Accessibility links

logo-print

ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება


სამხრეთ კავკასიის მედიაკონფერენცია თბილისში

სამხრეთ კავკასიის მედიაკონფერენცია თბილისში

თბილისში სამხრეთ კავკასიის ყოველწლიური მეშვიდე კონფერენცია გაიხსნა, რომელსაც ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩი მასპინძლობს. კონფერენციის მთავარი თემა კი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და ახალი ტექნოლოგიებია. კონფერენციას ესწრებიან მედიის მუშაკები და ექსპერტები როგორც საქართველოდან, ასევე აზერბაიჯანსა და სომხეთიდან. როგორ აფასებენ სამხრეთ კავკასიასა და კონკრეტულად საქართველოში ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მედიის თავისუფლების ხარისხს კონფერენციის მონაწილეები?

„გაცილებით უკეთესი სიტუაცია იქნებოდა საქართველოში, მედიის თავისუფლებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, ხშირად რომ არ ვიწონებდეთ თავს იმის გამო, რომ ამ სფეროში ვიღაცას ორიანი ჰყავს და ჩვენ სამიანი“, – გვეუბნება ჟურნალისტი ნინო დანელია. რატომ უნდა ვადარებდეთ საკუთარ თავს პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, თუკი ვამბობთ, რომ ევროპისკენ ვიყურებით? – კითხულობს ის.

„პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველოს მართლაც ბევრად უფრო უკეთესი მდგომარეობა აქვს, მაგრამ მე არ ვუყურებ პოსტსაბჭოთა კონტექსტს, მე ვუყურებ ევროპას და სწორედ ეს უნდა იყოს ჩვენი ამოსავალი წერტილი“.

„ის კანონმდებლობები, რომლებიც საქართველოში მოქმედებს, ნამდვილად არ არის საკმარისი იმისათვის, რომ უზრუნველყოს სიტყვისა და მედიის თავისუფლება”, – ამბობს ნინო დანელია. მას მაგალითად მოჰყავს ფაქტი, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოში კანონები ირღვევა.

„საქართველო არის გამონაკლისი ქვეყანა რეგიონში, სადაც ჟურნალისტს მუნიციპალურ სხდომებზე დასწრების უფლება აქვს. მაგრამ მე ვაჩვენებ საზოგადოებას, თუ როგორ არ შეუშვეს ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის სხდომაზე ჟურნალისტი. საკრებულოს თავმჯდომარემ კი მას უთხრა, რომ ჟურნალისტის შეშვება-არშეშვების საკითხი მას არ ეხება“, – აღნიშნავს ნინო დანელია.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობები საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს და ამ მხრივ, სამხრეთ კავკასიის დანარჩენი ქვეყნებისაგან განსხვავებით, თქვენს ქვეყანაში მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელი მდგომაროებაა“, – ამას რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში ანდრეი რიხტერი, მედიის სამართლის ინსტიტუტის დირექტორი აცხადებს, თუმცა აქვე დასძენს – ეს არ აძლევს საქართველოს იმის უფლებას, რომ პრობლემა დაძლეულად ჩათვალოს: „პრობლემა ის არის, რომ კანონის იმპლემენტაციის საკითხი ბოლომდე არ არის მოწესრიგებული. არ მინდა ვთქვა, რომ ის საერთოდ არ არსებობს, თუმცა, ამ შემთხვევაში, ვაწყდებით ფსიქოლოგიურ პრობლემებს, რომლებიც მაღალჩინოსანთა გარკვეულ ნაწილს აწუხებს. ისინი ფიქრობენ, რომ თუკი ინფორმაციას ფლობენ, ეს ინფორმაცია მხოლოდ მათია და ისევე შეუძლიათ ამ ინფორმაციის ჯიბეში შენახვა, როგორც, მაგალითად, საფულის“, – შენიშნავს ანდრეი რიხტერი.

„საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი კანონი ერთია, თუმცა მთავარი მისი შესრულებაა“, – აცხადებს რადიო „თავისუფლების“ აზერბაიჯანული ბიუროს ხელმძღვანელი, ქენან ალიევი და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანში არსებობს კანონი, რომელიც ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გარანტიას იძლევა, რეალურად სიტუაცია სრულიად სხვაგვარად გამოიყურება: „ხშირად სახელმწიფო ორგანოები უბრალოდ იგნორირებას უკეთებენ ჟურნალისტების მიერ გამოთხოვილ ინფორმაციას. ამას კი იმით ხსნიან, რომ ინფორმაციის მოსაძიებლად დრო არ აქვთ. მაგრამ მიუხედავად წინააღმდეგობებისა, ჩვენ მუდმივად ვაგზავნით წერილებს ამა თუ იმ ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით“.

ჟურნალ „ლიბერალის“ რედაქტორი შორენა შავერდაშვილი მედიაში ახალი ტექნოლოგიების განვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას: იქიდან გამომდინარე, რომ ის ჯერჯერობით სრულიად თავისუფალია, იძლევა მოქმედების უამრავ შესაძლებლობას. თუმცა, ამ შემთხვევაში, რედაქტორი პრობლემას სხვა კუთხით განიხილავს: „ტექნოლოგიების თვალსაზრისით, ჩვენთან ჯერ კიდევ „ჯუნგლებია“, რადგან რედაქციებსა და „ნიუს რუმებს“ ზუსტად არ ესმით, თუ რას ნიშნავს ახალი ტექნოლოგიები და როგორ შეიძლება პროგრამული ნაწილის განვითარება. ახალი მედია არის, გვაიმედებს, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფრის ახალ მედიაში გადმოტანა ძალიან ნაადრევია. მოსახლეობის მხოლოდ 25 პროცენტი მოიხმარს ინტერნეტს და იღებს ინფორმაციას ინტერნეტიდან, ამიტომ კვერცხების მთლიანად ამ კალათში ჩადება, არ იქნება სწორი, – შენიშნავს შორენა შავერდაშვილი.

მე კარგად ვიცნობ ქართულ მედიაში არსებულ სიტუაციას, აღნიშნავს რადიო თავისუფლებასთან საუბარში კონფერენციის მასპინძელი, ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში, დუნია მიატოვიჩი. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, 12 ნოემბერს ის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდება, სადაც განიხილავენ რამდენიმე კვირის წინ გახმოვანებულ ინიციატივას მედია მფლობელთა გამჭვირვალობის შესახებ.

„მე სწორედ ამ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას და შევთავაზებ ყველანაირ დახმარებას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს კანონის ამოქმედება მედიამფლობელთა გამჭვირვალობის შესახებ, რომელიც რეალურად პასუხობს ყველა საერთაშორისო სტანდარტსა და ეუთოს მედიათავისუფლების კომიტეტის მოთხოვნებს“, – აღნიშნავს რადიო თავისუფლებასთან საუბარში დუნია მიატოვიჩი.
XS
SM
MD
LG