Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოზარდები პირადობის მოწმობას მშობლების მინდობილობის გარეშე აიღებენ


საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი
საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტში „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირდობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქეთა პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებების საკითხს განიხილავენ, რომლის თანახმად, 14 წლის მოზარდებს შეეძლებათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა მშობლების მინდობილობის გარეშე აიღონ.

საქართველოს კანონმდებლობით, პასპორტისგან განსხვავებით, პირადობის მოწმობის აღება და პიროვნების მისამართზე რეგისტრაცია 14 წლის ასაკიდან სავალდებულოა. თუმცა, ამ ასაკის მოზარდს მშობლის გარეშე პირადობის დამადასტურებელი მოწმობის აღება დღემდე არ შეეძლო. ცვლილება კანონში სწორედ ამ სიახლეს ითვალისწინებს, რაც, მარტივად რომ ვთქვათ, მოზარდებს საქმეს უიოლებს. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსის გიორგი გაბრიელაშვილის განცხადებით:

„ამის აუცილებლობა, რომ მშობელთან ერთად წავიდეს პირადობის მოწმობის ასაღებად, აღარ იარსებებს. ზოგ მოზარდს უცხოეთში ჰყავს მშობელი და ბარიერი ამითაც ექმნება, ანუ ჩვენ გავამარტივეთ ეს პროცედურა, ანუ ვალდებულება, რომელიც ისედაც აქვთ 14 წლის მოზარდებს კანონით, შეასრულოს თავად – მშობლის გარეშე“.

ახალი კანონის მიხედვით, მოზარდის ფოტოიდენტურობის დადასტურება, მშობლის გარდა, ასევე შეეძლება მასწავლებელს ან, მაგალითად, სოფლის რწმუნებულს. კანონში ასეთი პირების ჩამონათვალიც იქნება.
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც კანონიდან მშობლების რგოლი ამოვარდა, არის ის, რომ 14 წლის ასაკის მოზარდს, რომელსაც უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს, მაგალითად, ოჯახური ძალადობის შემთხვევაში, ან შეუძლია წარსდგეს მოწმედ, შესაძლოა, მშობლებმა ხელი შეუშალონ – გვეუბნება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი:

„როდესაც ოჯახური ძალადობის ფაქტი ხდება, შესაძლოა, მოზარდმა სასამართლოს მიმართოს სწორედ მშობლის წინააღმდეგ და თუ ამ დროს შენ ახალგაზრდას უქმნი სამართლებრივ ბარიერს პირადობის მოწმობის აღებისას, ურთულებ ცხოვრებას. ამიტომ ჩვენი მიდგომა ასეთია, რომ პროცედურები მაქსიმალურად გავამარტივოთ, და მოკლე ვადასა და მცირე დანარხარჯებით იყოს შესაძლებელი მოქალაქემ მისთვის საჭირო დოკუმენტაცია აიღოს“.

მისი თქმით, პრობლემები იქმნება ხოლმე მზრუნველობა მოკლებული ბავშვების. ე.წ. ქუჩის ბავშვების შემთხევაშიც:
„თუ ვერ ხდება ორივე მშობლის მოძიება და მათი სახელით განცხადების წარდგენა, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში პირადობის მოწმობის გასაცემად, საჭირო ხდება უკვე ფაქტის დადგენა, რომ ეს ბავშვი ნამდვილად არის დაბადებული და შეუძლია პირადობის აღება, ანუ მას ექმნება ბარიერი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასაღებად“.

საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტშიც იმსჯელეს. კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში ამბობს, რომ აღნიშნული ცვლილება განსაკუთრებით უიოლებს ცხოვრებას უცხოეთში მცხოვრებ 14 წლის ასაკს მიღწეულ მოზარდებს და უბრალოდ, პასუხობს დროის მოთხოვნას.

ამ საკითზე 14 წლის მოზარდების აზრიც იყოფა და მათი მშობლებისაც. ნაწილი ფიქრობს, რომ ზედმეტი დამოუკიდებლობის მინიჭებას პრობლემები მოჰყვება. ნაწილიც პირიქით – დარწმუნებულია, რომ 14 წელი სწორედ ის ასაკია, როდესაც საკუთარი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის აღებაში მოზარდმა მშობლის დრო ტყუილად არ უნდა დახარჯოს.

„მშობელს ვინ ეკითხება“...

„ჩემი აზრით, კარგი ისაა, რომ მშობელთან ერთად აიღებ პირადობას“...

„მე მგონი, სრულწლოვანი უნდა გახდე და მერე აიღო პირადობა“...

„მე მგონი, არ არის კარგი კანონი, მაგრამ რატომ, არ ვიცი“...

„ბავშვი რომ დამოუკიდებლად იგრძნობს თავს, ის უარესს გააკეთებს“...

„არა მგონია, მაგაში რამე ცუდი იყოს, მაგრამ 14 წელი, მე მგონი, არ არის ის ასაკი, როცა მშობლის გარეშე უნდა წყვეტდეს ყველაფერს“... (სტილი დაცულია).
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG