Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

წყლის მაღალი ტარიფი და მისი შედეგები ლაგოდეხში


მას შემდეგ, რაც საქართველოში წყლის ტარიფი ხუთ ლარამდე გაიზარდა, იურიდიული პირები, რომლებსაც უშუალოდ ეს ცვლილება შეეხო, გადასახადების გადახდის პრობლემის წინაშე დადგნენ. რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ლაგოდეხის რაიონული ჯანდაცვის სამსახურიც. მისი დირექტორი მიხეილ ბოჟაძე აცხადებს, რომ პოლიკლინიკისა და სამშობიარო სახლის დავალიანებამ, საერთო ჯამში, სამი ათას ლარამდე შეადგინა, რის გამოც ჯანდაცვის სამსახურს ფინანსური პრობლემები შეექმნა.

დავალიანების მიზეზით, წყალმომარაგების რაიონულმა სერვისცენტრმა ლაგოდეხის რაიონულ პოლიკლინიკას წყლის მიწოდება ისე შეუწყვიტა, რომ გონივრული ვადის განსაზღვრის შესახებ არც უმსჯელია.

გაერთიანებული წყალმომარაგების ლაგოდეხის სერვისცენტრის მენეჯერის, დავით გოგოლაძის განმარტებით, პოლიკლინიკამ წერილობითი გაფრთხილება მიიღო:

`საავადმყოფო ჯერ კიდევ 10 დღის წინ გავაფრთხილეთ, რომ გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში, წყლის მიწოდება შეუწყდებოდათ, თუმცა მათგან არანაირი პასუხი არ მიგვიღია~ _ აცხადებს გაერთიანებული წყალმომარაგების ლაგოდეხის სერვისცენტრის მენეჯერი დავით გოგოლაძე.

იმის მიუხედავად, რომ ლაგოდეხის რაიონულმა ჯანდაცვის სამსახურმა გაფრთხილებაზე რეაგირება არ მოახდინა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას უფლება არ ჰქონდა, სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტისთვის წყლის მიწოდება შეეწყვიტა. ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში განმარტავენ. ენერგოომბუდსმენი, ვალერი ფხაკაძე აღნიშნავს, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას, ასეთ შემთხვევაში, ცალმხრივად მაინც უნდა ემსჯელა და პოლიკლინიკისთვის გადასახადის გადახდის გონივრული ვადა თავად უნდა განესაზღვრა.

`თუ სასმელი წყლით მომარაგების შეწყვეტა გამოიწვევს ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გაუარესებას ან მომხმარებლისათვის არათანაზომიერად ხარჯების გაზრდას, ასეთ შემთხვევაში, კომპანია ვალდებული არის მომხმარებელს განუსაზღვროს დამატებითი ვადა დავალიანების გადახდისათვის, რომელიც არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები. მე შემიძლია მიგითითოთ ნორმაზე, ეს არის კომისიის 2008 წლის 32-ე დადგენილების მე-14 მუხლის მე-6 პუნქტი. სავალდებულოა კომპანიისთვის ეს პუნქტი შესასრულებლად, საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. თუ მომხმარებელი, გაფრთხილების მიუხედავად, არ შეეხმიანება კომპანიას, ასეთ შემთხვევაში, კომპანიამ ცალმხრივად უნდა განსაზღვროს ეს ვადა და ამ ვადის ამოწურვის შემდგომ აქვს უფლება მას შეუწყვიტოს მომსახურება~ _ განმარტავს ენერგოომბუდსმენი ვალერი ფხაკაძე და აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ლაგოდეხის პოლიკლინიკა, რომელიც დაზარალებული აღმოჩნდა, „სემეკს“ განცხადებით მიმართავს, კომისია, ფაქტის განხილვის შემდეგ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიმართ შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს:
`მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომისიას და კომისია განიხილავს კომპანიის ქმედების კანონიერების და შემდგომში უკვე პასუხისმგებლობის საკითხს~ _ აღნიშნავს ენერგოომბუდსმენი.

პოლიკლინიკის მსგავსად, სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდა ყველა იმ ორგანიზაციას, რომელმაც გადასახადის გადახდა ვერ შეძლო.
საქართველოში ერთიანი ტარიფის დადგენას მიუღებლად მიიჩნევენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოზალიშვილი აცხადებს, რომ ლაგოდეხში, სადაც მცირე ბიზნესია განვითარებული, ტარიფი საკმაოდ მაღალია.

ლაგოდეხში ამბობენ, რომ დღეისათვის დაწესებული წყლის ტარიფით გადასახადის გადახდას ვერ შეძლებენ, აღნიშნავენ, რომ ფინანსური პროლემების წინაშე აღმოჩდნენ, რაც შესაძლოა ზოგიერთი საწარმოს გაჩერების მიზეზიც კი გახდეს და მცირე ბიზსნესის განვითარება რაიონში შეფერხდეს. მეწარმეები დახმარებას რეგიონის გუბერნატორს და რეაგირებას საქართველოს პრეზდენტს სთხოვენ.

ვიდრე გადახდის აღნიშნული სისტემა ამოქმედდებოდა, ლაგოდეხში წყლის გადასახადის გადახდა სულადობის მიხედვით ხდებოდა და თვეში ერთ სულზე 30 თეთრს შეადგენდა.
XS
SM
MD
LG