Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არცთუ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები აზერბაიჯანში


7 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში
7 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში
აზერბაიჯანში კვირას გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად კიდევ უფრო გაძლიერდა მმართველი პოლიტიკური ძალის პოზიციები. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რომელიც ხმების უდიდესი ნაწილის დათვლას ეფუძნებოდა, სულ 125-ადგილიან პარლამენტში პრეზიდენტ ილჰამ ალიევის პარტია „იენი აზერბაიჯანს“ 70-ზე მეტი მანდატი ერგო. ყველა დანარჩენი მანდატიც, როგორც ჩანს, ალიევის ერთგულმა პარტიებმა მიიღეს.

„საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში თავისუფალი და სამართლიანი იყო“, - ამ შეფასებას გამოთქვამენ აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისია, მმართველი პარტია და არჩევნებზე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამეთვალყურეო მისია. განსხვავებით დასავლელი მეთვალყურეებისაგან, რომელთა შეფასებითაც, მიუხედავად მათი მშვიდობიანად ჩატარების და ოპოზიციის მონაწილეობისა, არჩევნებზე სერიოზული დარღვევები აღირიცხა. ეუთოს ხელმძღვანელობით მოქმედი მეთვალყურეების განცხადებით, მათ არ შეუმჩნევიათ დემოკრატიული წინსვლა წინა არჩევნებთან შედარებით...

არჩევნებს კიდევ უფრო მკაცრად აკრიტიკებს ოპოზიცია: მასობრივი გაყალბების გამო კენჭისყრას ის „უკანონოსაც“ უწოდებს - ოპოზიციის შეფასებით, აზერბაიჯანის პოლიტიკურ ცხოვრებაში მმართველი პარტიის დომინირების კიდევ უფრო განსამტკიცებლად.

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ „ყველა ადმინისტრაციული რესურსი“ გამოიყენა თავისი მოკავშირეების გამარჯვების გასანაღდებლადო, უთხრა ჩვენი რადიოს აზერბაიჯანულ სამსახურს ოპოზიციური სახალხო ფრონტის თავმჯდომარემ, ალი კერიმლიმ.

„ამ ხალხმა სულ დაკარგა პასუხისმგებლობის გრძნობა, რეალობის შეგრძნება. ისეთ რამეს აკეთებენ, სხვა რომ არავინ აკეთებს მსოფლიოში“, - ამბობს კერიმლი და შიშობს, რომ არჩევნებით გამოხატულმა პოლიტიკურმა პროცესმა შესაძლოა, „კატასტროფამდე“ მიიყვანოს აზერბაიჯანი. - „საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ილჰამ ალიევმა პასუხისმგებლობის გრძნობა დაკარგა. იმედი მაქვს, რომ აზერბაიჯანელი ხალხი შეახსენებს მას თავის პასუხისმგებლობას“.

კვირის არჩევნების შედეგად, საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს პრეზიდენტის მეუღლემ, მეჰრიბან ალიევამ და ორმა ახლო ნათესავმა: ბიძამ, ჯალალ ალიევმა და პრეზიდენტის ბიძაშვილის ქმარმა, ვასიფ თალიბოვმა. რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის კორესპონდენტებმა ვიდეოკამერით ჩაწერეს, როგორ მიჰყავთ ამომრჩევლები ერთ-ერთი საარჩევნო უბნიდან ბაქოს ხაზარის საარჩევნო ოლქში, რომელშიც საკუთარი კანდიდატურა ჰყავდა წამოყენებული აზერბაიჯანის პირველ ლედის.

რა ხდებოდა ბაქოს იასამალის საარჩევნო უბანში, ჩვენი რადიოს აზერბაიჯანულ სამსახურთან საუბარში აღწერა ოპოზიციური „სამოქალაქო და განვითარების პარტიის“ წევრმა, ავგან მამადოვმა, რომელიც ოლქის საარჩევნო კომისიაში მუშაობდა:

„აქ, კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად მოვიდა ადგილობრივი სატელეფონო სადგურის რამდენიმე თანამშრომელი. მათ არ ჰქონდათ პირადობის მოწმობა და საარჩევნო უწყება - ჰქონდათ სხვა მოქალაქეებისთვის განკუთვნილი უწყებები და მათი სახელით ავსებდნენ ბიულეტენებს. შევეცადე, შემეჩერებინა ისინი. ვიდეოც კი გადავიღე, მტკიცებულებები რომ მქონოდა. უცებ ერთ-ერთი მეთვალყურე უკნიდან მომვარდა, მცემა და გაიქცა სატელეფონო სადგურში. პიჯაკი გამიხია. დავკარგე მობილური ტელეფონი და დოკუმენტები, რომლებიც ჯიბეში მედო. მოულოდნელი თავდასხმა იყო და თავი ვერ დავიცავი. ხომ ხედავთ, რა მდგომარეობაში ვარ...“

ოფიციალური ინფორმაციით, არჩევნებში ელექტორატის 50 პროცენტზე მეტი მონაწილეობდა. გაყალბების ბრალდებებს შორის არის ერთი ამომრჩევლის მიერ ხმის რამდენჯერმე მიცემა, ოპოზიციონერების დაშინება და საარჩევნო უბნებიდან გაყრა, არჩევნების მეთვალყურეობაში ხელის შეშლა. დარღვევების შესახებ იუწყებოდნენ წინასაარჩევნო პერიოდშიც, როცა, საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაციებისა და ეუთოს მეთვალყურეების განცხადებით, ვრცელდებოდა დამაჯერებელი ცნობები ამომრჩევლის დაშინებისა და მედიაში ოპოზიციის წარმომადგენლების გამოჩენის შეზღუდვის თაობაზე.

როგორც ოპოზიციურ პარტია მუსავათის ლიდერი, იზა გამბარი ამბობს, კენჭისყრა „საბჭოთა კავშირის ბოლო პერიოდის არჩევნებს ჰგავდა“.
XS
SM
MD
LG