Accessibility links

logo-print
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აზიაში ათდღიან მოგზაურობას განაგრძობს. ის ინდონეზიას ეწვია, ქვეყანას, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი მაჰმადიანი მოსახლეობა ჰყავს. ბარაკ ობამასთვის ინდონეზიაში სტუმრობა იმ მხრივაც არის ღირსსახსოვარი, რომ მას იქ, დედაქალაქ ჯაკარტაში, ბავშვობის ოთხი წელი აქვს გატარებული.

ინდონეზიაში ჩასვლა ამერიკის პირველმა პირმა ორჯერ გადადო, ქვეყნის შიგნით არსებული პრობლემების გამო. ბარაკ ობამა ინდოეთიდან ჩაფრინდა იქ, სადაც პრეზიდენტმა სუსილო ბამბანგ იუდჰოიონომ სრული სამხედრო პატივი მიაგო მას მთავრობის სასახლისწინა მოედანზე.

ობამა ინდონეზიაში მეტად პოპულარული პოლიტიკოსია იმ მიზეზითაც, რომ ექვსი წლის ასაკიდან ოთხი წელიწადი გაატარა ამ ქვეყანაში და ჯაკარტაში, ჯერ დაწყებით საჯარო სკოლაში, შემდეგ კი ფრანჩესკო ასიზელის სახელობის სკოლაში სწავლობდა.

ჯაკარტაში ეს საკითხი აშშ-ის პრეზიდენტმა გაიხსენა, როცა მასპინძელთან ერთად პრესკონფერენცია გამართა: „რასაც ვხედავ, მესმის და მახსენედება, ეს ყველაფერი ახლობელია ჩემთვის. შესანიშნავი განცდაა აქ დაბრუნება უკვე პრეზიდენტის რანგში, რაც იმედი მაქვს, ხელს შეუწყობს აშშ-სა და ინდონეზიას შორის უკეთეს ურთიერთგაგებას, – აღნიშნა ობამამ.

ამერიკის პრეზიდენტის ინდონეზიაში შეჩერება არ იყო ხანგძლივი. მას „ცოტა დრო ჰქონდა სასეირნოდ“ და ეს დროც შეამცირეს მოგვიანებით, ვულკანის ფერფლით ატმოსფეროს დაბინძურების გამო, რაც ახალ ამოფრქვევას მოჰყვა.

მასპინძელთან, პრეზიდენტ იუდჰოიონოსთან ერთად, ობამამ ხელი მოაწერა დოკუმენტს პარტნიორობის შესახებ, რომელზეც მხარეები შარშან შეთანხმდნენ და რომელიც ვაჭრობის, ინვესტიციების, უსაფრთხოებისა და განათლების სფეროებს მოიცავს: „ვაჭრობა ჩვენ ქვეყნებს შორის სწრაფად იზრდება. ეს მოიცავს ამერიკის პროდუქტის ექსპორტს ინდონეზიაში. ამიტომაცაა ინდონეზია ერთ-ერთი მზარდი ბაზარი, რომელზეც, ჩემი ინიციატივით, ვაპირებთ, გავაორმაგოთ ამერიკის ექსპორტი. პრეზიდენტმა იუდჰოიონომ და მე ვისაუბრეთ პირობების შესახებ, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს ვაჭრობისა და ინვესტიციების გაფართოებას“, – განაცხადა ობამამ ჯაკარტაში.

დასაწყისში მოელოდნენ, რომ ობამა ინდონეზიის მთავრობას მოუწოდებდა და შეაგულიანებდა ისლამური მეამბოხეობის წინააღმდეგ უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარებისკენ. ჯაკარტაში ობამა სტუმრობს და სიტყვითაც გამოდის „დამოუკიდებლობის მეჩეთად“ წოდებულ მაჰმადიანურ ღვთის სახლში, რომელიც უდიდესია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ორი მიზანი აქვს ამ გამოსვლას, ერთი, უშუალოდ, ინდონეზიის მიმართ მოწოდებაა, არ შეაჩეროს დემოკრატიული და ეკონომიკური ზრდა. ამასთანავე, ობამა შეეცდება მაჰმადიანურ სამყაროსთან უფრო მეტად დაახლოებას, რაც მან კაიროში 2009 წლის ივნისში გამოსვლისას მუსლიმებთან დიალოგისკენ მოწოდებით დაიწყო.

პრესკონფრენეციაზე ობამამ თავისი შეშფოთება გამოხატა ისრაელისა და პალესტინის სამშვიდობო მოლაპარაკების მიმდინარეობის ირგვლივ: „შეშფოთებული ვარ იმის გამო, რომ არ ჩანს მხარეების მცდელობა, იღონონ მეტი, რათა შეიქმნას ბოლოს და ბოლოს ჩარჩო იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს სუვენერული პალესტინის გვერდით ისრაელის მშვიდობიანი არსებობა“, – აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.
ინდონეზიაში ბარაკ ობამას სტუმრობისას მობილიზებული იყო უშიშროების ძალები, რადგან ეს ქვეყანა ბოლო წლებში არაერთი სისხლიანი თავდასხმის სამიზნეს წარმოადგენდა. კუნძულ ბალიზე, ტურისტულ არეალში, 2002 წელს მოწყობილ აფეთქებას 200 ადამიანი შეეწირა. ობამას ვიზიტი ემთხვევა პერიოდს, როცა ინდონეზია ცდილობს დაძლიოს ვულკანის ამოფრქვევით და ცუნამით მიყენებული ზარალი. სტიქიის შედეგად იქ ასეულობით ადამიანი დაიხოცა, ათასობით კი უსახლკაროდ დარჩა.

ინდონეზიამდე, როგორც ითქვა, ობამა ინდოეთში იყო. იქ მან მილიარდი დოლარის მოცულობის სავაჭრო ხელშეკრულება დადო ინდოეთის მთავრობასთან. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი მხარს უჭერს იდეას, გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრის ადგილი დაიკავოს ინდოეთმა. ჯაკარტის შემდეგ, ობამა სამხრეთ კორეასა და იაპონიას ეწვევა.
XS
SM
MD
LG