Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეზღუდვები ახალგორის ოსურ საგუშაგოზე


საგუშაგო ახალგორთან
საგუშაგო ახალგორთან
ახალგორის ოსურ საგუშაგოზე კონტროლი გამკაცრდა. მოქალაქეებს, რომლებსაც დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ გაცემული ”ფორმა N9” არ გააჩნიათ, თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. ცხინვალის ხელისუფლების მიერ გაცემული ”ფორმა N9” რუსულ ენაზეა შედგენილი და მას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დანიშნულება აქვს. ახალგორელების ინფორმაციით, განსხვავებული სურათია რუსულ საგუშაგოზე, სადაც მხოლოდ ქართული პირადობის მოწმობების ნოტარიულად დამოწმებულ რუსულ ასლებს მოითხოვენ. ბოლო დრომდე აღნიშნული დოკუმენტით გადაადგილება ოსურ საგუშაგოზეც დაშვებული იყო, მაგრამ გუშინ დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცავებმა საგუშაგოზე რეიდი ჩაატარეს და ახალგორელების ერთი ნაწილი თბილისისკენ აღარ გაატარეს.

ოსურ საგუშაგოზე ოქტომბრიდან გამოაკრეს განცხადება იმის თაობაზე, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ვალდებული იყო ოსური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი აეღო, თუმცა, როგორც ახალგორელებმა განაცხადეს, იქ დაკონკრეტებული არ ყოფილა ეს დოკუმენტი რას გულისხმობდა. არადა, ახალი ოსური პასპორტების აღების ვადა კოკოითის ხელისუფლებამ იანვრამდე გადასწია. დაბის მოსახლეობის დიდი ნაწილი ქართველია. ისინი პროდუქტების საყიდლად თბილისში დადიან, ამიტომ კვირაში ორჯერ მაინც მათ ოსური, რუსული და ქართული საგუშაგოების გავლა უწევთ. ”ფორმა N9”-ის არქონის შემთხვევაში მათ 20 ლარს გადაახდევინებენ. ახალგორის მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლის დირექტორის თამარ მეარაყიშვილის აზრით, აღშფოთებული მოსახლეობა გუშინ ჯერ ოსურ ადმინისტრაციაში შემდეგ კი ადგილობრივ მილიციაში მივიდა. მოლაპარაკების შედეგად, ”ფორმა N9”-ის აღების ვადამ სამი დღით გადაიწია.

ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ის ახალგორელები, რომლებსაც თბილისის რეგისტრაცია აქვთ - ”ფორმა N9”-ის აღებას მათაც აიძულებენ. იყო შემთხვევა, როცა რამდენიმე ადამიანი 20 ლარით დააჯარიმეს. ეგრეთ წოდებულ ოსურ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მკაცრი რეჟიმი მხოლოდ გასვენებებისა და ქორწილების დროს ერთგვარ შეღავათს გულისხმობს ხოლმე. ამისთვის მასპინძელმა ოჯახმა ახალგორში მიმავალი სტუმრების სია წინასწარ უნდა გადასცეს ოსურ საგუშაგოს და პრობლემაც მოხსნილი იქნება. თამარ მეარაყიშვილის თქმით, ბოლო პერიოდში დაბაში როგორც მიგრაციის სამსახურის წარმომადგენლები ისე შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ.

ამჟამად ახალგორელები ”ფორმა N9”-ის ასაღებად რიგში დგანან. მიმდინარე წელს ოსურ და რუსულ საგუშაგოზე გადაადგილების რეჟიმი რამდენჯერმე შეიცვალა. ჯერ ქართული პირადობის მოწმობების ნოტარიულად დამოწმებულ რუსულ ასლს ითხოვდნენ, ახლა - ”ფორმა N9”-ის; მოგვიანებით დაბაში მაცხოვრებელ ქართველებს დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტის აღებაც მოუწევთ. ეს ყველაფერი დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ახალგორელები თუ ამას არ გააკეთებენ, საკუთარ სახლებთან გამომშვიდობება მოუწევთ.
XS
SM
MD
LG