Accessibility links

logo-print

ქართული ფიჭური კავშირის აკრძალვა გალში და ვლადიმირ პუტინის ვიზიტი


რუსეთის სამხედრო ბაზა ენგურის ხიდთან

რუსეთის სამხედრო ბაზა ენგურის ხიდთან

ოკუპირებულ აფხაზეთში მყოფი რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გალის რაიონის სოფლებში მოსახლეობას ქართული ფიჭური კავშირის, კერძოდ მაგთიფიქსის, საოჯახო ტელეფონების მოხმარებას უკრძალავენ. რადიო თავისუფლების ინფორმაცით, რუსი სამხედროები სოფელ ოტობაიაში რამდენიმე ქართველის სახლში შევიდნენ, აპარატები დაუმტვრიეს და იქვე განუმარტეს, რომ ქართული ფიჭური კავშირით მომავალში არ ისარგებლონ.

რადიო თავისუფლების კიდევ ერთი ინფორმაციით, გალის რაიონში ღამის 12 საათის შემდეგ რუსი სამხედროები მოქალაქეებს გადაადგილებისას მკაცრად აკონტროლებენ, ხშირ შემთხვევაში უკრძალავენ კიდეც. გალელი რესპონდენტი, რუს სამხედროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქალაქის, სოფლებთან დამაკავშირებელ გზებზე, სადაც რამდენიმე რუსული საგუშაგოა, შუაღამის შემდეგ კომენდანტის საათი მოქმედებს. თუმცა, მისივე ცნობით, ამის შესახებ დე ფაქტო მთავრობას ოფიცილურად არ განუცხადებია.

სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თორნიკე კილანავა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მყოფი რუსი სამხედროები ყველა სახის კომუნიკაციას ანადგურებენ, რადგან იქ მცხოვრებმა ქართულმა მოსახლეობამ დანარჩენ საქართველოსთან კავშირი ვერ დაამყაროს.

აფხაზეთის დევნილი მთავრობის ინფორმაციით, გასულ კვირაში ქალაქ გალში იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი, რომელმაც რაიონში რუსული სამხედრო ბაზების მშენებლობის პროცესი დაათვალიერა. ლეგიტიმური მთავრობის ეს ინფორმაცია, რადიო თავისუფლებას გალელმა რესპონდენტებმაც დაუდასტურეს. მათი ცნობით, 5 ნოემბერს გალში პუტინის ვიზიტისას რაიონის მასშტაბით უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები მოქმედებდა.
XS
SM
MD
LG