Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯორჯ ბუშის „საკვანძო გადაწყვეტილებები“


აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში უმცროსი მასმედიის ყურადღების ცენტრში დაბრუნდა. წიგნის მაღაზიებში დღეს გამოვიდა მისი მემუარები - 500 გვერდიანი წიგნი სათაურით „საკვანძო გადაწყვეტილებები“. მემუარებში ჯორჯ ბუში იცავს ბევრისთვის სადავო გადაწყვეტილებებს პრეზიდენტად მისი რვაწლიანი საქმიანობისას, თუმცა, აღიარებს შეცდომებსაც.

ჯორჯ ბუში საჯაროდ თითქმის არ ჩანდა მას შემდეგ, რაც 2003 წლის იანვარში გამოეთხოვა შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტს. ის, როგორც ამბობენ, მშვიდად ცხოვრობდა თავის რანჩოზე ტეხასის შტატში, ახლა კი უცებ დაბრუნდა საყოველთაო ყურადღების ცენტრში მემუარების, „საკვანო გადაწყვეტილებების“ პრეზენტაციით.

წიგნში ასახულია ბუშის პრეზიდენტობის 14 მთავარ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული გარემოებები, 14-ს შორის კი მთავარია ერაყში სამხედრო ინტერვენციის დაწყება.
მაგრამ ჯერ საქართველო.

500 გვერდიანი წიგნის წაკითხვის შესაძლებლობა ჯერ არ მოგვცემია, მაგრამ ცნობილია, რომ საქართველო არაერთხელ არის ნახსენები ბუშის მემუარებში. ერთი მაგალითია რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საუბარი პეკინის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე, ანუ 2008 წლის 8 აგვისტოს (გამოდის, ცხინვალის რეგიონში დაწყებული სამხედრო მოქმედებების ფონზე). ბუში როგორც წერს, პეკინში საუბარი შეეხო საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც: ის ცხელსისხლიანი არისო, უთქვამს ბუშს. პუტინს უპასუხია, ცხელსისხლიანი მეც ვარო, რაზეც ბუშს მიუგია: არა, ვლადიმირ, შენ ცივსისხლიანი ხარო...

დღეს ამ მაგალითს უნდა დავჯერდეთ, რახან ეს სიუჟეტი ჯორჯ ბუშის მემუარების ზოგადი მიმოხილვაა. ერაყის თემას ვუბრუნდებით.

ინტერვიუში, რომელიც გუშინ გადაიცა ამერიკულ ტელეკომპანია NBC-ის მიერ, ბუში ამბობს, რომ დღემდე გული მოსდის, როცა ახსენდება, რომ ერაყში ვერ იპოვეს მასობრივი განადგურების იარაღი - ანუ ის, რისი არსებობითაც ამართლებდნენ 2003 წელს ერაყში ინტერვენციას. NBC-ი ბუშს შეეკითხა, უფიქრია თუ არა ომის გამო ბოდიშის მოხდაზე. არაო, უპასუხებს ჯორჯ ბუში. „ბოდიშის მოხდა პრინციპში იქნებოდა იმის თქმა, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო. მაგრამ მე არა მგონია, რომ გადაწყვეტილება არასწორი იყო“, ამბობს ბუში და გადაწყვეტილებას იმით ამართლებს, რომ ერაყი დიქტატორ სადამ ჰუსეინისაგან გათავისუფლდა.

ჯორჯ ბუში ამართლებს ასევე ტერორიზმში ეჭვმიტანილების დაკითხვის მეტად მკაცრ მეთოდებს, მათ შორის ე.წ. „უოტერბორდინგს“ ანუ წყალში დახრჩობის სიმულაციას. ამ მეთოდების მეშვეობით, ამბობს ბუში, თავიდან იქნა აცილებული ტერორისტული თავდასხმები: „ჩვენს გუნდს ვუთხარი, ეს მეთოდები კანონიერია-მეთქი? და სამართლის ექსპერტებმა მითხრეს, დიახ, არისო. მეც ვუპასუხე - მაშინ გამოიყენეთ-მეთქი. ერთს გეტყვით: ამ მეთოდების გამოყენებამ არაერთი სიცოცხლე გადაარჩინა!“

მემუარებში დასტურდება, რომ ბუშმა პენტაგონს დაავალა ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშის გეგმის მომზადება. როგორც ცნობილია, შეერთებული შტატები და მისი დასავლელი მოკავშირეები შიშობენ, რომ ირანელები ცდილობენ ბირთვული იარაღის შექმნას. ირანი უარყოფს ამ ბრალდებას.

საშინაო პოლიტიკას რაც შეეხება, ბუში აღიარებს, რომ „უზარმაზარი შეცდომა“ დაუშვა წყალდიდობით დაზარალებულ ახალ ორლეანზე გადაფრენით, ნაცვლად იმისა, რომ პირადად მოენახულებინა რეგიონი. თვითკრიტიკა ჟღერს, როცა საქმე ეხება ეკონომიკური კრიზისის მოახლოებული საფრთხის შეფასებასაც: ვერ ამოვიცანი საფრთხის მთელი სიმწვავეო, ამბობს ბუში.

მოელიან, რომ მისი მემუარები მრავალი მკითხველის ინტერესს გამოიწვევს. პირველი გამოცემის ტირაჟია 1,5 ეგზემპლარი.
XS
SM
MD
LG