Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 10 ნოემბერი 2010


„რეზონანსი“ ახალგორის რაიონში მოსახლეობის გადაადგილებისთვის აუცილებელი დოკუმენტის – ე.წ. „ფორმა №9“-ის აღებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე წერს: „ამ დროისათვის იქაურებს მხოლოდ ერთი საზრუნავი გასჩენიათ: რაც შეიძლება მალე აიღონ ფორმა №9, რათა გადაადგილებისთვის პრობლემები და გართულებები მანამდე მაინც მოიხსნან, სანამ, როგორც თავად ამბობენ, ოსებს კიდევ რამე არ მოეხუშტურებათ“. „რეზონანსის“ ავტორი აზუსტებს, რომ „ფორმა №9“ ახალგორელებს მხოლოდ ოსურ ბლოკ-საგუშაგოზე გამოადგებათ და ვისაც ეს დოკუმენტი არ ექნება, 320 რუბლს გადაიხდის.

„რეზონანსი“ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძესთან შეეცადა გაერკვია, იგეგმება, თუ არა, გიორგობისთვის პატიმართა შეწყალება. თევდორაძე ინტერვიუში აღნიშნავს, რომ უკვე მიმართა პრეზიდენტს კომისიის სხდომის 17-დან 20 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში დანიშვნის შესახებ და პასუხს ელოდება. თევდორაძისავე ინფორმაციით, კომისიაში ორი ათასამდე განცხადების დამუშავება მიმდინარეობს. ჟურნალისტი საპატრიარქოს მიერ შედგენილ შესაწყალებელ პატიმართა სიის შესახებაც სვამს კითხვას: „საპატრიარქოს სიებზე პასუხი არ მაქვს, იმიტომ რომ, მათგან ჩვენთან არ შემოდის მასალები. როგორც ვიცი, ეს სია მიდის პროკურატურაში და ეს გასაგებიც არის იმიტომ, რომ ისინი აგზავნიან მხოლოდ სიებს და არა საქმეებს“ – აცხადებს თევდორაძე. რაც ეხება ე.წ. „ძალოვანების“ მიერ, კომისიის გვერდის ავლით, პრეზიდენტისთვის წარდგენილ სიას, შეწყალების კომისიის თავმჯდომარე პასუხობს: „ეს ინფორმაცია მეც მაქვს, მაგრამ ამის დადასტურება ნამდვილად არ შემიძლია“.

„ახალი თაობა“ ვრცელ ინტერვიუს ბეჭდავს რესპუბლიკური პარტიის წევრ, კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილთან. ის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე დაგეგმილ მოლაპარაკებებზე საუბრობს: „მივესალმები ამ ნაბიჯს. მიმაჩნია, რომ ერთადერთი სწორი გზა არის. ეს არ არის იდეალური გზა. რა თქმა უნდა, ეს არ არის გზა, რომელიც აუცილებლად გულისხმობს წარმატებას, მაგრამ ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც უშვებს წარმატებას, რომლითაც შეიძლება წარმატების მიღწევა ან არ მიღწევა. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა გზა არის მკაფიოდ გამოკვეთილი მარცხისკენ“.

„ვერსია“ კახა კუკავასთან ცდილობს კონსერვატიული პარტიიდან მისი წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემოწმებას. კუკავა პასუხობს: „ეს ერთ-ერთმა სააგენტომ გაავრცელა იმ იმედით, რომ ამის მერე რამე დამატებითს გაიგებდნენ. საქმე ძალიან მარტივადაა – კახა კუკავა კონსერვატორებიდან არ წამოსულა“.

„ვერსიაშივე“ წაიკითხავთ ინტერვიუს დეპუტატ ჯონდი ბაღათურიასთან: „უნდა დავასრულოთ ცარიელ ადგილზე დროშების დარჭობა, იქ ადამიანების დაპატიჟება და რაღაც აპოკალიფსური თარიღების გამოცხადება. „ქართულ პარტიაშიც“ და „სახალხო კრებაშიც“ ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ არ ვიცი, ამ ადამიანებს რა უნდათ. დარწმუნებული ვარ, ყველას ერთად გვინდა საქართველო წარმატებული სახელმწიფო იყოს, მაგრამ ამას ვინ როგორ აპირებს, არ ვიცი“.

„24 საათი“ წერს: „საქართველოს მთავრობა 2010 წლის 10 თვის მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით კმაყოფილია. როგორც გუშინ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, 2010 წლის იანვარ-ოქტომბერში, 2009 წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით, 38 პროცენტით მეტი ვიზიტორი შემოვიდა“.

„საქართველოს რესპუბლიკა“ აქვეყნებს ვრცელ ინტერვიუს „ქართული აკადემიის“ აჭარის წარმომადგენლობის კოორდინატორ შოთა ზოიძესთან, რომელიც თვლის, რომ განათლების სისტემა „ლომაიამ მოკლა, შაშკინი მარხავს“. ის აგრეთვე აცხადებს: „თბილისში მინახავს უზარმაზარი ტრასნპარანტი „ჩავწვდეთ ამერიკის სულს“. ამერიკის სული ვის გაუგია?! რას ჩაწვდები, რაც არ აქვს. მათი რადიოს ცნობით, ბევრი ინდიელი ახლაც რეზერვაციაში ჰყავთ“ – შენიშნავს „ქართული აკადემიის“ აჭარის წარმომადგენლობის კოორდინატორი „საქართველოს რესპუბლიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG