Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა აზიაში ტურნეს განაგრძობს


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ინდოეთში ვიზიტი ამ ქვეყანასთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაღრმავებისთვის გამოიყენა – და ინდოეთს საერთაშორისო ასპარეზზე დამკვიდრებული, გლობალური მნიშვნელობის ქვეყანა უწოდა. ობამას განცხადებით, ის ყველაფერს გააკეთებს, რაც კი მიზანშეწონილია, რათა განიმუხტოს დაძაბულობა ინდოეთსა და მის მეზობელ პაკისტანს შორის, თუმცა ობამა თავის გამოსვლებში ძალიან ფრხილად საუბრობდა, ისლამაბადის გაღიზიანება რომ არ გამოეწვია.

ინდოეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ მის ქვეყანასა და ინდოეთს შორის ურთიერთობა „21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორობა იქნება“.

ინდოეთის პარლამენტის წინაშე გამოსვლისას, ობამამ მხარი დაუჭირა ინდოეთის სურვილს გაეროს უშიშროების საბჭოში პერმანენტული ადგილის მოპოვების თაობაზე.

მანამდე, ობამა სიტყვით გამოვიდა დელიში, ინდოეთის პრემიერ-მინისტრ მანმოჰან სინგჰთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე: „ჩვენი ურთიერთობა ორდინარული არ გახლავთ“ – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა – „როგორც მსოფლიოს ორი უდიდესი დემოკრატია, როგორც თავისუფალ ბაზარზე დაფუძნებული დიდი და მზარდი ეკონომიკის მქონე ორი ქვეყანა, როგორც მრავალფეროვანი, მრავალეთნიკური საზოგადოებები, სადაც პლურალიზმის და შემწყნარებლობის დიდი ტრადიციები არსებობს - ჩვენ ლიდერებად ყოფნის არა მხოლოდ შესაძლებლობა გვაქვს, არამედ პასუხისმგებლობაც გვაკისრია“.

ინდოეთის მიღწევების შესახებ ობამა მთელი ვიზიტის განმავლობაში საუბრობს. მან აზიის ამ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოს მსოფლიო ასპარეზზე უკვე მყარად დამკვიდრებული ქვეყანა უწოდა. აშშ-ის პრეზიდენტმა ბევრი ისაუბრა ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და პირდაპირ განაცხადა, რომ მისი სურვილია ინდოეთმა და ინდოელებმა აქტიური მონაწილეობა მიიღონ ამერიკის ეკონომიკის გაჯანსაღებაში, სამუშაო ადგილების შექმნის გზით. ინდოეთის კომერციულ დედაქალაქად ცნობილ ბომბეიში ყოფნისას, ობამამ, საერთო ჯამში, დაახლოებით, 10 მილიარდი დოლარის ოდენობის სავაჭრო შეთანხმებებს მოაწერა ხელი.

პოლიტიკურ საკითხებს რაც შეეხება – ობამა ინდოეთსა და პაკისტანს შორის დიალოგის გამართვის მოწოდებით გამოვიდა – თუმცა იქვე შენიშნა, პაკისტანის მიერ მის ტერიტორიაზე ექსტრემიზმის წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლა ისე სწრაფად არ მიმდინარეობს, როგორც ვისურვებდითო.

ისლამაბადის მიმართ ეს მოზომილი საყვედური მას შემდეგ გამოითქვა, რაც ობამამ ინდოეთის მედიის კრიტიკა დაიმსახურა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ობამამ თავი აარიდა პაკისტანის ხსენებას ბომბეიში, 2008 წლის ტერორისტული თავდასხმის ადგილის მონახულებისას. ინდოეთი კი აცხადებს, რომ თავდამსხმელები – რომლებმაც 166 ადამიანი შეიწირეს – პაკისტანიდან იყვნენ ინდოეთში შესულები.

ორშაბათის პრესკონფერენციაზე ობამამ აღნიშნა, რომ აშშ ინდოეთს და პაკისტანს თავს ვერ მოახვევს პრობლემების გადაწყვეტის გზას – ეს ქაშმირის ოლქის საკითხთან მიმართებით იქნება, თუ სხვა თემებთან დაკავშირებით. მაგრამ, ობამას განცხადებით, აშშ ამ პრობლემების გადაჭრის პროცესს ყველანაირად დაეხმარება.

ამ ვიზიტის დროს ობამას მნიშვნელოვანი დიპლომატიური შეზღუდვების გათვალისწინება უწევს – წერს გაზეთ „ფაინენშლ ტაიმსის“ სამხრეთ აზიის ბიუროს ხელმძღვანელი, ჯეიმს ლემონი: „ვფიქრობ, ბატონი ობამა ძალიან ფრთხილობდა თავის საჯარო გამოსვლებში, ვინაიდან მას ესმის, რომ ვიზიტისას ადვილი შესაძლებელია, ვერავინ დააკმაყოფილო და თან საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდე. ამიტომაც ფრთხილობს“ – აღნიშნავს ჟურნალისტი და დასძენს – „მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ დახურულ კარს მიღმა ის ყველა ამ საკითხზე ღიად საუბრობს - ინდოეთის შეშფოთებაზე რეგიონში ტერორიზმისა და პაკისტანის ექსტრემისტებისგან მომავალი საფრთხის შესახებ, ისევე როგორც პაკისტანსა და ინდოეთს შორის ურთიერთოების გაუმჯობესების გზებზე“.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრ მანმოგჰან სინგჰს, თავის მხრივ, ამგვარი შეზღუდვები არ ჰქონია. მან პირდაპირ ისაუბრა პაკისტანთან მოლაპარაკების შეუძლებლობაზე „მაშინ, როცა ტერორის მანქანა იქ კვლავ მოქმედებაში რჩება“.

მისი თქმით, როგორც კი პაკისტანი ტერორს გაემიჯნება, ინდოეთი „სიხარულით“ შეუდგება მასთან ურთიერთობის გაღრმავებას, პრობლემების გადაჭრის მიზნით.

ინდოეთის გარდა, ობამას ათდღიანი აზიური ტურნე ითვალისწინებს ვიზიტებს ინდონეზიაში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG