Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რვა საჯარო სკოლის დირექტორებმა თანამდებობები დატოვეს


მოსწავლეთა საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ. 9 ნოემბერი 2010 წელი.
მოსწავლეთა საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ. 9 ნოემბერი 2010 წელი.
საინფორმაციო სააგენტოების საშუალებით 9 ნოემბერს, გვიან ღამით, გავრცელდა ინფორმაცია რვა საჯარო სკოლის დირექტორების გათავისუფლების შესახებ. სააგენტოების ინფორმაციით, მათი გათავისუფლება იმ მეთორმეტეკლასელთა აქციებს უკავშირდება, რომლებიც საატესტატო გამოცდების შემოღებას და რვა გამოცდის ჩაბარებას ქუჩის აქციებით აპროტესტებენ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დირექტორების სკოლიდან წასვლის ფაქტს ადასტურებს, თუმცა ინფორმაციას მათი გათავისუფლების თაობაზე უარყოფს.

რვა საჯარო სკოლის დირექტორების სამსახურიდან წასვლა რვა საატესტატო გამოცდის გაპროტესტებას მოჰყვა; საატესტატო გამოცდები კი პარლამენტისა და განათლების სამინისტროს წინ მეთორმეტეკლასელებმა 9 ნოემბერს გააპროტესტეს. მოსწავლეთა აქცია რამდენიმე საათის დასრულებული იყო, რომ საინფორმაციო სააგენტოების საიტებზე გაჩნდა ინფორმაცია, სათაურით: ”თბილისის რვა საჯარო სკოლის დირექტორები თანამდებობებიდან გაათავისუფლეს”.

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ცნობით, თანამდებობიდან ის სკოლის დირექტორები გაათავისუფლეს, რომელთა მოსწავლეებიც საპროტესტო აქციებში იღებდნენ მონაწილეობას.

თბილისის 149-ე საჯარო სკოლის დირექტორი მაია გიორგაძე ის ერთ-ერთი დირექტორია, რომელმაც გათავისუფლების შესახებ განცხადების ხელის მოწერაზე უარი განაცხადა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ის აღნიშნავს, რომ განათლების სამინისტროში დაბარებულ დირექტორებს სათითაოდ უშვებდნენ გენერალური ინსპექციის უფროსის კაბინეტში და სათითაოდ ავალებდნენ განცხადების დაწერას გათავისუფლების შესახებ.

"მე არ ვწერ განცხადებას, მე ვამტკიცებ და ვამბობ, რომ ჩემი სკოლის მოსწავლეები აქციაზე არ ყოფილან. დღეს კიდევ ვიყავი 2 საათზე დაბარებული განათლების სამინისტროში, სადაც მივიტანე ჟურნალების ასლები, სადაც მაქვს დაფიქსირებული ბავშვების გაცდენები და ასევე მათი მშობლების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ მათი შვილები იყვნენ არა აქციაზე, არამედ სახლში. განათლების სამინისტროში აცხადებდნენ, რომ ასეთი დირექტორები სკოლებში არ უნდა იყვნენ. მე მათ ვუთხარი, რომ გადაწყვეტილებას თვითონ მივიღებ, რაც გულისხმობს იმას, რომ სამსახურიდან წასვლას არ ვაპირებ”, - აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში მაია გიორგაძე.

დირექტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი თეა თუთბერიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში იმ დეტალებს ჰყვება, რომლებიც, მისი თქმით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დაბარებულმა და შემდეგ უკვე გათავისუფლებულმა დირექტორებმა უამბეს: ”დაახლოებით რვის ნახევარი იყო, როდესაც სკოლის დირექტორები მივიდნენ განათლების სამინისტროში. მათ რიგრიგობოთ უშვებდნენ გენერალური ინსპექციის უფროსთან, ირაკლი ანდრიაძესთან, სადაც ახვედრებდნენ დაწერილ განცხადებებს, თითქოს დირექტორები თავად თხოულობდნენ სამსახურიდან გათავისუფლებას. მათ ჩაურთეს ვიდეო და ეუბნებოდნენ, რომ მათი სკოლის მოსწავლეები აქციაში იღებდნენ მონაწილეობას და ამიტომ სამსახურიდან უნდა წახვიდეთ."

დიმიტრი შაშკინი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
სრულიად საპირისპირო განცხადებას აკეთებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი აღნიშნულ საკითხზე და ამბობს, რომ სკოლის დირექტორები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არ გაუთავისუფლებია. მისი თქმით, სკოლის დირექტორებმა თავად მიმართეს სკოლების სამეურვეო საბჭოს წევრებს გათავისუფლების თხოვნით, რადგან, როგორც ჩანს, მათ თავადვე მიიჩნიეს, რომ ვერ უზრუნველყვეს სასწავლო პროცესის ორგანიზებულობა და სრულყოფილად მიმდინარეობა: ”საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი არ ათავისუფლებს საჯარო სკოლების დირექტორებს. რვა საჯარო სკოლის დირექტორმა დაწერა განცხადება წასვლის თაობაზე და მიმართა სამეურვეო საბჭოებს. ეს მათი პირადი გადაწყვეტილებაა”, - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.

როგორც დირექტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი თეა თუთბერიძე ამბობს, გათავისუფლებულ დირექტორთა შორის არის 151-ე, 173-ე, 161-ე, 52-ე და მეორე სკოლის დირექტორები, თუმცა სკოლის დირექტორები კომენტარისაგან თავს იკავებენ. მათი გათავისუფლების ან სამსახურიდან წასვლის შესახებ ინფორმაციას არც სკოლის პედაგოგები ფლობენ, ყოველ შემთხვევაში, პირად საუბარში აცხადებენ, რომ ამის შესახებ არაფერი იციან და რომ დირექტორები თავიანთ მოვალეობას ძველებურად ასრულებენ.
XS
SM
MD
LG