Accessibility links

ანა ფოტიგა: „პოლონელები კეთილგანწყობილი არიან ქართველებისა და საქართველოს მიმართ“


2007 წლის 27 თებერვალი, თბილისი. ანა ფოტიგა საქართველოს საგარეო საქმეთა მაშინდელ მინისტრთან გელა ბეჟუაშვილთან ერთად

2007 წლის 27 თებერვალი, თბილისი. ანა ფოტიგა საქართველოს საგარეო საქმეთა მაშინდელ მინისტრთან გელა ბეჟუაშვილთან ერთად

პოლონეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრი ანა ფოტიგა ოპოზიციურ პარტია „სამართალი და სამართლიანობის“ წევრია, ყოფილ პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის თანამოაზრე, რომელიც მკაცრად აკრიტიკებს პოლონეთის ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკას რუსეთთან და, უფრო ზოგადად, აღმოსავლელ მეზობლებთან მიმართებით.

ჩვენ უკვე ვიუწყებოდით პოლონეთში აგვისტოს მიწურულს მომხდარ შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებაზე: შეფასებების გამო, რომლებიც საქართველოს შესახებ გააკეთა პრეზიდენტმა ბრონისლავ კომოროვსკიმ (რომ ქართველებს მისი იმედი ისე აღარ უნდა ჰქონდეთ, როგორიც პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ჰქონდათ), ანა ფოტიგამ პროტესტი გამოთქვა და მაშინდელი თანამდებობიდან გადადგა. მან, კერძოდ, უარი თქვა, გაეგრძელებინა მუშაობა „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში“, რომელშიც საქართველოში მისიას ხელმძღვანელობდა. ანა ფოტიგას ვარშავაში ტელეფონით დავუკავშირდით და პირველი შეკითხვა რუსეთის შესახებ დავუსვით. შეიძლება თუ არა საუბარი „გადატვირთვაზე“ პოლონეთ-რუსეთის ურთიერთობაში?

ანა ფოტიგა: ფორმალური თვალსაზრისით, შეიძლება ასე იყოს, მაგრამ, გულახდილად რომ გითხრათ, საამისო მიზეზებს ვერ ვხედავ. რადგან იაროსლავ კაჩინსკის მთავრობაში მუშაობისას ჩვენ გვქონდა კონტაქტები, შეხვედრები, რომლებსაც სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა უწყებაში ვატარებდით და, რაც ყველაზე მთავარია, ვფიქრობ, ვახერხებდით ამ ურთიერთობებში პოლონეთის პრიორიტეტებზე ზრუნვას ... რუსეთი თანდათან ეჩვეოდა იმ გარემოებას, რომ პოლონეთი ერთ-ერთი მოთამაშეა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და ჩვენს შეხედულებებს ანგარიში უნდა გაუწიოს. ჩემი აზრით, რუსეთი რაციონალური მოთამაშეა.

თქვენ რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის წარმომადგენლები ბრძანდებით. მინდა გითხრათ, რომ კარგა ხანია, თვალს ვადევნებ ქართულ პოლიტიკას. ცხადია, როგორც ეს დიპლომატებში ხდება, ყველა ნაბიჯი არ მესმის და აუცილებელი არ არის, მათ ვეთანხმებოდე, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ აღტაცებული ვარ საქართველოს ხელისუფლებით, მისი ნების გამო, აწარმოოს პოლიტიკა და ძალიან აქტიური სამუშაო ამ მიმართულებით.

რადიო თავისუფლება: კონკრეტულად რას გულისხმობთ?

ანა ფოტიგა: ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლება და ქართული საზოგადოება აცნობიერებენ, რა გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს საქართველოს და ცდილობენ, გამოიყენონ მათს ხელთ არსებული ყველა შანსი და უპირატესობა. მათ ისიც იციან, რომ საქმე შესაძლოა, ძალიან მძიმე ვითარებამდეც მივიდეს, როგორც ეს 2008 წელს მოხდა, საქართველო-რუსეთის ომით. მე წელს ვიყავი საქართველოში და ვიცი - საქართველო-რუსეთის ომი რახან ვახსენეთ - რა როლი შეასრულა მაშინ პრეზიდენტმა კაჩინსკიმ და ვიცი, როგორ უყვართ ის საქართველოში: ხელისუფლებას კი არა, საზოგადოებას! ეს გარკვეულ დონეზე მიუთითებს, ქართული საზოგადოების ცნობიერებაში...

რადიო თავისუფლება: რახან ემოციებზეა საუბარი (იმაზე, რომ საქართველოში უყვართ კაჩინსკი), მინდა გკითხოთ, რით აიხსნება თქვენი და ყოფილი პრეზიდენტის დადებითი ემოცია, მეგობრული განწყობა საქართველოს მიმართ?

ანა ფოტიგა: იცით, ეს გასაგებია ისტორიის, პოლონეთ-საქართველოს ურთიერთობის ცოდნის საფუძველზე. ამასწინათ ვარშავაში საქართველოს ელჩს ვესაუბრებოდი იმ როლზე, რომელიც ქართველმა ოფიცრებმა შეასრულეს მეორე მსოფლიო ომის დროს. მათი აქ ყოფნა პოლონეთის მეორე რესპუბლიკის წლებში და სხვა, თუნდაც მომცრო დეტალები - ისტორიული საკითხებია, მაგრამ მათ მაინც აქვს მნიშვნელობა.

