Accessibility links

სამოქალაქო საზოგადოება VS მოქალაქეთა საზოგადოება


პოლონელთა დელეგაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

პოლონელთა დელეგაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

უნივერსიტეტის მეორე კორპუსში პოლონელთა დელეგაცია სტუდენტებს, ჟურნალისტებს და, მოკლედ, მოქალაქეებს შეხვდა. შეხვედრა, დაახლოებით, ორ საათს გაგრძელდა და იგი, ზოგადად, პოსტსაბჭოთა სივრცის გარღვევის დადებით და უარყოფით მხარეებს შეეხო. პოლონეთის მოქალაქეთა საზოგადოების წევრები, მათ შორის, საქართველოში ცნობილი ადამ მიხნიკი, საზოგადოებას პოლონეთის გამოცდილებას უზიარებდა.

პრობლემა ისაა, რომ მას შემდეგ, რაც პოლონეთმა სამოქალაქო გარღვევა განახორციელა, მედიის თავისუფლებისთვის იბრძოლა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ხარისხი გაზარდა და წამყვან დემოკრატიათა გვერდით იპოვა თავი, ახალ პრობლემას წააწყდა. ეს პრობლემა გათითოკაცება და როგორც სამოქალაქო სექტორის პოლონელმა ლიდერმა იან ვიგნანსკიმ დაახასიათა, საზოგადოებრივი ინერტულობაა. ქვეყანაში ჩართულობის ხარისხი დავარდა.

,,პრობლემას ვხედავ საზოგადოებაში არსებული ურთიერთობების მერკანტილიზებაში. ანუ ვგულისხმობ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ორიენტირებულია თავის ვიწრო ინდივიდუალურ ინტერესებზე. ეს, ალბათ, იმან გამოიწვია, რომ ჩვენ კოლექტივიზმის ვითარებიდან ძალიან სწრაფად გადავხტით ინდივიდუალიზმის რეალობაში და ამ სისწრაფემ ჩვენთან ინდივიდუალიზმის ნაცვლად ეგოიზმის სახე მიიღო”.

იმავე იდეის უფრო სიღრმისეულად გააზრება პოლონეთის ცენტრალური რეგიონის მაზოვიის მმართველმა იაცეკ კოზლოვსკიმ სცადა:

,,ერთ-ერთი მთავარი, რაც კომუნიზმმა წაგვართვა, იყო საზოგადოებრივი ინსტიტუციები, რომელთა მშენებლობას ათწლეულები სჭირდება. ამას თემური ინსტიტუციები შეგვიძლია დავარქვათ. მაგალითად, პოლონეთში ოციან წლებში, სანამ დავკარგავდით დამოუკიდებლობას, არსებობდა ამგვარი ერთობები, კავშირები, რომლებიც იცავდნენ საერთო ტერიტორიებს სტიქიისგან ან ჰქონდათ საერთო მიწა, რომელსაც საერთო მიზნებისთვის იყენებდნენ. მაგრამ ეს ინსტიტუციები გაქრა. თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში კი მსგავსი ცნებების, მსგავსი აზროვნების აღდგენა ძალიან ძნელია. მაგალითად, არსებობს ტენდენცია, რომ ვარშავის ირგვლივ ტყეები საერთოდ გაიყიდოს, შემოიღობოს. ასე რომ, საერთო სარგებლობის სივრცეები ქრება, წინა პლანზე, საზოგადოების ინტერესების ნაცვლად, მოდის დეველოპერების მესაკუთრე მცირე ჯგუფების ინტერესები და საზოგადოებრივი სივრცე, სამოქალაქო ქონება ნელ-ნელა ქრება”.

