Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატები „საშინაო დავალებას“ არ ასრულებენ


ევროკომისიის მიერ 9 ნოემბერს დამტკიცებული ყოველწლიური ანგარიში საკმაოდ მძიმე სურათს წარმოადგენს გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისათვის. ანგარიშის თანახმად, წევრობის კანდიდატი ცხრა ქვეყნიდან მხოლოდ ხორვატიას აქვს რეალური შანსი, რომ უახლოეს მომავალში ევროპის ბლოკის წევრი გახდეს. ევროკავშირის მეზობელი აღმოსავლეთ ბალკანეთის სხვა ქვეყნები, ისევე როგორც თურქეთი, კავშირის მთავარ მოთხოვნებს არ ასრულებენ.

ევროკავშირის მიერ კანდიდატი ქვეყნების მიერ გაწეული პროგრესის ანგარიში პირველია მას შემდეგ, რაც ლისაბონის ხელშეკრულება ძალაში შევიდა. 9 ნოემბერს, როდესაც ყოველწლიური ანგარიშის შედეგებს აქვეყნებდა, ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისარმა შტეფან ფიულემ განაცხადა, რომ გაფართოება აუცილებლობას წარმოადგენს.

„ეკონომიკური არასტაბილურობის ატმოსფეროში, შესაძლოა ადამიანებმა იკითხონ, „რა მიზანი აქვს გაფართოებას“? გაფართოებას აქვს მიზანი იმიტომ, რომ იგი აძლიერებს მშვიდობასა და სტაბილურობას ევროპაში. გაწევრიანების კანდიდატ ჩვენს ახლო მეზობელ ქვეყნებში დემოკრატიისა და ფუნდამენტური თავისუფლების ხელშეწყობასა და სამართლებრივი ნორმების კონსოლიდაციაზე ფოკუსირებული გაფართოების პოლიტიკა ევროკავშირს უსაფრთხოს ხდის“.

ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისარი შტეფან ფიულე
გაფართოება, რომელმაც უნდა წარმოაჩინოს ბლოკის ტრანსფორმირების ძალა და გაზარდოს წევრი ქვეყნების რაოდენობა, ემსახურება თავად ევროკავშირის ინტერსებსაც, აქცევს რა მას გლობალურ მოთამაშედ. თუმცა, ყოველწლიური ანგარიშით თუ ვიმსჯელებთ, ევროკავშირმა ან ძალიან ცუდად იმუშავა მეზობლების ტრანსფორმირებისთვის, ანდა თავად მეზობლებმა დაკარგეს რეფორმების მიმართ მონდომება. შტეფან ფიულეს თქმით, ევროკავშირის ძირითად სტანდარტებს ვერ შეესაბამება ლიდერი ხორვატიაც კი, რომელიც მომავალი წლისათვის იმედოვნებს გაწევრიანების მოლაპარაკების დასრულებას.

„ევროკომისია ვარაუდობს, რომ მოლაპარაკებები დასრულდება მაშინ, როდესაც ხორვატია მიაღწევს სავალდებულო საბოლოო სტანდარტებს, კერძოდ, იურისპრუდენციისა და ძირითადი უფლებების სფეროში, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ჩათვლით“.

საბოლოო სტანდარტები უნდა იყოს მიღწეული იმისათვის, რათა, ფიულეს აზრით, თავიდან იქნეს აცილებული ევროკავშირის „ვერიფიკაციის მექანიზმის“ ამოქმედება, ქვეყნის ევროკაშირში გაწევრიანების შემდეგ. ასეთი მონიტორინგის მექანიზმების შედეგად, 2007 წელს სანქციები დაუწესდა ბულგარეთსა და რუმინეთს, რომლებიც არ აღმოჩნდნენ მზად, ემართათ ევროკავშირის მიერ გამოყოფილი ფულადი დახმარება.

ხორვატიის გარდა, ევროკავშირის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს მაკედონია, რომელსაც მეტი პროგრესი სჭირდება შიდა პოლიტიკური დიალოგის, მართლმსაჯულებისა და სახელმწიფო ადმინისტრირების რეფორმირებისთვის, ასევე გამოხატვის თავისუფლების უზრუნველსაყოფად და ბიზნესის გარემოს გასაუმჯობესებლად. იგივე პრობლემები აქვს სერბიასაც, რასაც ემატება პოლიტიკური ნების არქონა – აღიაროს კოსოვოს დამოუკიდებლობა და დაიწყოს მასთან მოლაპარაკება. ბოსნია და ჰერცეგოვინას კი ელემენტარულიდან აქვს დასაწყები – ქვეყნის კონსტიტუცია არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ქვეყანასაც სხვა მთავრობა სჭირდებაო, – განაცხადა ფიულემ.

„ბოსნიასა და ჰერცეგოვინას სჭირდება შექმნა მთავრობისა, რომელიც ქვეყნის ევროპული მომავლის ერთგული იქნება და რელევანტური რეფორმების განხორციელებას დააჩქარებს“.

რაც შეეხება ბალკანეთის კიდევ ერთ ქვეყანას – კოსოვოს, ევროკავშირი მას უვიზო რეჟიმს სთავაზობს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა პრიშტინა, ანუ კოსოვოს მთავრობა, აღიარებს ევროპის კავშირის ყველა წევრი ქვეყნის მოთხოვნას რეადმისიის, ანუ იმის შესახებ, რომ მთავრობა თავისი მოქალაქეების უკან დაბრუნებას კისრულობს. ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიშით, კიდევ ერთ კანდიდატ ქვეყანას – თურქეთს შეახსენებენ შეუსრულებელ ვალდებულებას. ანკარას მოუწოდებენ, რომ მოაგვაროს ურთიერთობა კვიპროსთან. გარდა ამისა, ევროკავშირის კრიტიკის ქვეშ მოექცა თურქეთის პოლიტიკური რეფორმები. თურქეთის შესახებ ევროპარლამენტის მომხსენებელმა რია ომენ-როიტენმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ხაზგასმულია, რომ თურქეთში გრძელდება ზეწოლა გამოხატვის თავისუფლებაზე, გახშირდა სასამართლო პროცესები ჟურნალისტებზე და რამდენიმე ვებსაიტის აკრძალვაც შეუთავსებელია პლურალისტურ საზოგადოებასთან“.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG