Accessibility links

logo-print
გასულ კვირაში პრაღას - და რადიო თავისუფლების პრაღის შტაბბინას - ესტუმრა ამერიკელი მწერალი მაიკლ კანინგემი, რომელსაც მისი თაობის მწერლებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ და მნიშვნელოვან ფიგურად მიიჩნევენ. საერთაშორისო აღიარება კანინგემმა ათიოდე წლის წინ მოიპოვა - 1999 წელს მისი რომანი, “საათები”, პულიცერის და სხვა პრემიებით დაჯილდოვდა; 2003 წელს კი ამ რომანის მიხედვით გადაღებულ ფილმს - რომელშიც სამი მთავარი პერსონაჟი ქალის როლებს ნიკოლ კიდმანი, მერილ სტრიპი და ჯულიან მური ასრულებენ - „ოსკარი“ და კინოკრიტიკოსთა აღიარება ერგო. კანინგემის ამ ემოციურად დამუხტულ და სტილისტურად გაბედულ რომანს უწყვეტ ხაზად გასდევს მეოცე საუკუნის ევროპული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლის, ვირჯინია ვულფის ბიოგრაფია და შემოქმედება. ინგლისელი მწერალი ქალი თავად არის “საათების” ერთ-ერთი გმირი; ამავე დროს, მისი ცხოვრება და მის მიერ შექმნილი პერსონაჟები უცნაურად ერწყმიან და ეხმიანებიან რომანის სხვა გმირების ბედს, გამოცდილებას თუ ემოციებს. “საათების” შემდეგ მაიკლ კანინგემმა კიდევ რამდენიმე საინტერესო და წარმატებული რომანი გამოსცა. ამერიკელ მწერალს მისი შემოქმედების შესახებ სალომე ასათიანი ესაუბრა.

ინტერვიუ მაიკლ კანინგემთან


სალომე ასათიანი: თავდაპირველად, თქვენს ბოლო რომანზე მინდა გკითხოთ. მას “დაღამებისას” ჰქვია და კლასიკურ ფაბულაზეა აგებული - თხრობა იწყება ერთგვარი ჰარმონიით, ეკვილიბრიუმით, რომელსაც იდუმალი უცნობის მოულოდნელი გამოჩენა არღვევს. (რომანის პერსონაჟები, ცოლ-ქმარი რებეკა და პიტერი, ნიუ-იორკში ცხოვრობენ და კულტურის სფეროში მუშაობენ. მათ მშვიდ და თვითკმარ ყოფას რებეკას ახალგაზრდა ძმის მოულოდნელი სტუმრობა არღვევს).

მაიკლ კანინგემი: დიახ, ასეა.

სალომე ასათიანი: ამგვარ ფაბულაზე დაფუძნებული ბევრი ტექსტის გახსენება შეიძლება - თუნდაც შექსპირის, ან მარკ ტვენის ნაწარმოებების. პირადად მე თქვენი რომანის კითხვისას ხშირად მახსენდებოდა ჩემი საყვარელი ფილმი, პიერ-პაოლო პაზოლინის “თეორემა”.

მაიკლ კანინგემი: ეს ჩემთვისაც ერთ-ერთი უსაყვარლესი ფილმია. დაახლოებით ორ წელიწადში ერთხელ ყოველთვის თავიდან ვნახულობ. ბოლოს მიღებს ხოლმე, ყოველ ჯერზე.

სალომე ასათიანი: ძალიან მიხარია ამის მოსმენა - ესე იგი, ჩემი ასოციაცია სწორი იყო. და მაინც, რატომ გამოიყენეთ ეს ფაბულა?

მაიკლ კანინგემი: ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ლიტერატურაში სულ ორი ფაბულა არსებობს - ვიღაც სამოგზაუროდ მიდის, ან სოფელში იდუმალი უცხო ჩამოდის. ყველა ამბავი, ყველა ნაწარმოები ამ ორიდან რომელიმე ფაბულას ეყრდნობა და მას განავრცობს. სტრუქტურული თვალსაზრისით, ჩემი წინა რომანები ძალიან გაბედული იყო - სხვადასხვა პერიოდს, ადგილს და პერსონაჟს მოიცავდა. ამჯერად კი მსურდა, გამომეცადა როგორ იწერება უფრო ტრადიციული რომანი. წინა რომანებს უფრო სიმფონიური გაქანების პრეტენზია ჰქონდათ - ეს კი, ვფიქრობ, უფრო სიმებიან კვარტეტს ჰგავს... და როგორც ადამიანს, რომელიც ბედნიერი იქნებოდა მუსიკის შექმნა რომ შეეძლოს, მინდა ლიტერატურაში მაინც ვწერო სიმფონიებიც და სიმებიანი კვარტეტის მუსიკაც.

სალომე ასათიანი: რომანის მნიშვნელოვანი ინტერტექსტია თომას მანის “სიკვდილი ვენეციაში” - ამბავი ეროტიკულ ვნებაზე სილამაზის, ახალგაზრდობის, ყველაფერი იმის მიმართ, რასაც ეს იდუმალი უცხო წარმოადგენს - პირველ რიგში იმ ადამიანის თვალში, ვისაც ვნება უჩნდება. რატომ დაესესხეთ ამ ტექსტს? ფიქრობთ თუ არა, რომ ეს, მეოცე საუკუნის დასაწყისში დაწერილი ამბავი კვლავაც შოკისმომგვრელი, აკრძალვების დამრღვევი, ერთგვარად ტრანსგრესულია?

ყოველ ჩვენგანს საკუთარი სექსუალობა აქვს. ვცდილობ მახსოვდეს ხოლმე, რომ ამა თუ იმ ადამიანზე იმის ცოდნა, ოფიციალურად ის გეია, ჰეტეროსექსუალი თუ ბისექსუალი, მის შესახებ თითქმის არაფერს გვეუბნება.
მაიკლ კანინგემი: დიახ, ჩემი აზრით კვლავაც საკმაოდ შოკისმომგვრელი და ტრანსგრესულია ამბავი, რომელიც კაცის მხრიდან უფრო ახალგაზრდა კაცის ვნებით შეპყრობილობაზე გვიყვება. ეს ძალიან ძლიერი ნარატივია, რომელიც კვლავაც არასწორ, [აკრძალულ] ვნებად აღიქმება. ხოლო ასეთი “არასწორი” ამბები ჩვენთვის ერთდროულად შემაძრწუნებელიც არის და მიმზიდველიც. განსაკუთრებით მაინტერესებდა დამეწერა ჰეტეროსექსუალი კაცის გამოცდილებაზე - რომელსაც ვნება არა იმდენად ამ კონკრეტული ბიჭის მიმართ უჩნდება, არამედ იმ ყველაფრის მიმართ, რასაც ეს ბიჭი მის წარმოსახვაში წარმოადგენს.

სალომე ასათიანი: როგორც [თომას მანის მოთხრობის გმირ] აშენბახს.

მაიკლ კანინგემი: დიახ, როგორც აშენბახს. ჩემი რომანის ფინალს ახლა არ გავამხელ, თუმცა იმას გეტყვით, რომ ჩემს პერსონაჟს, პიტერს, აშენბახის მსგავსად პლიაჟის სკამზე არ ვკლავ. [თომას მანისგან] განსხვავებით, მე ჩემს გმირს ცოტა სხვა ბედი ვარგუნე.

სალომე ასათიანი: სექსუალობის - თუ გენდერული, სქესობრივი როლების - კომპლექსურობის თემა თქვენს რომანებში ბევრგან იჩენს თავს. "საათებში" ეს განსაკუთრებით შთამბეჭდავია. თავისთავად ის ფაქტი, რომ კაცმა მწერალმა სამ ურთულეს ქალ-პერსონაჟზე ასეთი სიღრმით დაწერა, უკვე ძალიან უჩვეულოა. ამასთან, პერსონაჟების ურთიერთობა - კლარისასი და რიჩარდის, მაგალითად - მართლაც ძალიან დიდი სიღრმით, კომპლექსური სექსუალობით და შერეული, არაერთგვაროვანი ემოციებით გამოირჩევა. როგორ ფიქრობთ, ადამიანური სურვილების, ვნებების, ემოციების, სექსუალობის მთელი სპექტრის სრულად წარმოჩინება შესაძლებელია, რეალურ ცხოვრებაში იქნება ეს თუ ლიტერატურაში?

მაიკლ კანინგემი: ვფიქრობ, ამის მიღწევა ლიტერატურაში უფრო შეიძლება, ვიდრე ცხოვრებაში. მიმაჩნია, რომ მწერლის ერთ-ერთი ამოცანაა სამყარო გაართულოს - ყოველთვის განაცხადოს, რომ მოვლენები ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. დიახ, მე ძალიან მაინტერესებს სექსუალობის კომპლექსური და უკიდურესად ინდივიდუალური ხასიათი. ჩემი აზრით, ყოველ ჩვენგანს საკუთარი სექსუალობა აქვს. ვცდილობ, მახსოვდეს ხოლმე, რომ ამა თუ იმ ადამიანზე იმის ცოდნა, ის ოფიციალურად გეია, ჰეტეროსექსუალი თუ ბისექსუალი, მის შესახებ თითქმის არაფერს გვეუბნება.

სალომე ასათიანი: ანუ თქვენ იზიარებთ ზოგიერთი თეორეტიკოსის მოსაზრებას - რომ იარლიყების მიკუთვნება, სურვილების დისკურსად გადაქცევა უწინარესად დახარისხების, კონტროლის დამყარების მეთოდია - განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე სექსუალობას ეხება?

ვირჯინია ვულფი
მაიკლ კანინგემი: დიახ, ეს არის დახარისხების, კონტროლის დამყარების, რეალობის არასწორი ასახვის და მისი გამარტივების მეთოდი. ვფიქრობ, ჩვენ, ადამიანები, ყოველთვის უნდა ავჯანყდეთ, როცა კი ვინმე ცდილობს, რაღაც კატეგორიებში მოგვაქციოს, ან იარლიყები მოგვაკეროს. ჩემი აზრით, რომანების ერთ-ერთი ფუნქციაც სწორედ ეს არის - მათ უნდა შეგვახსენონ, რომ სინამდვილეში არც ერთი ჩვენგანი არც ერთ კატეგორიას არ ესადაგება. არავის არ უნდა მივცეთ იმის უფლება, რომ მოგვაქციოს რაიმე ისეთ ჯგუფში, რომლის აღწერაც რამდენიმე სიტყვით იქნება შესაძლებელი.

სალომე ასათიანი: როგორ ფიქრობთ, მაინც რატომ ცდილობს საზოგადოება სექსუალობის გაკონტროლებას?

მაიკლ კანინგემი: იცით, ამ შეკითხვას საკუთარ თავსაც ვუსვამ ხოლმე. როცა ამერიკაში მემარჯვენე ძალები ასეთი მგზნებარებით გამოდიან ხოლმე ჰომოსექსუალებისთვის თანასწორი უფლებების მინიჭების წინაააღმდეგ - მართლა არ მესმის, რა არის პრობლემა. ჩემთვის ეს ერთგვარ ამოუცნობ ამბად რჩება. ცხადია, მე მხოლოდ აშშ-ის ვითარებას ვიცნობ და ამაზე ვსაუბრობ - ვფიქრობ, იქ არსებობს მოთხოვნილება ვინმეზე, ვისიც შეგვეშინდება, ვისკენაც აგრესიას მივმართავთ. ჩვენ კვლავაც ძალიან გვეშინია არათეთრკანიანების და ქალების - თუმცა ამ შიშების, ამგვარი ქედმაღლობის ღიად გამოხატვა აღარ ითვლება მართებულ ნაბიჯად. აი გეებზე ამის თქმა კი კვლავაც შესაძლებელია. ამიტომაც, ისინიც კი, ვისაც შეიძლება გულში ამის არ სჯერა, საჯაროდ მაინც აცხადებენ, ქალებს და არათეთრკანიანებს თანასწორი უფლებები უნდა მიენიჭოთო. მაგრამ გეებს შეიძლება, ამგვარი უფლებები წაართვა - და ამას არაფერი მოჰყვეს. გეები ერთ-ერთი ბოლო უმცირესობაა, რომელიც კვლავაც შევიწროებას განიცდის, მაგრამ ეს აუცილებლად დამთავრდება. ბოლოს ყველა შევიწროება მთავრდება - თუმცა ზოგიერთს ამისათვის მეტი დრო სჭირდება ხოლმე.

სალომე ასათიანი: ისევ თქვენს ბოლო რომანს რომ დავუბრუნდეთ - მისი კიდევ ერთი მთავარი თემა ცხოვრების ჩვეულებრივობის, ორდინარულობის საკითხია. მთავარი გმირი - პიტერი - რომანის ბოლოსკენ ხვდება, რომ ახალგაზრდობის, თავისუფლების, სექსუალური თუ სოციალური ნონკონფორმიზმის მიმართ მისი ვნება დიდწილად ილუზორულია - რომანტიკული იდეაა, რომელიც მხოლოდ მის თავში არსებობს. პიტერი თავის ჩვეულ, რუტინულ ცხოვრებას უბრუნდება, თუმცა მას უწინდელივით ტრივიალურად აღარ აღიქვამს. არის თუ არა ეს კვლავ ვირჯინია ვულფის მისამართით გაკეთებული ჟესტი? ვულფის, რომელიც უწინარესად სწორედ ერთი შეხედვით “ტრივიალურ” ცხოვრებას აღწერდა - განსაკუთრებით ქალების ყოფას - და აჩვენებდა, რომ ამ ვითომდა ორდინარულობის მიღმა ინდივიდების ძალა, გაბედულება და კომპლექსური ხასიათები იმალება?

მაიკლ კანინგემი: დიახ, ეს ნამდვილად ასეა. ერთ-ერთი ასპექტი, რაც ასე ძალიან მიყვარს ვირჯინია ვულფის შემოქმედებაში, სწორედ ეს არის - მისი ჯიუტი განაცხადი, რომ ერთი შეხედვით "ორდინარული" ცხოვრება რეალურად ორდინარულის გარდა ყველაფერია ჩვენთვის - იმ ხალხისთვის, ვინც ამ ცხოვრებით უშუალოდ ცხოვრობს. ჩვენთვის ჩვენი ცხოვრება საოცარია და ეპიკურ მასშტაბებს აღწევს. ვულფმა - როგორც მანამდე ფლობერმა, ასევე ჯოისმა - სწორედ ეს თქვა. რომ არა, "ორდინარული ცხოვრება", როგორც ასეთი, არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ადამიანების ცხოვრების არასწორი და შეზღუდული აღქმა და აღწერა. ჩემი აზრით, ვულფი განსაკუთრებული გაბედულებით გამოირჩეოდა იმიტომ, რომ ამ ერთი შეხედვით ორდინარული ცხოვრების ისტორიების გარდა, ის ქალების ცხოვრებას აღწერდა.

სალომე ასათიანი: რაც მან საოცარი ოსტატობით შეძლო "მისის დალოვეიში", რომელიც თქვენი ცნობილი რომანის, “საათების” ერთგვარ სარჩულს წარმოადგენს. ახლა კი უნდა დაგისვათ შეკითხვა, რომელიც ალბათ უკვე ათასჯერ გაქვთ მოსმენილი. როგორ გაგიჩნდათ „საათების“ დაწერის სურვილი? და რატომ “მისის დალოვეი”?

მაიკლ კანინგემი: ეს ეტაპობრივად მოხდა. "მისის დალოვეი" ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი წიგნი იყო, რომელიც წავიკითხე. და მან ჩემი ცხოვრება შეცვალა. ვერ წარმომედგინა, რომ ენით, თუ ენაში, ისეთი რაღაცეების გაკეთება შეიძლებოდა, რაც ვირჯინია ვულფმა ამ რომანში შეძლო. ვირჯინია ვულფი ჩემი პირველი სიყვარულია. ეს შეიძლებოდა, სტენდალი ყოფილიყო, ან ტოლსტოი - მაგრამ ვიღაცამ სწორედ ვულფის წიგნი ჩამიდო ხელში მაშინ, როცა 15 წლის ვიყავი. და ასე დაიწყო ჩემი მთელი ცხოვრების სიყვარული.

"საათებს" რაც შეეხება - ის თავიდან "მისის დალოვეის" განახლებული ვერსია უნდა ყოფილიყო. მაინტერესებდა, როგორი იქნებოდა მისის დალოვეი - ვულფის რომანის მთავარი გმირი - თუკი მას თანამედროვე ამერიკის კონტექსტში ჩავსვამდით. მაგრამ თანდათან მივხვდი, რომ ეს საკმარისი არ იყო.

სალომე ასათიანი: ანუ, სამის ნაცვლად თავიდან მხოლოდ ერთ ამბავს წერდით.

კინოფილმ "საათების" სარეკლამო პლაკატი
მაიკლ კანინგემი: დიახ, ერთ ამბავს. შემდეგ ამას მეორე დაემატა, თავად ვირჯინია ვულფზე - თუმცა მაინც ვგრძნობდი, რომ ესეც არ იყო საკმარისი. წერის პროცესში მესამე ამბავიც გამოიკვეთა - ქალზე, რომელსაც ლორა ბრაუნი ჰქვია და რომელიც "მისის დალოვეის" კითხულობს. და აი ამ მომენტში უკვე დამაკმაყოფილა მონახაზმა - ვგრძნობდი, რომ ამ რომანის დაწერას შევძლებდი. წიგნში გაჩნდა ვირჯინია ვულფი - მწერალი; კლარისა დალოვეი - პერსონაჟი და ლორა ბრაუნი - მკითხველი. სრულყოფილი ტრიუმვირატი შედგა - და წერასაც შევუდექი.

სალომე ასათიანი: “საათების” ეკრანიზაციაზე რა აზრის ხართ?

მაიკლ კანინგემი: ფილმი ძალიან მომეწონა. ალბათ ძალიან ცოტა მწერალს შორის ვარ, რომლებიც თავიანთი რომანის ეკრანიზაციაზე პოზიტიურად საუბრობენ. მაგრამ, ჩემი აზრით, მართლა მშვენიერი ფილმი გადაიღეს.

სალომე ასათიანი: თუმცა, ამავდროულად თქვენს ერთ-ერთ ინტერვიუში წავიკითხე, რომ ფილმის პერსონაჟები ძალიან განსხვავდებოდნენ თქვენს წარმოსახვაში არსებული გმირებისგან.

მაიკლ კანინგემი: რასაკვირველია. ეს შეუძლებელიც იქნებოდა - ვირჯინია ვულფის პერსონაჟზე წერისას ნიკოლ კიდმანი ნამდვილად არ მყავდა წარმოდგენილი. არც მერილ სტრიპზე ვფიქრობდი მაშინ, როცა კლარისა დალოვეიზე ვწერდი. მაგრამ შენს მიერ გამოგონილ პერსონაჟებად ამ მასშტაბის მსახიობების ხილვა მართლა საოცარი გრძნობაა. ამდენი წელი გავიდა და ბოლომდე ჯერაც ვერ ვიჯერებ, რომ ეს მართლა მოხდა.

სალომე ასათიანი: რომანის კითხვისას მის პერსონაჟებს ყველა წარმოვიდგენთ ხოლმე - და ამას ყველა სხვადასხვანაირად ვაკეთებთ.

მაიკლ კანინგემი: დიახ, ნამდვილად ასეა.

სალომე ასათიანი: მაგრამ, როცა ფილმი გამოდის ეკრანებზე - განსაკუთრებით ასეთი მასშტაბის, ჰოლივუდის ნაწარმი - ეს იერსახეები ყველასთვის ერთი, უცვლელი ხდება. თქვენს პერსონაჟებს ახლა ყველა ნიკოლ კიდმანის, მერილ სტრიპის და ჯულიან მურის მიერ განსახიერებულად წარმოიდგენს. როგორ ფიქრობთ, ეს არ ზღუდავს წიგნის აღქმის პროცესს?

მაიკლ კანინგემი: დიახ. ვფიქრობ, ეკრანიზაციის ერთ-ერთი პრობლემა სწორედ ეს არის. კლარისა დალოვეის როლში მერილის ნახვის შემდეგ კლარისას შენს ვერსიას ვეღარ წარმოიდგენ. ამიტომაც, როცა რომელიმე ეკრანიზაციის ნახვას გადავწყვეტ, მანამდე ყოველთვის ვცდილობ რომანი წავიკითხო ხოლმე. ამას ყველას ვურჩევდი, თუ შესაძლებლობა გაქვთ. მაგრამ თუ ეს შეუძლებელია - მერილ სტრიპის წარმოდგენაც არ არის ურიგო საქმე. [ბევრი რომანის პერსონაჟებს] ამაზე ბევრად უფრო ცუდი ბედი ერგო.

