Accessibility links

logo-print

ოცნება, რომელიც გადამდები აღმოჩნდა


ქართულ-ამერიკული აკადემია

ქართულ-ამერიკული აკადემია

6 ნოემბერს ქართულ-ამერიკულმა აკადემიამ კიდევ ერთხელ მოუყარა თავი იმ ადამიანებს, ვისთვისაც გივი ზალდასტანიშვილის გახსენება მნიშვნელოვანია. ბიზნესმენი, რომელმაც 60 წელმე მეტი ემიგრაციაში გაატარა, ბოლოს მაინც დაბრუნდა სამშობლოში, რათა მთელი სიცოცხლის ოცნება აესრულებინა. ცხრა წლის წინ, თბილისში, გივი ზალდასტანიშვილის ძალისხმევით დაარსებულმა ქართულ-ამერიკულმა აკადემიამ მრავალი სტუდენტის ოცნება რეალობად აქცია.

ადამიანმა ცხოვრებაში იმდენს უნდა მიაღწიოს, რომ სხვების დახმარებაც შეძლოს – ეს იყო გივი ზალდასტანიშვილის ცხოვრების კრედო, – ამბობენ ისინი, ვინც მას პირადად იცნობდა. ამ იდეის განხორციელებას ცდილობდა ის მთელი ცხოვრების მანძილზე. გივი ზალდასტანიშვილის ოჯახი ოქტომბრის რევოლუციის დროს საფრანგეთში, ემიგრაციაში წავიდა, იქიდან კი - ამერიკის შეერთებულ შტატებში. ცხოვრების წლები მან ამერიკაში გაატარა და უკვე ხანში შესული დაბრუნდა სამშობლოში იმისთვის, რომ აესრულებინა სანუკვარი ოცნება – დაეარსებინა სასწავლებელი, რომლის აღზრდილი, დასავლურ ღირებულებებს ნაზიარები მოქალაქეები საქართველოს მოახმარდნენ ცოდნასა და გამოცდილებას.

ქართულ-ამერიკული აკადემიის დამფუძნებელი გივი ზალდასტანიშვილი
სწორედ ამ მიზნით, იმ დროს, როცა ქვეყანაში ელემენტარული ყოფითი პირობები არ არსებობდა, გივი ზალდასტანიშვილს გაუჩნდა იდეა, გაეხსნა ქართულ-ამერიკული აკადემია და 2001 წელს განახორციელა კიდეც. დღეს აკადემიის კურსდამთავრებულთა უმრავლესობა ამერიკულ და ევროპულ დიპლომებს ფლობს.

ის ფაქტი, რომ აკადემია დღეს უკვე თვითგენერირებად ორგანიზმს წარმოადგენს, სწორედ გივი ზალდასტანიშვილისა და მისი თანამოაზრეების ჩაყრილი საძირკვლის დამსახურებაა. ერთ-ერთი პირველი, ვინც გივი ზალდასტანიშვილის იდეას მხარი დაუჭირა და დიდი სირთულეების მიუხედავად ირწმუნა მისი იდეის რეალურობა, მამუკა ხაზარაძე იყო, რომელიც დღეს ქართულ-ამერიკული აკადემიის მზრუნველთა საბჭოს თანათავმჯდომარეა. მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ გივი ზალდასტანიშვილის მონდომება და დარწმუნების ძალა მართლაც გადამდები იყო:

„მას უნდოდა, რომ ქართველ ახალგაზრდებს განათლება მიეღოთ არა უცხოეთში, არამედ ქართულ მიწაზე. მე მართლა აღფრთოვანებული ვარ იმ დღეებით, იმ წლებით, რაც მასთან მაკავშირებდა. ის იყო მართლაც უტეხი სულის ადამიანი, რომელსაც სულ უნდოდა საქართველოში დაბრუნება და მან ეს მოახერხა ღრმა მოხუცებულობაში, და არასდროს, სიცოცხლის ბოლო წუთამდე არ უთქვამს, დამასვენეთო. სულ იყო შრომაში და სულ იყო ახალი იდეების გენერატორი. საერთოდ ნათქვამია, ადამიანი იმით კი არ ფასდება, რა სახელით მოდის, არამედ იმ სახელით, რა სახელითაც მიდის, და მე ვფიქრობ, რომ გივი ზალდასტანიშვილი სწორედ იმ ადამიანებს შორისაა, ვინც დიდი სახელი დატოვა“.

წელს, 6 ნოემბერს, როდესაც კიდევ ერთხელ გაიხსენეს გივი ზალდასტანიშვილი, საღამოს მისი ძმისშვილი ელიზაბეტ ზალდასტანი-ნაპიერიც ესწრებოდა. ელიზაბეტ ზალდასტანი იხსენებს, თუ როგორი მრავალმხრივი ადამიანი იყო ბიძამისი, ადამიანი, რომელმაც, მრავალწლიანი ემიგრაციის მიუხედავად, ბოლომდე შეინარჩუნა ქართული სულისკვეთება:

„ძია გივი უნიკალური პიროვნება იყო. მე მისნაირს არც საქართველოში და არც ამერიკაში არ ვიცნობ. მას გულწრფელად სჯეროდა, რომ შეუძლებელი არაფერია. მას ჰქონდა ოცნება და მან რეალობად აქცია ეს ოცნება, მიუხედავად ძალიან ბევრი წინააღმდეგობისა. ჩვენი ოჯახის ყველა წევრისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია ამერიკული აკადემიის წარმატება. ძია გივი არ ფიქრობდა საკუთარ წარმატებაზე. მისი აზრები და გული მიმართული იყო საქართველოს წარმატებისკენ. ამ მიზნის მისაღწევად და საქართველოსთვის მომავალი ლიდერების აღსაზრდელად მას ამერიკული აკადემიის დაარსება მიაჩნდა საუკეთესო საშუალებად“.

იმ მოსაზრებას, რომ ქართულ-ამერიკულმა აკადემიამ, შეიძლება ითქვას, გაამართლა მისი დამფუძნებლის მოლოდინი, საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს საზოგადოებრივი საქმეების უფროსის, სინტია ვიტსლეის სიტყვებიც მოწმობს, რომელიც გივი ზალდასტანიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს ესწრებოდა. გივი ზალდასტანიშვილის სურვილი, აღეზარდა თაობა, რომელიც ქართულ ტრადიციებზე დააშენებდა საუკეთესო დასავლურ ღირებულებებს და რაც მთავარია, ამ ცოდნას ისევ საქართველოს მოახმარდა, განხორციელდა:

„ამერიკული აკადემია ნამდვილად უნიკალური სკოლაა, ეს არის ქართული და ამერიკული განათლების საუკეთესო ნაზავი.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკოლა ასწავლის სტუდენტებს, იყვნენ აქტიურად ჩართულნი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეს არის პირველი ნაბიჯი, რათა მათ დიდი მონაწილეობა მიიღონ სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში. ამერიკის საელჩო ძალიან ამაყობს, რომ მნიშვნელოვან მხარდაჭერასა და დახმარებას უწევს სკოლას, შესაბამისად, საქართველოს - ამ უნიკალური ინსტიტუციის მშენებლობაში“.

ქართლ-ამერიკულ აკადემიაში დღეს 200 მოსწავლეა, მათ ნაწილს ახსოვს მოხუცი, რომელიც ასაკის მიუხედავად, ენერგიას ასხივებდა და სხვებსაც უზირებდა. სტუდენტები, რომლებიც გივი ზალდასტანიშვილს იხსენებდნენ, ამბობდნენ, რომ დღეს უკვე მათი მიზანია, შემდგომ თაობებს გადასცენ ის ემოცია, რაც მათ გივი ზალდასტანიშვილთან ურთიერთობისას მიიღეს, რომ მათაც იცოდნენ, თუ ვინ იყო ის ადამიანი, ვინც საქართველოში საუკეთესო ცოდნის მიღების საშუალება მისცათ.
XS
SM
MD
LG