სადაა გამოსავალი? არა, დარბაზი ამ გამოსავლის მოსასმენად რამდენად იყო მზად, გამიჭირდება თქმა. ალბათ მიიჩნევა, რომ მსგავსი პრობლემები ჩვენთან, ჯერჯერობით, არ დგას, რადგან კითხვები უფრო იყო: მირჩიე, მე რა გავაკეთო, როგორ დავამარცხო ზეწოლა… და ძველი და კარგად ნაცნობი კითხვები მედიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. თუმცა დარბაზს, მზა პასუხების მოსმენის ნაცვლად, პოლონელების ჯგუფში ძალიან საინტერესო დიალოგების მოსმენა მოუწია… მაგალითების სახით იყო მცდელობები, დაესახელებინათ ქვეყნები, მათ შორის, ინგლისი ან ამერიკის შეერთებული შტატები – ქვეყნები, რომლებმაც კაპიტალიზაციის, დემოკრატიისა და საზოგადოებრივი ჩართულობის დაბალანსება შედარებით უკეთ შეძლეს. ამის ფუნდამენტში, მომხსენებლების აზრით, ინდივიდის ინდივიდუალური და არა ორგანიზაციული თვითშეგნებაა. ეს შეგნება კი მოქალაქეთა საზოგადოებაში იბადება და არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებაშიო. შინაგანად ძლიერ ქვეყნებს სწორედ მოქალაქეთა ძლიერი საზოგადოებები ჰყავთო. თუმცა რა განსხვავებაა სამოქალაქო საზოგადოებასა და მოქალაქეთა საზოგადოებას შორის?

განსხვავება კი მარტივია, მოქალაქეთა საზოგადოება არაა ის, ვისთვისაც ადამიანის განსხვავებათა, მათ შორის რელიგიურ, სქესობრივ, ეთნიკურ და ზოგადად კულტურულ განსხვავებათა დაცვა ან ნახსენები საერთო სივრცის დაცვა სამსახურია, რომელშიც, მაგალითად, გრანტს იღებს. მოქალაქეთა საზოგადოება ადამიანებია, ვისაც ცხოვრების წესად აქვთ ქცეული სოციუმში თანაცხოვრება, სხვისი აზრის პატივისცემა და განსხვავებულობის დაფასება და ამ გზით საკუთარი და, შესაბამისად, საერთო სივრცის დაცვა.

რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოებას, მომხსენებლებმა ნაბიჯ-ნაბიჯ აღწერეს ის ბიუროკრატიზაციისა და იზოლაციის პრობლემები, რომლებიც ორგანიზაციული, ხშირად გარედან დაფინანსებული მოქალაქეობრიობის იდეამ განიცადა პოლონეთში. ალბათ სწორედ ამიტომაც იან ვიგნანსკიმ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციების მომრავლებაში გამოსავალი არააო, გამოსავალი განათლებასა და ინდივიდის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის სწავლებაშიაო, რადგან სხვისი სივრცის დაცვა არაპირდაპირ საკუთარი სივრცის დაცვააო.

პოსტსაბჭოთა რეალობა კი, როგორც ადამ მიხნიკმა შეხვედრაზე აღნიშნა, არა ინდივიდის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის განვითარებით და მასზე დაშენებული სივრცის დაცვის მოთხოვნილებით, არამედ განსხვავებულის გარიყვით, შეზღუდვით, აგრესიული მესაკუთრეობით და ნაციონალიზმისკენ მიდრეკილებებით გამოირჩევაო. ერთ-ერთ მაგალითად მიხნიკმა ეკლესია დაასახელა.

პოლონეთში ეკლესიამ ძალიან დიდი და დადებითი როლი ითამაშა კომუნიზმის დანგრევაში. მაგრამ ამის შემდეგ ეკლესიამ ექსპანსია სხვა მიმართულებით დაიწყო. იგი პოლიტიკურ ცხოვრებაში აგრესიულად ჩაერია, მისი რიტორიკა ევანგელისტური მიდგომებიდან იმათ წინააღმდეგ წარიმართა, ვინც უბრალოდ განსხვავებულია.

განსხვავებულობის იდეით ადამ მიხნიკი ისევ მოქალაქეთა საზოგადოებას მიადგა, რადგან, როგორც დელეგაციაში აღინიშნა, გამოსავალი სწორედ იქაა. იქ, სადაც მოქალაქეებს არ სჭირდებათ გარედან დახმარება და დაფინანსება იმისათვის, რომ მათგან განსხვავებული ან თუნდაც საერთო სივრცე დაიცვან. როგორც ვახსენეთ, მოქალაქეთა საზოგადოება VS სამოქალაქო საზოგადოებაა. ეს მარტივად ასე შეიძლება გავყოთ – ცვლილება გარედან ან ცვლილება საკუთარი თავიდან, ანუ შიგნიდან.
XS
SM
MD
LG