Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა მუსლიმანებს ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლისკენ მოუწოდებს


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ინდონეზიაში განაცხადა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საჭიროა შეერთებული შტატებისა და მუსლიმანური სამყაროს თანამშრომლობის შემდგომი გაუმჯობესება; თუმცა ობამამ მიანიშნა, რომ მუსლიმანურმა სამყარომაც მეტი უნდა გააკეთოს ექსტრემიზმისაგან საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ბარაკ ობამამ მუსლიმანებით ყველაზე მეტად დასახლებულ ინდონეზიაში სტუმრობა გამოიყენა იმისათვის, რომ შეერთებული შტატებისა და ისლამანური სამყაროს ურთიერთობაზე ესაუბრა. ჯაკარტის უნივერსიტეტში, სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ საჭიროა „ეჭვებისა და უნდობლობის“ გადალახვა, რათა ერთიანი ფრონტი შეიქმნას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისათვის:

„ჩვენ გვაქვს გარკვეული პროგრესი, მაგრამ გასაკეთებელი უფრო მეტია. უდანაშაულო მოქალაქეები ამერიკაში, ინდონეზიასა და მთელ მსოფლიოში ჯერ კიდევ ჰყავს მიზანში ამოღებული გამძვინვარებულ ტერორიზმს. მე მკაფიოდ ვთქვი, რომ ამერიკა არც ახლა და არც მომავალში არ ჩაებმება ისლამთან ომში. პირიქით, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა დავამარცხოთ ალ-ყაიდა და მისი ფილიალები, რომლებსაც არავითარი უფლება არ აქვთ, იყვნენ ლიდერები რომელიმე რელიგიისა, მეტადრე მსოფლიოს ისეთი დიდი რელიგიისა, როგორიც ისლამია. ვისაც სურს აღმშენებლობა, არ უნდა აძლევდეს ადგილს ტერორისტებს, რომლებიც ნგრევას ესწრაფვიან. ეს არ არის მხოლოდ ამერიკის ამოცანა“.

აღსანიშნავია, რომ, ჯაკარტაში წარმოთქმულ სიტყვამდე, 17 თვის წინ ბარაკ ობამას კაიროში ჰქონდა „რევოლუციური“ გამოსვლა, რომელშიც მან ამერიკულ-მუსლიმანური ურთიერთობების „ახალი დასაწყისი“ ივარაუდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ყველა მოლოდინი არ გამართლდა, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ერთი გამოსვლა ვერ ამოძირკვავს წლების განმავლობაში დაგროვილ ანტაგონიზმს. ამჯერად ბარაკ ობამას რემარკა აშკარად შეიცავდა გამოწვევის ელემენტებს: მუსლიმანური სამყარო თავად უნდა აღუდგეს წინ ექსტრემისტებს და არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები. ბარაკ ობამას სჯერა, რომ ამ თვალსაზრისით, ინდონეზია მოწინავეა მუსლიმანურ სამყაროში.

„ჩვენ ვართ ორი სახელმწიფო, რომელმაც სხვადასხვა გზა გამოიარა. მაგრამ ორივე სახელმწიფომ აჩვენა, რომ სხვადასხვა რწმენის ასობით მილიონ ადამიანს შეუძლია გაერთიანება თავისუფლებისთვის, საერთო დროშის ქვეშ“.

10 ნომბერს, დილით, ბარაკ ობამამ ჯაკარტაში მოინახულა ისტიყლალის მეჩეთი, რომელიც უდიდესია სამხრეთ აზიაში. ობამა ინდონეზიიდან სამხრეთ კორეაში გაემგზავრება, სადაც „ოცეულის ჯგუფის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG