Accessibility links

logo-print

ბუნდოვანი თუ ეკონომიკური გაჯანსაღების ბიუჯეტი?


ბიუჯეტის პროექტის განხილვა პარლამენტში

ბიუჯეტის პროექტის განხილვა პარლამენტში

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო. კახა ბაინდურაშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ბიუჯეტის დაგეგმვის, საბიუჯეტო პარამეტრების, პრიორიტეტული დარგების დაფინანსებისა და ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ხარჯების მოცულობა მიმდინარე წლის დონეზე შენარჩუნდება და 7 მილიარდ ლარს შეადგენს, თუმცა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ზურაბ მელიქიშვილის თქმით, გაიზრდება მთავრობის მიერ შერჩეული პრიორიტეტული დარგების დაფინანსება:

„ძირითადი პრიორიტეტები ეს არის: ჯანდაცვის სფერო, რომელიც ფინანსდება 1.4 მილიარდი ლარით. ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, სოფლის მეურნეობა, განათლების მიმართულება და ამ მიმართულებითაც ვზრდით დაფინანსებას“.

ზურაბ მელიქიშვილის თქმით, 2011 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ეკონომიკის გაჯანსაღებაზეა ორიენტირებული. ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილის ცნობით კი, ამ ხრივ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება“.

„საქართველოს ისტორიაში პირველად იზრდება სოფლის მეურნეობის ბიუჯეტი 4-ჯერ. საქმე ისაა, რომ ძირითადი სამომხმარებლო საქონლის თითქმის 100% არის იმპორტირებული, რაც ძალიან ცუდია. ჩვენ ჩავდეთ 40 მილიონი ლარი სოფლის მეურნეობის პროგრამებში იმისათვის, რომ მოხდეს წარმოების ინტენსიფიკაცია და მოსახლეობა აღმოჩნდეს დაცული. პრიორიტეტად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურა და ამ მხრივ დასავლეთ საქართველოში იშლება ფართომასშტაბიანი სამუშაოები“, – განაცხადა კახა ბაინდურაშვილმა.

ფართომასშტაბიან სამუშაოებში კახა ბაინდურაშვილმა ზესტაფონი-სამტრედიისა და ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზების მშენებლობა იგულისხმა. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ასევე გაგრძელდება ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა განმუხურ-ანაკლიისა და სვანეთის მიმართულებით, რამაც, საბოლოო ჯამში, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი გაბაშვილი იმედოვნებს, ტურისტებისა და დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდა უნდა გამოიწვიოს. გიორგი გაბაშვილის თქმით, ხარჯვითი ნაწილის 7 მილიარდ ლარამდე შენარჩუნება სწორედაც რომ ქვეყნის უმთავრესი პრობლემების გადაჭრის თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი.

დასაქმებასა და უმუშევრობის დაძლევას საქართველოს უმთავრეს პრობლემად მიიჩნევენ საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც, თუმცა მათი დიდი ნაწილი მთავრობას ბიუჯეტის პროექტის ბუნდოვანების გამო აკრიტიკებს.

„ეს ბიუჯეტიც არ არის! დეტალურად რა თანხა რაზე იხარჯება, არ წერია! შარშანდელ ბიუჯეტში 3-4 ფურცელზე იყო კონკრეტული პროგრამები ჩამოწერილი, წელს კი მთელი ჯანდაცვის ბიუჯეტი ერთ გვერდზეა დაწერილი. ეს ნიშნავს, რომ არ არის გამჭვირვალე ან მთავრობას მიდგომა ჩამოყალიბებული არ აქვს“, – უთხრა ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატების წევრმა ლევან ვეფხვაძემ რადიო თავისუფლებას.

2011 წლის ბიუჯეტის პროექტს ასევე არასრულყოფილ დოკუმენტად მიიჩნევს არასამთავრობო ორგანიზაციის – კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დავით ნარმანია, რომლის თქმითაც, საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტი გადასულია პროგრამული და კაპიტალური დაფინანსების პრინციპებზე, რაც, თავის მხრივ, საბიუჯეტო პროგრამების მკაფიოდ გაწერას გულისხმობს. დავით ნარმანია ასევე ვარაუდობს, რომ ბიუჯეტის არასწორი დაგეგმვის გამო, მთავრობას საგადასახადო კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანა მოუწევს.

„მნიშვნელოვანი არის ის, რომ საბიუჯეტო შემოსავლების ზრდის გარკვეული ნაწილი არის დაგეგმილი 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე. ამდენად, ზოგიერთ გადასახადებთან მიმართებაში იზრდება გადასახადებიდან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლები, თუმცა ყველაზე მეტი ზრდა საშემოსავლო გადასახადთან მიმართებაშია დაგეგმილი, რაც, ძირითადად, გადასახადის განაკვეთის ზრდას უკავშირდება, ანუ ფიზიკური პირებიდან უფრო მეტი შემოსავლების ამოღება მოხდება“, – უთხრა დავით ნარმანიამ რადიო თავისუფლებას.

კანონის თანახმად, პარლამენტმა 2011 წლის ბიუჯეტი მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს. მთავრობის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს ამჟამად საპარლამენტო კომიტეტებში განიხილავენ.
XS
SM
MD
LG