Accessibility links

logo-print

რუსმა მესაზღვრეებმა ქართველი არასრულწლოვანი დააკავეს


რუსმა ეგრეთ წოდებულმა მესაზღვრეებმა ოსურ სოფელ ღრომთან დააკავეს ქართველი მოზარდი, რომელსაც პირადობის დამადასტურებელი საბუთები არ აღმოაჩნდა. ოსური სააგენტოების ცნობით, მოზარდი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, მეზობელი ქართული სოფლის, მეჯვრისხევის, მოსახლეა და ღრომის ტერიტორიაზე შევიდა. რუსებმა მოზარდი ოსურ უშიშროებას გადასცეს და ცხინვალში გადაიყვანეს. როგორც ოსური საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, ღრომთან მიმოსვლის გამარტივებული რეჟიმი მოქმედებს და მოზარდს შესაბამისი საბუთებით უპრობლემოდ შეეძლო შესვლა. მეჯვრისხევის გამგებელმა ხვიჩა ცარიელაშვილმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ დაკავებული ალექსი ხუროშვილი 15 წლისაა და იგი ხშირად მიდიოდა ხოლმე ღრომის მიმართულებით, სადაც სოფლის განაპირა მიწის ნაკვეთებია.

უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში, რუსმა ე. წ. მესაზღვრეებმა საქართველოს სამი მოქალაქე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. ოსური საინფორმაციო საშუალებების გავრცელებული ინფორმაციით, მარნეულის რაიონის მაცხოვრებელი გიორგი ელბაქიძე ცხინვალის სამხრეთ-აღმოსავლეთის ტერიტორიაზე ე. წ. საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დააკავეს. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა თეიმურაზ ხუგაევმა სპეციალურ თათბირზე დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის მოახსენა. მისი თქმით, ელბაქიძის საქმეს ამჟამად დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო სწავლობს. მანამდე რუსმა მესაზღვრეებმა კიდევ ერთი ქართველი, ნიკოლოზ რაზმაძე დააკავეს, რომელსაც ასევე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ბრალდება. მის მიმართ ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ოსურმა მხარემ რაზმაძის ვინაობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად დახმარება „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტს სთხოვა. ეს ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ამჟამად ცხინვალში საქმიანობს და, ძირითადად, ჰუმანიტარულ საკითხებზე მუშაობს. ელბაქიძის დაკავების შესახებ ქართველმა სამართალდამცავებმა ოსური საინფორმაციო საშუალებებიდან შეიტყვეს. არადა, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირებისათვის შექმნილი სამუშაო ჯგუფების ბოლო შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების თანახმად, „ცხელი ხაზის“ მეშვეობით, კონფლიქტის ზონაში ნებისმიერ ინციდენტზე ქართველ და ოს სამართალდამცავებს ინფორმაცია უნდა გაეცვალათ.

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე შალვა ტრამაკიძე ამბობს, რომ მას ოსი კოლეგები არ დაკავშირებიან, ამიტომ პოლიციას ელბაქიძის დაკავებაზე ინფორმაცია არ ჰქონდა. საქმე იმანაც გაართულა, რომ დაკავებული მარნეულის რაიონიდანაა და მისი დაკარგვის შესახებ პოლიციაში განცხადება არ შესულა. სხვა შემთხვევებში, როცა გორის ან ქარელის რაიონის მაცხოვრებელთა დაკავება ხდება ხოლმე, ადგილობრივი პოლიცია ინფორმაციას ახლობლებისგან და ნათესავებისგან ოპერატიულად იღებს, ამ შემთხვევაში კი ეს არ მომხდარა. შალვა ტრამაკიძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, რომ ცხინვალს ვითარების გასარკვევად დღეს დაუკავშირდება.

სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე, შალვა ტრამაკიძე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაშია. ერგნეთში ამ ჯგუფის ბოლო შეხვედრა 28 ოქტომბერს გაიმართა. მხარეებმა მაშინ 11 საკითხზე იმსჯელეს. იქვე გადაწყდა, რომ, ერთწლიანი პაუზის შემდეგ, სამართალდამცავებს შორის „ცხელი ხაზი“ ამოქმედდებოდა, მაგრამ ელბაქიძის მიმართ ეს პირობა არ შესრულდა. ერგნეთის შეხვედრის დასასრულს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ ოსურმა მხარემ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის დაკავებული ოსი ეროვნების მოქალაქე ძუკაევის განთავისუფლება მოითხოვა.

ქართველი პოლიციელები ოს კოლეგებთან მოლაპარაკების გამართვას აპირებენ, ჯერჯერობით უცნობია, მოითხოვს თუ არა ოსური მხარე ელბაქიძის ძუკაევში გაცვლას. ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, თომას ჰამარბერგის მიერ მხარეებთან მიღწეული მემორანდუმის მიხედვით, საზღვრის უნებურად დამრღვევების განთავისუფლება, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს. ამ პირობას ოსური მხარე ასრულებდა და წინა თვეებში დაკავებული პირების სასამართლო პროცესები ოპერატიულად ტარდებოდა, დაკავებულებს კი დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიიდან აძევებდნენ ხოლმე.

რაზმაძე 26 ოქტომბერს, ელბაქიძე კი 6 ნოემბერს დააკავეს. მათი განთავისუფლება ჭიანურდება. გარდა ამისა, ცხინვალის ციხეში კიდევ რჩება საქართველოს ათამდე მოქალაქე, რომლებსაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალი აქვთ წაყენებული; ოსური მხარე კი კვლავ დაჟინებით მოითხოვს დაკავებულთა გაცვლას პრინციპით: „ყველა ყველაზე“, რასაც ქართული მხარე არ თანხმდება, რადგან აგვისტოს ომამდე დაკავებული არაერთი ოსი ეროვნების ადამიანი მძიმე დანაშაულისთვის - მათ შორის, გორის ტერაქტის მოწყობისთვის - სასჯელს საქართველოს ციხეებში იხდის.
XS
SM
MD
LG