Accessibility links

logo-print

ალბანელები და ბოსნიელები შენგენის ზონაში ვიზის გარეშე იმოგზაურებენ


შენგენის ზონის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი

შენგენის ზონის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი

რვა ნოემბერს გადაწყდა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ორი ქვეყნის, ალბანეთისა და ბოსნიის მოქალაქეები, შენგენის ხელშეკრულების წევრ ქვეყნებში უვიზოდ იმოგზაურებენ დეკემბრის თვიდან. ალბანეთი და ბოსნია შეუერთდებიან იმავე რეგიონის სახელმწიფოებს – სერბიას, ჩერნოგორიას და მაკედონიას, რომლებსაც უვიზო რეჟიმი ევროპის კავშირმა შარშან დაუწესა. მოგზაურობის გაიოლებასთან ერთად, ევროკავშირის ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებმა გაავრცელეს გაფრთხილება, რომ გადაწყვეტილება გაუქმდება, თუკი პრობლემები წარმოიქმნება.

ევროკავშირის გადაწყვეტილება, მიეცათ უვიზო მოგზაურობის საშუალება ალბანეთისა და ბოსნიის მოქალაქეებისთვის, აღქმულ იქნა, როგორც სიმბოლური აქტი ორივე მხარისთვის – ბრიუსელისა და რეგიონის ქვეყნებისთვისაც. გადაწყვეტილების შესახებ ბრიუსელში გამოაცხადა ევროკავშირის შინაგან საქმეთა კომისარმა, სესილია მალმსტრომმა: „მართლმსაჯულების და შინაგან საქმეთა საბჭოს გადაწყვეტილების დღე მართლაც ისტორიულია ბოსნიისა და ალბანეთის ხალხებისთვის“.

როგორც ითქვა, სერბია, მაკედონია და ჩერნოგორია ევროკავშირში უვიზო მოგზაურობის უფლების მქონე ქვეყანათა სიაში შარშან დეკემბერში შეიტანეს. ამდენად, ახლა, მხოლოდ ერთი არეალი, კოსოვოღაა დარჩენილი ამ პრივილეგიის გარეშე. ევროკავშირის გადაწყვეტილება ძალაში შედის დეკემბრის შუა რიცხვებიდან.

თავდაპირველად, ევროკავშირში ამბობდნენ, რომ ვიზები ამ ქვეყნებისთვის უნდა გაეუქმებინათ „ქრისტეშობამდე“, მაგრამ ბოლოს ვიღაცას გაახსენდა, რომ მათთვის ქრისტეშობა იმდენად რელევანტური არ არის, რადგანაც იქაური მოსახლეობის უმეტესობა ტრადიციულად მაჰმადიანია. რვა ნოემბრის გადაწყვეტილებით, ყველა მოქალაქე ალბანეთსა და ბოსნიიდან, უფლებამოსილია ჩავიდეს შენგენის ქვეყნებში, რომლებშიც არ შედიან ევროკავშირის წევრები: ბრიტანეთი, ირლანდია, კვიპროსი, ბულგარეთი და რუმინეთი და მასში გაერთიანებული არიან ევროპის კავშირის არაწევრი ქვეყნები – ნორვეგია, ისლანდია და შვეიცარია. ამასთან, ყველა მოქალაქე ვალდებულია, იქონიოს ბიომეტრული პასპორტი.

უვიზო რეჟიმს მოჰყვება ემიგრაციის ტალღის ზრდა, შიშობს ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა, როგორიცაა საფრანგეთი და ნიდერლანდი. მართალია, ალბანეთისა და ბოსნიის საკითხი ერთხმად მიიღეს, საფრანგეთისა და ნიდერლანდის აზრს იზიარებს შვედეთიც, რომელმაც სტატისტიკაც კი მოიყვანა, რომ ამ ქვეყანაში, ვიზების გაუქმების შემდეგ, სერბიიდან თავშესაფრის მძებნელთა რიცხვი ათჯერ გაიზარდა.

ევროკავშირში არაერთი ქვეყანაა, რომელიც თვლის, რომ ვიზების გაუქმების შემდგომ საჭიროა მეთვალყურეობა და თუკი გაჩნდა პრობლემები, უვიზო რეჟიმი გაუქმდება, ანუ კვლავ სავალდებულო გახდება ვიზები. ამ პოზიციას მოიცავს ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების განცხადება, რომელიც რვა ნოემბერსვე იქნა მიღებული.

ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარის, ბელგიის მიგრაციისა და თავშესაფრის საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა, მელქიორ ვათელეტმა შეშფოთება გაიზიარა, – „უდიდესი პრობლემა ის იქნება, თუკი, უსაფუძვლოდ თავშესაფრის მაძიებლები ევროპაში შეეცდებიან მის მოპოვებას ეკონომიკური მიზეზით. ეს არის ის, რაც თავიდან უნდა ავიცილოთ“, – განაცხადა მინისტრმა.

ბელგიელი პოლიტიკოსის თქმით, სერბიის და სხვათა გამოცდილებით, ალბანეთმა და ბოსნიამ უკვე დაიწყეს თავისი მოქალაქეების გათვითცნობიერება, რომ უვიზო რეჟიმი არ აძლევს მათ თავშესაფრის და სამუშაოს მიღების უფლებას.

რაც შეეხება კოსოვოს, ვიმეორებთ, მხოლოდ ამ არეალის მოქალაქეებს არ სთავაზობს, ჯერჯერობით, უვიზო რეჟიმს ევროკავშირი. ევროკომიის წამომადგენელმა, მიშელ სერსონმა აღნიშნა, რომ კოსოვოსთვის ვიზის გაუქმების საკითხს მხოლოდ მაშინ განიხილავენ, როცა პრიშტინა, ანუ კოსოვოს მთავრობა, აღიარებს ევროპის კავშირის ყველა წევრი ქვეყნის მოთხოვნას რეადმისიის, ანუ იმის შესახებ, რომ მთავრობა თავისი მოქალაქეების უკან დაბრუნებას კისრულობს. მაგრამ, კოსოვო აღიარა ევროკავშირის მხოლოდ ნაწილმა, ხუთმა ქვეყანამ, ამდენად ამ ერთეულს ევროკავშირთან არ გეუძლია ზოგადი შეთანხმება იქონიოს. თუმცა, ევროკავშირში არსებობს ფართო კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ კოსოვოს ორი მილიონი მოქალაქე არ შეიძლება ასე იქნას დატოვებული ევროპის კავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზების პროგრამის გარეთ.
XS
SM
MD
LG