Accessibility links

„თავისუფალი საქართველო“ – არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკური მიზნებით


”თავისუფალი საქართველოს” ლიდერების - ზვიად ძიძიგურის, კობა დავითაშვილისა და კახა კუკავას - პრესკონფერენცია

”თავისუფალი საქართველოს” ლიდერების - ზვიად ძიძიგურის, კობა დავითაშვილისა და კახა კუკავას - პრესკონფერენცია

ეროვნული საბჭოს ბაზაზე ახალი ორგანიზაცია - „თავისუფალი საქართველო“ - დაფუძნდა, რომლის მთავარი მიზანი მასში გაერთიანებულ ”კონსერვატორული პარტიისა” და ”ხალხის პარტიის” მიზნებს ემთხვევა და პროცესებში რაც შეიძლება მეტი მოქალაქის ჩართვით, დღევანდელი რეჟიმის შეცვლას გულისხმობს.

ახალი ორგანიზაცია ეროვნული საბჭოს ბაზაზე ყალიბდება და მას „კონსერვატორების“ ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა უხელმძღვანელებს. „თავისუფალ საქართველოს“ ასეთი სტრატეგიული ამოცანა აქვს – პოლიტიკით დაკავებულნი არ იყვნენ მხოლოდ პოლიტიკოსები.

„საქართველოს გათავისუფლება სააკაშვილის რეჟიმისგან საქართველოს თითოეული მოქალაქის საქმეა, ამიტომ ჩვენი ამოცანა იქნება ამ წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩავრთოთ რეგიონები, ახალგაზრდობა; ის ჯგუფები, რომლებიც შედარებით ნაკლებად მონაწილეობენ ამ პოლიტიკურ პროცესში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ წარმატების საიდუმლო არის ძველ სიბრძნეში – „ძალა ერთობაშია“, - ესეც მთავარი მიზანი და კიდევ ერთი მცდელობა ამ მიზნის მისაღწევად.

როგორც ახალი ორგანიზაციის ხელმძღვანელი კახა კუკავა ამბობს, ისინი საქართველოს მთელ ტერიტორიას მოიცავენ:

„ჩვენი მიზანია, საქართველოს ყველა რეგიონში, ყველა ქალაქსა თუ სოფელში იყოს წარმოდგენილი ოპოზიცია თავისი აქტივისტებით და როდესაც დაიწყება აქტიური პოლიტიკური სეზონი და ეს იქნება ძალიან მალე, ჩვენმა ორგანიზაციამ ამ პროცესში მთელი საქართველო უნდა ჩართოს“.

გზა, რომელსაც ორი ოპოზიციური ძალა – ”ხალხისა” და ”კონსერვატორული” პარტიები დაადგნენ, ასეთია: ისინი აერთიანებენ ყველა მათ ხელთ არსებულ რესურსს – ფინანსურს, პოლიტიკურსა თუ ორგანიზაციულს და ქმნიან ერთგვარ მოძრაობას, არასამთავრობო ორგანიზაციას.

„თავისუფალ საქართველოში“ გაწევრიანებისაკენ მოუწოდებს ყველა მსურველს „ხალხის პარტიის“ ლიდერი კობა დავითაშვილიც: „ჩვენ არ ვთხოვთ ამ ადამიანებს, რომ პარტიის წევრები გახდნენ“.

ახალი ორგანიზაციის ლიდერებს მყარი ერთობის იმედი აქვთ და აცხადებენ, რომ შემდეგი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს შეექმნება, მხოლოდ თბილისის ცენტრში მიმდინარე მოვლენებით არ იქნება განპირობებული.
XS
SM
MD
LG