Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალაიზიის სასამართლომ დარეჯან კოხტაშვილის საქმის განხილვა დაიწყო


მალაიზიის სასამართლომ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დარეჯან კოხტაშვილის საქმის განხილვა დაიწყო, თუმცა პირველ სხდომაზე რაიმე გადაწყვეტილება არ მიუღია, - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ. მისივე ცნობით, პროცესი ზოგიერთი დეტალის დაზუსტების შემდეგ, რამდენიმე დღეში უნდა განახლდეს. კალანდაძემ აღნიშნა, რომ კოხტაშვილს უკვე ჰყავს მალაიზიელი ადვოკატი, რომელიც თავის მხრივ, საქართველოს დაჰპირდა დახმარებას მეორე მოქალაქის, ბაბუცა გორდაძის დასაცავად ადვოკატის მოძიებაში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს 2 მოქალაქე ნარკოტრეფიკის ბრალდებით, მალაიზიაში ოქტომბრის ბოლოს დააკავეს. დღევანდელ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ იმედი გამოთქვა, რომ მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი დაკავებულის მეუღლე საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნდა და სამართალდამცავებს საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა, თბილისი შეძლებს მალაიზიაში გაგზავნოს ჩვენება, რომელიც კოხტაშვილის და გორდაძის გაუთვითცნობიერებელ მოქმედებას დაადასტურებს. კალანდაძის თქმით, თუ საბოლოოდ ისიც გაირკვევა, რომ ტვირთზე ქალების თითის ანაბეჭდები არ არსებობს, ეს შესაძლოა, კიდევ ერთ შემამსუბუქებელ გარემოებად იქცეს. ამასთან, ნინო კალანდაძემ განმარტა, რომ ქართული მხარე ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდების საფუძველზე საუბრობს, რადგან მალაიზიის სამართალდამცავებთან უშუალო კონტაქტი არ აქვს.
XS
SM
MD
LG