდა იმუშაოს სხვა მიმართულებითაც, რადგან რუსეთი ყველანაირად ცდილობს, პირდაპირ მოისყიდოს მესამე სამყაროს ქვეყნების მთავრობები, როგორც ეს ნაურუს შემთხვევაში მოხდა და მათ აღიარონ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ რამდენიმე სახელმწიფომ რომც აღიაროს ეს ტერიტორიები, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ორი ისტორიული რეგიონი გადაიქცევა საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად, რადგან ამისათვის თუნდაც გაეროს წევრი უნდა იყო და აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი კი გაეროს წევრი ვერასოდეს გახდებიან“.

ლათინური ამერიკის ქვეყნების შემთხვევაში, ნიკა ჩიტაძის შეფასებით, მსგავსი შეხვედრები, რაც ნიშნავს მეტ ინფორმაციას საქართველოს შესახებ, შედეგს მოიტანს. მეტი რისკი არსებობს აფრიკის ღარიბი ქვეყნების კუთხით.

დიპლომატიური ურთიერთობების გააქტიურების საჭიროებას არც კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი უარყოფს, თუმცა დანანებით შენიშნავს, რომ რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებისა და სხვა ქვეყნების წაქეზების შემდეგ – გადაედგათ იგივე ნაბიჯი, საქართველო აიძულა დაეწყო სულ სხვა – წაგების პოლიტიკა.

„ზოგადად, ასეთი ურთიერთობები საჭიროა, მაგრამ ამ შემთხვევაში მგონია, რომ ვისაც უნდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება, ის მაინც გააკეთებს ამას. ჩვენი მთავარი უბედურება ის არის, რომ ჩვენ მუშაობის სულ სხვა რეჟიმში გადავედით, როცა მთავარი ტერიტორიული მთლიანობის დაცვა კი აღარ არის, არამედ ის, ვინ აღიარებს ან არაღიარებს ამ ტერიტორიებს”.

პაატა ზაქარეიშვილს აეჭვებს, რეალურად რამდენად მოახდენს გავლენას ასეთი დიპლომატიური შეხვედრები იმ სახელმწიფოებზე, რომლებიც, საქართველოს ტერიტორიების აღიარების სანაცვლოდ, რუსეთისგან დიდ ფულს ელოდება.
XS
SM
MD
LG