Accessibility links

მალაიზიაში სასამართლო გადაიდო – საქართველოში კი ელდარ დავითიანი დააპატიმრეს


მალაიზიაში ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებული ორი ქართველი ქალიდან ერთ-ერთის, კერძოდ დარეჯან კოხტაშვილის, საქმის პირველი სასამართლო მოსმენა დღეს გაიმართა. ამის შესახებ განცხადება ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ გააკეთა. მისივე ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ და დეტალების გარკვევის მიზნით პროცესი გადაიდო.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძის განცხადებით, მალაიზიაში ნარკოტიკების გადატანის ბრალდებით დაკავებულ ერთ-ერთ ქართველ ქალს უკვე ჰყავს ადვოკატი, რომელიც მას სასამართლო პროცესზე დაიცავს. ის ქართულ მხარეს ასევე შეჰპირდა, რომ მეორე დაკავებულისთვისაც მოიძიებს ადვოკატს. ნინო კალანდაძის ინფორმაციით, ქართული მხარე საქმეში საერთაშორისო ადვოკატის ჩართვასაც ცდილობდა, მაგრამ, მალაიზიური კანონმდებლობის თანახმად, სასამართლო პროცესზე მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მიერ აკრედიტებული და ლიცენზირებული ადვოკატი დაიშვება.

ჩვენ გვექნება ოფიციალური ჩვენება მონაწილე პირის, რომელიც დაადასტურებს ამ ქალბატონების არაცნობიერ ქმედებას მათი ბრალეულობის თაობაზე...
„ჩვენ გვქონდა მცდელობა, რომ საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაციებს დავკავშირებოდით, მაგრამ სწორედ იმ მიზეზით, რომ არ ხდება მათი დაშვება სასამართლო პროცესზე, შესაბამისად, ამას აზრი არ ჰქონდა და ამდენად ვცდილობთ, რომ მეორე ადვოკატიც ადგილზე ვიპოვოთ“.

ქართული მხარე შეეცდება საქართველოში ახლად აღმოჩენილი გარემოება გამოიყენოს მალაიზიაში დაკავებული ჩვენი მოქალაქეებისთვის სასიკვდილო განაჩენის შესამსუბუქებლად, კერძოდ კი, საქმე ეხება იმ ფაქტს, რომ პარასკევს ქართველ სამართალდამცავებს საკუთარი სურვილით ჩაბარდა ერთ-ერთი დაკავებული ქალის, ბაბუცა გორდაძის, მეუღლე ელდარ დავითიანი. ის თურქეთიდან ჩამოფრინდა. მისი დაკითხვა პოლიციის განყოფილებაში 10 საათზე მეტხანს გაგრძელდა. მედიისთვის ცნობილი არ არის დაკითხვის დეტალები. ის, თუ რა ინფორმაცია მიაწოდა დავითიანმა სამართალდამცავებს, ამის შესახებ კომენტარი შესაბამისი უწყებიდან არ გაკეთებულა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ კი დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ელდარ დავითიანის ჩვენებიდან სამართალდამცავებმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს.

„მან საკმაოდ დიდი და საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა ქართველ სამართალდამცავებს. აქედან ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ გვექნება ოფიციალური ჩვენება მონაწილე პირის, რომელიც დაადასტურებს ამ ქალბატონების არაცნობიერ ქმედებას მათი ბრალეულობის თაობაზე და, ამავდროულად, თუ ის გარემოებებიც გამოიკვეთება, რომ თითის ანაბეჭდები არ მოიპოვება ტვირთზე, შეიძლება ეს თეორიულად შემამსუბუქებელ გარემოებად იქნეს მიჩნეული“, – აღნიშნა ნინო კალანდაძემ.

რადიო თავისუფლებას მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში მხოლოდ ის დაუდასტურეს, რომ ელდარ დავითიანს ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების დამზადება-გადაზიდვა ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად. ამ ბრალდების საფუძველზე, პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს ელდარ დავითაინისთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართა.

საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ელდარ დავითიანს პატიმრობა შეუფარდა. საქმის წინასასამართლო მოსმენა 24 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას საქალაქო სასამართლოდან აცნობეს. ბრალდებულს პროცესზე სახაზინო ადვოკატი იცავდა, რომელიც ორი ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ მის განთავისუფლებას ითხოვდა.

რადიო თავისუფლება გასულ კვირაში ესაუბრა ადვოკატებს იმ შესაძლო გავლენის შესახებ, რაც ელდარ დავითანის დაპატიმრებამ და ჩვენებამ შეიძლება იქონიოს მალაიზიაში დაკავებული ქართველების საქმეზე.

სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებით – ექსტრადირება უნდა აიკრძალოს, თუ პიროვნებას გარდუვალად ემუქრება სასტიკი მოპყრობა ან სიცოცხლის მოსპობა...
ადვოკატი ზაქარია ქუცნაშვილი, რამდენიმე ვერსიას განიხილავდა:: „შეიძლება გაკეთდეს ასეთი რამ, ქართველმა სამართალდამცავებმა დააკავონ ეს პიროვნება ჩვენების საფუძველზე და აცნობონ მალაიზიელ სამართალდამცავებს, რომ ჩვენ რეალური დამნაშავე დაკავებული გვყავს და ის მოიხდის სასჯელს კანონის მთელი სიმკაცრით, სანაცვლოდ, დაპატიმრებულები გამოუშვით - მეუღლის დაკავებით მოხდეს მათი განთავისუფლების მოთხოვნის დასაბუთება“.

მეორე ვერსიის მიხედვით, შესაძლოა, მალაიზიურმა მხარემ მოითხოვოს რეალური დამნაშავის გადაცემა უდანაშაულო პირების სანაცვლოდ, მაგრამ, ამ შეთხვევაში, საქმეში საერთაშორისო სამართლის მოხმობაა შესაძლებელი, რითაც ქართველი სამართალდამცავები ელდარ დავითიანს მალაზიელი სამართალდამცავებისთვის გადაცემისგან დაიცავენ:

„ამ შემთხვევაში, საქართველოს მხარეს გაუჩნდება ვალდებულება, არ გადასცეს ეს მოქალაქე მალაზიურ მხარეს, რადგან მას გარდუვალად სიკვდილით დასჯა ემუქრება. სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებით – ექსტრადირება უნდა აიკრძალოს, თუ პიროვნებას გარდუვალად ემუქრება სასტიკი მოპყრობა ან სიცოცხლის მოსპობა. მათი კანონმდებლობით კი, პირდაპირ წერია, რომ ჩამოხრჩობა ემუქრება და აქედან გამომდინარე, ჩვენ ლეგიტიმური საფუძველი გვაქვს, რომც მოითხოვონ, არ გადავცეთ”, – განმარტავს ზაქარია ქუცნაშვილი.

საგულისხმოა, რომ ქართველ სამართალდამცავებს მალაიზიელ კოლეგებთან კომუნიკაციის საშუალება არ აქვთ, ამდენად ის ოპტიმიზმი, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო საქმის ახალი დეტალების გამოვლენის გამო ამჟღავნებს, მალაიზიური სასამართლოს მიერ შესაძლოა, ადეკვატურად სულაც არ იყოს აღქმული და ეს დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემაც განაცხადა.
XS
SM
MD
LG