Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბირთვული მასალების კონტრაბანდის ბრალდებით დაკავებულებმა დანაშაული აღიარეს


საქართველოში ურანის კონტრაბანდის ბრალდებით, მარტში დაკავებული სომხეთის 2 მოქალაქის სასამართლო პროცესი დასასრულს უახლოვდება, - ამის შესახებ დღეს რადიო თავისუფლებას განუცხადა შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა. საქართველოში ურანის კონტრაბანდის აღკვეთის შესახებ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვაშინგტონში გამართულ სამიტზე, ჯერ კიდევ აპრილში განაცხადა თუმცა, საქმის დეტალები შსს-მ საჯაროდ მხოლოდ დღეს გამოაქვეყნა. შოთა უტიაშვილის ცნობით, ბირთვული მასალების კონტრაბანდის ბრალდებით, მარტში დაკავებულმა პირებმა საქართველოში შემოიტანეს თითქმის 90%-მდე გამდიდრებული,18 გრამი ურანი. შოთა უტიაშვილის განმარტებით, ურანის შეძენის მსურველი, რომელიც დაკავებულებს ისლამური ექსტრემისტული ორგანიზაციის წარმომადგენლად მიაჩნდათ, რეალურად საქართველოს შსს-ს თანამშრომელი იყო და ორივე პირი სწორედ მასთან გარიგებისას დააპატიმრეს. უტიაშვილის ცნობით, ორივე დაკავებულმა დანაშაული აღიარა და სასამართლო განაჩენს უახლოეს დღეებში გამოიტანს. რაც შეეხება ურანის წარმომავლობას, შოთა უტიაშვილის განმარტებით, არსებობს ეჭვი, რომ წყარო ქალაქი ნოვოსიბირსკია, თუმცა, მისივე თქმით, გადამოწმება ”გასაგები მიზეზების” გამო ვერ ხერხდება.
XS
SM
MD
LG