Accessibility links

logo-print

დაკავებული სამი ქართველიდან ორი გაათავისუფლეს


ერგნეთის საგუშაგო

ერგნეთის საგუშაგო

ოსურმა მხარემ ბოლო პერიოდში დაკავებული სამი ქართველიდან ორი გუშინ საღამოს გაათავისუფლა. ალექსი ხუროშვილი და ნიკოლოზ რაზმაძე ოსმა მილიციელებმა ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს. 15 წლის ალექსი ხუროშვილი 9 ნოემბერს ოსურ სოფელ ღრომთან ეგრეთ წოდებულმა რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს და დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურს ჩააბარეს. ოსური მედიის ინფორმაციით, ხუროშვილს, რომელმაც დე ფაქტო რესპუბლიკის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, პირადობის დამადასტურებელი საბუთები არ აღმოაჩნდა. ცხინვალში დაკითხვის შემდეგ მოზარდი გაათავისუფლეს. ქართული სოფელი მეჯვრისხევი ოსურ სოფელ ღრომს ესაზღვრება. მეჯვრისხევის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები ოსურ სოფელთან ახლოსაა, ამიტომ ალექსი ხუროშვილი ამ მიმართულებით ხშირად მიდიოდა ხოლმე.

ჯერჯერობით გაურკვეველია, როდის გაათავისუფლებენ 6 ნოემბერს დაკავებულ 17 წლის გიორგი ელბაქიძეს. ოსური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, იგი ცხინვალის სამხრეთ-აღმოსავლეთით საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს და ოს სამართალდამცავებს გადასცეს. ოსურმა მხარემ მისი ვინაობის დასადგენად დახმარებისთვის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტსაც მიმართა. ქართველი სამართალდამცავები ოს კოლეგებთან მის გასათავისუფლებლად ამჟამად მოლაპარაკებას მართავენ. ოსურმა მედიამ ელბაქიძე მარნეულის რაიონის მაცხოვრებლად გამოაცხადა, თუმცა ელბაქიძის ნათესავების ცნობით, დაკავებული დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილია და კოდას ჩასახლებაში ცხოვრობდა. დაკავებულის ნათესავმა მზია ხაჭაპურიძემ არ იცის, როგორ მოხვდა გიორგი ცხინვალის ტერიტორიაზე. იგი დახმარებას საქართველოს სახალხო დამცველსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვს.

ოსურმა მხარემ უკანასკნელ პერიოდში დაკავებული სამი ქართველიდან ორი უკვე გაათავისუფლა. მას შემდეგ, რაც მხარეებმა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ თომას ჰამარბერგის მიერ შეთავაზებული მემორანდუმი მიიღეს, საზღვრის უნებურად დამრღვევების გათავისუფლება დაუყოვნებლივ ხდება. ოსური მხარე, საგამოძიებო მოქმედების შემდეგ, საქმეს სასამართლოში აგზავნის, სასამართლო კი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულებს დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიიდან აძევებს.

ამჟამად ცხინვალის ციხეში ათამდე ქართველი სასჯელს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო იხდის, მაგრამ მათ გათავისუფლებას ოსური მხარე არ ჩქარობს და მოითხოვს ყველა დაკავებულის გაცვლას პრინციპით – „ყველა-ყველაზე“, რასაც ქართული მხარე არ თანხმდება.
XS
SM
MD
LG