Accessibility links

განათლების სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ თბილისის 149-ე საჯარო სკოლის შემოწმება დაიწყო


თბილისის 149-ე საჯარო სკოლის შემოწმების თაობაზე ინფორმაცია მანდატურებთან დღევანდელი შეხვედრისას ჟურნალისტებს დაუდასტურა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა. მისი განცხადებით, მინისტრს უფლება აქვს დეტალური და ზუსტი ინფორმაცია ჰქონდეს ნებისმიერ საჯარო სკოლაში არსებულ ვითარებაზე. შაშკინის თქმით, გენერალური ინსპექცია კანონის ფარგლებში მოქმედებს და თუ რაიმე დარღვევას აღმოაჩენს, შესაბამისი რეაგირება ექნება. თბილისის 149-ე საჯარო სკოლის დირექტორი მაია გიორგაძე ერთადერთი აღმოჩნდა იმ დირექტორებს შორის, რომელმაც საჯაროდ დაადასტურა, რომ 8 საატესტატო გამოცდის გაუქმების მოთხოვნით მოსწავლეთა საპროტესტო აქციების შემდეგ განათლების სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს და სამსახურიდან წასვლის განცხადების ხელმოწერა მოსთხოვეს. მაია გიორგაძემ 10 ნოემბერს რადიო თავისუფლებას განუმარტა, რომ მისი სკოლის მოსწავლეები აქციაში არ მონაწილეობდნენ, თავად კი, განცხადების დაწერას არ აპირებს. მაია გიორგაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, - ამის შესახებ დღეს სააგენტო ინტერპრესნიუსს აცნობა თბილისის 149-ე საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელმა ხათუნა ელოშვილმა. მისივე ცნობით, დირექტორი, რომელმაც თავი შეუძლოდ იგრძნო, თავდაპირველად სახლში მიიყვანეს, თუმცა მოგვიანებით მას ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
XS
SM
MD
LG