პრეზიდენტი კაჩინსკი ხშირად იმეორებდა, რომ საქართველო არის საჯილდაო ქვა. ჩვენი თვალსაზრისით, ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც მნიშვნელოვანია პოლონეთის უსაფრთხოებისათვის - მაგალითად, ენერგეტიკული უსაფრთხოება - საქართველოსთან ერთად უნდა იქნეს განხილული. კაჩინსკი ასეთი თანამშრომლობისაკენ მიისწრაფოდა, ეს არ იყო მხოლოდ ემოციები! პრეზიდენტი სავსებით რაციონალურად მოქმედებდა - მოქმედებდა პოლონეთის ინტერესებისა და საქართველოს ინტერესების შესაბამისად.

რადიო თავისუფლება: თუ პოლონეთ-რუსეთის ურთიერთობებს დავუბრუნდებით, რას ნიშნავს საქართველოსთვის ცვლილება, დათბობა პოლონეთ-რუსეთის ურთიერთობაში?

ანა ფოტიგა: იცით, დიპლომატიაში მნიშვნელობა აქვს ფაქტებსა და შედეგებს. და ყოველი პოლიტიკოსისათვის, უწინარეს ყოვლისა, მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ მოახერხოს თავისი ქვეყნის ინტერესების რეალიზაცია. მეც მნიშვნელოვნად მიმაჩნია რუსეთთან კარგი ურთიერთობა, მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, მსურს ვიხილო წინსვლა სმოლენსკის ავიაკატასტროფის მიზეზების დადგენის საქმეში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია! მინდა ვიხილო, რომ რუსეთი ჩვენ ისევე გვეპყრობა, როგორც ევროკავშირის დანარჩენ წევრებს, ანუ გვქონდეს ისეთივე, შედარებით დაბალი ტარიფი, როცა საქმე გაზის ფასს ეხება. პოლონეთი ძალიან რთულ სიტუაციაშია. ვფიქრობ, რომ რუსეთთან ბევრ საკითხზე უნდა ვაწარმოოთ მოლაპარაკება უფრო გახსნილად, თავდაჯერებულად. უნდა ვაღიარო, რომ ახლა ამას ვერ ვხედავ...

რადიო თავისუფლება: შეუძლიათ ქართველებს, ჰქონდეთ პოლონეთის მხარდაჭერის იმედი, როცა ლიდერები პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი არიან?

ანა ფოტიგა: მე ასე ვიტყოდი - ქართველებს შეუძლიათ, ჰქონდეთ პოლონეთის იმედი ნებისმიერი პრეზიდენტისა და ნებისმიერი პრემიერის მმართველობის დროს, რადგან პოლონეთი ნიშნავს პოლონელებს. პოლონელები კი კეთილგანწყობილი არიან ქართველებისა და საქართველოს მიმართ.

რადიო თავისუფლება: ეს ძალიან ლამაზად ითქვა... და მაინც, როგორ აფასებთ ამ მხრივ პოლიტკოსების მოქმედებას? პრეზიდენტმა კომოროვსკის უკვე თქვა...

ანა ფოტიგა: მე პოლიტიკას სხვაგავარად წარვმართავდი - აი, ასე შეიძლება ითქვას. ვისარგებლებდი მეგობრობის, კეთილგანწყობის უზარმაზარი მარაგით, რომელიც ჩვენს საზოგადოებებს შორის ურთიერთობაში არსებობს. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებდით პოლიტიკური, საზოგადოებრივი ურთიერთობებისთვის დიდი მნიშვნელობის მინიჭებით, უთუოდ უნდა გაფართოვდეს ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებით და იმედი მაქვს, რომ ასეც მოხდება იმისდა მიუხედავად, თუ ვინ დგას ხელისუფლების სათავეში.

ჩვენი მმართველობის დროს ვმუშაობდით ე.წ. სახელშეკრულებლო ბაზაზე, ანუ საქართველოსა და პოლონეთს შორის საერთაშორისო შეთანხმებებზე, რომლებიც შექმნიდა საფუძველს ეკონომიკის სფეროში ურთიერთობისთვის. მაგალითად, მახსოვს, მე თვითონ როგორ გამოვედი პოლონეთის პარლამენტში - სეიმსა და სენატში - ორმხრივი დაბეგვრის თავიდან აცილების საკითხზე ხელმოსაწერ შეთანხმებასთან დაკავშირებით. ასეთი შეთანხმებები აადვილებს ბიზნესის სფეროში ურთიერთობებს, ის კი ცნობილია, რომ ბიზნესი აახლოებს, რომ ეკონომიკური ურთიერთობა ხელს უწყობს ორი ქვეყნის დაახლოებას. ვისურვებდი, რომ ისინი რაც შეიძლება დაახლოებული იყვნენ ერთმანეთთან და რომ, უწინარეს ყოვლისა, შევძლოთ ერთობლივი ენერგეტიკული პროექტების განხორციელება, რაზეც ასე ოცნებობდა პრეზიდენტი კაჩინსკი. იმედი მაქვს, რომ ეს ოდესმე მართლაც მოხდება.

რადიო თავისუფლება: ქალბატონო ფოტიგა, თქვენ აგვისტოში გადადექით თანამდებობიდან „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში“, რითაც პროტესტი გამოთქვით პოლონეთის ახალი პრეზიდენტის განცხადების გამო, რომ საქართველოს ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე ამ ქვეყანას წინა პრეზიდენტის დროს ენიჭებოდა. არ ნანობთ ამ გადაწყვეტილებას?

ანა ფოტიგა: არა, არა ... ძალიან კმაყოფილი იმით, რასაც ახლა ვაკეთებ. ვმოქმედებ ისე, როგორც ჩემი პრინციპები, ცოდნა, სინდისი მკარნახობს და იმედი მაქვს, რომ დადგება დღე, როცა ისევ შევძლებ სხვაგვარად ვემსახურო - კარგად ვემსახურო პოლონეთ-საქართველოს ურთიერთობებს.
XS
SM
MD
LG