სალომე ასათიანი: როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია ხელოვნების მნიშვნელოვან ნიმუშზე ერთგვარი კომენტარის გაკეთება მისი უბრალოდ სხვა ეპოქაში გადატანით? "საათების" შედეგად "მისის დალოვეი" უფრო აქტუალური გახდა ჩვენს დროში?

მაიკლ კანინგემი: ის ნამდვილად უფრო მეტმა ადამიანმა წაიკითხა. ფილმ "საათების" ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ "მისის დალოვეი" ბესტსელერების სიაში მოხვდა, ხალხი მას გაგიჟებით ყიდულობდა. ამან უზარმაზარი კმაყოფილება მომგვარა. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ჩემმა წიგნმა "მისის დალოვეის" ხელახალი გააზრების თვალსაზრისით ვერაფერი გააკეთა, მან ეს რომანი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ნამდვილად დააბრუნა. ეს კი, ჩემთვის "საათების" დაწერის ერთმნიშვნელოვნად დადებითი შედეგი იყო.

სალომე ასათიანი: გენდერის და ქალი პერსონაჟების საკითხს რომ დავუბრუნდეთ - დასავლურ ლიტერატურულ ტრადიციაში კომპლექსური ქალი-პერსონაჟები იშვიათობას წარმოადგენს. პროზა ყოველთვის კაცების პრეროგატივა იყო - უმეტესად სწორედ ისინი იყვნენ ავტორები და, როგორც ბევრი ფემინისტი აღნიშნავს, ამიტომ ქალებს ძალიან შეზღუდული, ერთგანზომილებიანი პერსონაჟები ერგოთ ისტორიულად - ქალწული ან მეძავი; ცოლი ან "femme fatale". რასაკვირველია, არსებობს რომანები - "საათები" ერთ-ერთი ასეთია - რომლებიც ასეთ შეზღუდვებს არღვევს და ქალ-პერსონაჟებს მრავალგანზომილებიან, რთულ ინდივიდებად სახავს, ემოციური ცხოვრების მთელი კომპლექსურობით. მინდა გკითხოთ, წერის დროს - კონკრეტულად "საათებს" როცა წერდით - თუ ითვალისწინებდით ამ სირთულეს.

მაიკლ კანინგემი: დიახ. მე კაცი ვარ - და ყოველთვის, როცა შენი უშუალო გამოცდილების გარეთ გადიხარ, სარისკო ნაბიჯს დგამ. მაგრამ მე მომწონს ქალები. ეს შესაძლოა ძალიან ბანალურად ჟღერდეს - თუმცა მე ვფიქრობ, რომ ბევრ კაც მწერალს, ვის რომანებსაც ვკითხულობ, ქალები დიდად არ მოსწონს და არ აინტერესებს. მე მომწონს ქალები და საოცრად მაინტერესებს ისინი. ამ რომანის ქალ პერსონაჟებზე როცა ვფიქრობდი და ვწერდი, კიდევ უფრო აშკარად დავინახე, რომ, მართალია, სქესებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობს, ფუნდამენტურ დონეზე სხვაობა მაინც არ არის დიდი.

სალომე ასათიანი: და რომანს ამის გამოხატვა შეუძლია?

ვერ წარმომიდგენია, რომ ეპიკური რომანებისთვის აუცილებელი მასალა ოდესმე ამოიწურება.
მაიკლ კანინგემი: დიახ. ვფიქრობ, ჩვენს სულებს სქესი არა აქვთ. რომანს კი შეუძლია ადამიანში ისეთ სიღრმეებს ჩაწვდეს, რომ სწორედ მისი სული დაგვანახოს.

სალომე ასათიანი: განსხვავებულ საკითხზე მინდა გკითხოთ - დღეს ბევრი საუბრობს შემოქმედებითობის, თუ დიდი იდეების კრიზისზე, რომელსაც ხშირად ხელოვნების კომერციალიზაციით ხსნიან - იმით, რომ კულტურისა და ხელოვნების სფეროს მდიდარი ადამიანები განაგებენ. როგორ ფიქრობთ, მხოლოდ ეს არის მიზეზი? იქნებ საქმე უფრო ზოგად მდგომარეობასთან გვაქვს, რომელშიც დღეს დასავლეთი იმყოფება. რატომ არის, რომ ჯერ კიდევ 1960-იან წლებში იწერებოდა უდიდესი მნიშვნელობის რომანები, იქმნებოდა ახალი კინოენა, ახალი ფილოსოფიური მიმდინარეობები - ახლა კი ყოველივე ეს ძალიან იშვიათი გახდა? ამ კითხვის პასუხად ბევრს ზოგადი ვითარება მოჰყავს - ერთგვარი პოსტ-პოსტმოდერნული მდგომარეობა, გაურკვეველი, ბუნდოვანი ეტაპი. პოსტმოდერნისტებმა ბევრი იქილიკეს მნიშვნელოვან იდეებზე, „გრანდ-ნარატივებზე“, კლასიკურ ტექსტებზე თუ განმანათლებლობის იდეალებზე - ახლა კი წინსვლისთვის, სიახლისთვის აღარც საშუალება დარჩა და აღარც ენა.

მაიკლ კანინგემი: ჩემი ვარაუდით, წარსულშიც ბევრი თაობა მიიჩნევდა, რომ უკვე ყველაფერი ნათქვამი იყო და წინსვლისთვის საშუალება აღარ არსებობდა - მანამ, სანამ რომელიმე გასხივოსნებული გენიოსი გამოჩნდებოდა და დაამტკიცებდა, რომ ეს ასე არ არის. მსოფლიოს ჯერ კიდევ შემორჩა მწერლების აღიარების უნარი - ნახეთ, რამხელა აჟიოტაჟი მოჰყვა ჯონათან ფრენზენის რომან "თავისუფლებას" - რომელიც, ჩემი აზრით, გაბედული რომანია, და სქელტანიანიც - ახლა მას მთელი ევროპის გარშემო დავატარებ. ვფიქრობ, იმედი ყოველთვის არსებობს. ხელოვნება ყოველთვის ვითარდება - შეიძლება ისე სწრაფად არა, როგორც ვისურვებდით; ზოგჯერ ეს შეიძლება ერთი ან ორი თაობის მანძილზეც არ მოხდეს. ერთხელ დისკუსიაში მივიღე მონაწილეობა ნორმან მეილერთან ერთად. დისკუსიის თემა "რომანის სიკვდილი" იყო. საუბრის ბოლოსკენ ნორმანმა თავისი გაბურძგნილი თავი წამოყო და ხმამაღლა გამოგვიცხადა - რომანი თქვენს გასვენებაში მოვაო. ვფიქრობ, რომ ის მართალი იყო.

სალომე ასათიანი: მიგაჩნიათ, რომ კვლავ შესაძლებელია, იყო მეამბოხე, შეცვალო დაწესებული ზღვრები, იყო კრიტიკული - მას შემდეგ, როგორი სიმძლავრითაც ეს 1968, 1969 წლებში გაკეთდა?

მაიკლ კანინგემი: დიახ, ჩემი აზრით, ეს ყოველთვის შესაძლებელია. ვფიქრობ, ეს რთული მხოლოდ მაშინ იქნებოდა, სრულყოფილ სამყაროში რომ ვცხოვრობდეთ. შეხედეთ პოლიტიკურ კლიმატს - ჩვენს მომხმარებლურ კულტურას. იმდენ რამეზე შეიძლება წერა. ვერ წარმომიდგენია, რომ ეპიკური რომანებისთვის აუცილებელი მასალა ოდესმე ამოიწურება.

სალომე ასათიანი: და ზოგადად თუ მიგაჩნიათ, რომ მწერალი მეამბოხე უნდა იყოს და კრიტიკულ მუხტს უნდა ატარებდეს საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური გარემოს მიმართ?

მაიკლ კანინგემი: დიახ. მწერალი თუ არა, აბა სხვა ვინ იქნება ასეთი. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც გვჭირდება მწერლები.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG