Accessibility links

logo-print

ევროკავშირში მომავალი ათწლეულის ენერგეტიკულ სტრატეგიაზე ისაუბრეს


გიუნტერ ოტინგერი

გიუნტერ ოტინგერი

გიუნტერ ოტინგერმა – ენერგეტიკის საკითხებში ევროკავშირის კომისარმა – მომავალი ათწლეულის ენერგეტიკულ სტრატეგიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბლოკს ინფრასტრუქტურაში ინვესტირებისთვის ტრილიონ ევრომდე თანხა ესაჭიროება. ამასთან, კომისარი გამოვიდა მოწოდებით, რომ ევროკავშირმა თავის საზღვრებს გარეთ ერთიანი ენერგეტიკული პოლიტიკა გაატაროს – ვინაიდან, მისი თქმით, ცალკეული ქვეყნების მიერ თავიანთი ინტერესების მიხედვით მოქმედება ევროკავშირის ერთიან პოზიციას ასუსტებს.

ენერგეტიკის საკითხებში ევროკავშირის კომისარმა ყურადღება გაამახვილა იმ ენერგეტიკული სტრატეგიის ძირითად ასპექტებზე, რომელსაც ბლოკი, სავარაუდოდ, მომავალი ათწლეულის განმავლობაში გაატარებს.

კომისარმა გიუნტერ ოტინგერმა – „ენერგეტიკა 2020“-ად დასათაურებული სტრატეგია ოთხშაბათს, ბრიუსელში წარმოადგინა. მისი შეფასებით, ინფრასტრუქტურის გაძლიერებისთვის ევროკავშირს ტრილიონ ევრომდე თანხა ესაჭიროება. საგულისხმოა, რომ, ოტინგერის ცნობით, მომავალი ათწლეულის განმავლობაში ბლოკის საზღვრებს გარეთ განვითარებული ინფრასტრუქტურული პროექტები რამდენიმე ქვეყანასთან თანამშრომლობას მოიცავს, მათ შორის, საქართველოს, თურქეთისა და მაღრიბის სახელმწიფოებთან.

ამასთან, კომისარი გამოვიდა მოწოდებით, რომ ევროკავშირმა თავის საზღვრებს გარეთ ერთიანი ენერგეტიკული პოლიტიკა გაატაროს – რადგან, მისი თქმით, ცალკეული ქვეყნების მიერ თავიანთი ინტერესების მიხედვით მოქმედება ასუსტებს ევროკავშირის ერთიან პოზიციას მოლაპარაკებების წარმოების პროცესში. ოტინგერის აზრით, ერთიანი ენერგეტიკული საგარეო პოლიტიკის გატარება ევროკავშირს „ძალიან ხელსაყრელ პოზიციაზე“ დააყენებს ისეთ ქვეყანასთან მიმართებით, როგორიც რუსეთია.

ზოგადად, ენერგეტიკის სექტორის რეფორმირება ევროკავშირის წინაშე მდგარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა – იმ ფონზე, როცა ბლოკი თავისი ეკონომიკის მოდერნიზებას და საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით პოზიციის კონსოლიდირებას ცდილობს.

ოტინგერის განცხადებით, ბლოკმა ენერგეტიკის ფასების ზრდის ფაქტი თავის ეკონომიკურ გეგმებში უნდა გაითვალისწინოს: „ენერგიაზე ფასები იზრდება – რაც სულ უფრო მეტად მწვავე პრობლემას წარმოადგენს როგორც ჩვენი მრეწველობის კონკურენტუნარიანობის, ისე ევროკავშირის მოქალაქეების კეთილდღეობისთვის“.

ფასების კლებისთვის, ოტინგერის აზრით, ევროკავშირმა უნდა შეამციროს თავისი დამოკიდებულების ხარისხი ძვირადღირებულ წიაღისეულ საწვავზე – ნავთობზე, გაზსა და ქვანახშირზე – და ინვესტიციები განახლებადი ენერგიის წყაროებში უნდა ჩადოს. ამგვარი ნაბიჯები ევროკავშირს კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის საშუალებასაც მისცემდა.

ევროკავშირს პირობა დადებული აქვს, რომ 2020 წლამდე ნახშიროჟანგის გამოყოფას 20%-ით შეამცირებს – და ამავე პერიოდში 20%-ით გაზრდის განახლებადი ენერგიის მოხმარებას. პარასკევს ოტინგერმა განაცხადა, რომ მას ასევე სურს, 2020 წლისთვის ევროკავშირმა 20%-ით გაზარდოს ენერგეტიკის მოხმარების ეფექტიანობა.

ოტინგერმა ენერგეტიკის წყაროების შემდგომ დივერსიფიკაციაზეც გააკეთა აქცენტი და ამას სამომავლო ენერგეტიკული სტრატეგიის მნიშვნელოვანი კომპონენტი უწოდა. თუმცა მან თავი შეიკავა იმის პირდაპირ განცხადებისგან, რომ ევროკავშირმა რუსეთზე დამოკიდებულება უნდა შეამციროს. ამის ნაცვლად, ოტინგერმა თავის გამოსვლაში ნაბუქოსა და სამხრეთის ნაკადის პროექტებზე ერთ კონტექსტში ისაუბრა: „სამხრეთის დერეფანი ევროპის ინტერესებში შედის. ჩვენ ვთვლით, რომ ევროპისა და ჩვენი გაზის ბაზრებისათვის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებაა საჭირო, რათა [კასპიის რეგიონიდან] არა მხოლოდ ნავთობის, არამედ გაზის იმპორტიც პირდაპირ განხორციელდეს. ამისათვის „ნაბუქო“ ერთ-ერთი შესაძლებლობაა – თუმცა სხვა მილსადენებიც არის, მაგალითად, სამხრეთის ნაკადი. მომავალი ათწლეულის განმავლობაში კასპიის აუზის წყაროებთან პირდაპირი კავშირების დამყარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება“.

ამასთან, ოტინგერმა ამჟამად შენების პროცესში მყოფი რუსეთისა და გერმანიის დამაკავშირებელი ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენის სამომავლო შესაძლებლობებსაც გაუსვა ხაზი – რომ ის, სავარაუდოდ, 50 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტ გაზს გაატარებს წელიწადში. რაც შეეხება ნაბუქოს – სრულად ამუშავების შემთხვევაში, როგორც ვარაუდობენ, მისი შესაძლებლობა ოდნავ გადააჭარბებს 30 მილიარდ კუბურ მეტრს წელიწადში.

ოთხშაბათის გამოსვლაში ოტინგერმა უკრაინას, რუსეთსა და ევროკავშირს შორის სამმხრივი მოლაპარაკების გამართვის პერსპექტივაზეც ისაუბრა – მოლაპარაკება შეეხება უკრაინის სამომავლო პერსპექტივას გაზის სატრანზიტო ქვეყნის როლში.
XS
SM
MD
LG