Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი


2011 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა საქართველოს პარლამენტის სხდომაზე
2011 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა საქართველოს პარლამენტის სხდომაზე
კვირის ბოლოს საქართველოს პარლამენტის სესიამ პირველი მოსმენით განიხილა 2011 წლის ბიუჯეტის პროექტი. წინასწარი კონსულტაციების შემდეგ, გადამუშავებული პროექტის მიხედვით, ქვეყნის ბიუჯეტის მოცულობა 7 მილიარდ 88 მილიონი ლარით განისაზღვრა. მიუხედავად იმისა, რომ საგრძნობლად იზრდება საგადასახადო შემოსავლების მოცულობა, მთავრობამ ბიუჯეტის მხოლოდ უმნიშვნელოდ გაზრდა გადაწყვიტა, რამაც ოპოზიციის მწვავე კრიტიკა გამოიწვია.

საპარლამენტო კომიტეტებში თითქმის ერთი თვე მიმდინარეობდა მთავრობის მიერ მომზადებული 2011 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა. ამ ხნის მანძილზე უამრავი შესწორება მომზადდა და გადამუშავებული პროექტი პარლამენტის სესიას პირველი მოსმენით ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა წარუდგინა. პროექტის მიხედვით, დაფინანსება ეზრდება ოთხ პრიორიტეტულ სფეროს. ესენია: ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, განათლება და ინფრასტრუქტურა. კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტი ძირითადად შიდა რესურსებს ეყრდნობა და შესაბამისად, მცირდება საგარეო სესხებზე დამოკიდებულება.

საგარეო დაფინანსებაზე დამოკიდებულება მცირდება

„სახელმწიფო ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდება იგივე რჩება, რაც იყო 2010 წელს – 46 პროცენტი, შესაბამისად, წყდება სესხებზე დამოკიდებულება.ის ბიუჯეტი, რომელიც წარმოდგენილია პარლამენტში, დაგეგმილია, უდიდესწილად, სახელმწიფოს საკუთარ შემოსავლებზე“.

ჩვენთვის მთავარია, რომ მომავალ თაობებს გადავცეთ ისეთი ქვეყანა, რომელსაც ექნება ნაკლები ვალი ...
კახა ბაინდურაშვილმა ბიუჯეტის პროექტის წარდგენა შემთხვევით არ დაიწყო სახელმწიფო ვალის მოცულობის შესახებ საუბრით. 2008 წლის რუსეთთან ომის შემდეგ, საქართველომ მრავალმილიარდიანი საგარეო დახმარება მიიღო, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი კრედიტებსა და სესხებს წარმოადგენს. შესაბამისად, გაიზარდა საგარეო ვალის მოცულობა და საგარეო რესურსებზე ქვეყნის დამოკიდებულების ხარისხი.

ამის გამო, საქართველოს მთავრობას ბევრს საყვედურობდნენ ლიბერალური ეკონომიკის მომხრე ეკონომისტები, რომლებიც, ვალების ზრდასთან ერთად, ამომრჩევლის წინაშე მთავრობის ანგარიშვალდებულების შემცირების ტენდენციაზეც მიანიშნებდნენ.

ეკონომიკური თავისუფლების აქტში დეკლარირებული პრინციპებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ თანდათან შეამცირებს, მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით, საგარეო ვალის მოცულობას. შესაბამისად, 2011 წელს საგარეო დაფინანსებას, დაახლოებით, 800 მილიონი ლარით გაზრდილი საგადასახადო შემოსავლები ჩაანაცვლებს. ამას მთავრობაში „ქამრების შემოჭერის პოლიტიკას“ უწოდებენ, რადგან, შემოსავლების ზრდის მიუხედავად, არ გაიზრდება სახელფასო და სხვა ბიუროკრატიული ხარჯები. როგორც პარლამენტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა, მთავრობას სხვა ალტერნატივაც ჰქონდა.

2011 წლის ბიუჯეტის პროექტი
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეგვეძლო ავყოლოდით პოპულისტურ განცხადებებს და გაგვეზარდა პარამეტრები და ყოფილიყო არა 7 მილიარდ 88 მილიონი, არამედ 8 მილიარდამდე და სხვადასხვა ვალდებულება აგვეღო, ჩვენთვის მთავარია, რომ მომავალ თაობებს გადავცეთ ისეთი ქვეყანა, რომელსაც ექნება ნაკლები ვალი და ეს იქნება პირველი წელი, როდესაც ქვეყნის ვალი არ გაიზრდება“.

ოპოზიცია პენსიების გაზრდას მოითხოვს

მმართველი პოლიტიკური ძალის ასეთ მიდგომებს არ ეთანხმება ოპოზიცია. მისი წარმომადგენლები პენსიების გაზრდას და სხვა სოციალური ვალდებულებების უფრო მაღალ დაფინანსებას მოითხოვენ. ბიუჯეტის განხილვისას პენსიების 100 დოლარამდე გაზრდის დანაპირები მმართველ გუნდს ქრისტიან-დემოკრატთა ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ შეახსენა.

„ეს ბიუჯეტი არის ნაციონალური მოძრაობის არშესრულებული პირობების ბიუჯეტი. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, რა არის აუცილებელი, რომ პენსია გახდეს 100 დოლარი? აუცილებელია, თითოეულ პენსიონერს დაემატოს 70 ლარი. ჯამში გამოვა, დაახლოებით, 600 მილიონ ლარამდე“.

დღეს თითქმის სრულყოფილად შედგენილი ბიუჯეტი არის წარმოდგენილი ...
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე უმრავლესობის ლიდერს, პეტრე ცისკარიშვილს მიმართავდა, რომელმაც პასუხი არ დააყოვნა და განაცხადა, რომ პენსია, სხვადასხვა დახმარებასთან ერთად, 100 დოლარზე მეტია.

„თქვენ, როდესაც საუბრობთ 100 დოლარზე, მაშინ მე ჩამოგითვლით რამდენნაირ დახმარებას იღებს ესა თუ ის მოქალაქე. ეს არის სახელმწიფო კომპენსაცია, საარსებო შემწეობა, სამედიცინო დაზღვევა და სოციალური ვაუჩერი. ეს ყველაფერი ფულად გამოსახულებაში რომ გადათარგმნოთ, 100 დოლარზე მეტია“.

თუ მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერი იმას ამტკიცებდა, რომ პენსია 100 დოლარზე მეტსაც კი შეადგენს, ოპოზიცია ირწმუნებოდა, რომ განათლებისა თუ ჯანდაცვის სფეროების დაფინანსება, ნაცვლად დეკლარირებული ზრდისა, მთლიანი შიდა პროდუქტის მატებასა და ინფლაციასთან შეფარდებით, მცირდება.

საბიუჯეტო ხარჯების ზრდის უარყოფითი მხარე

ეკონომიკის ექსპერტები განმარტავენ, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის შესაბამისად, საბიუჯეტო დაფინანსების მატება სახელმწიფო ხარჯების კიდევ უფრო ზრდას ნიშნავს, რაც ინფლაციური პროცესების გაღრმავებასთან ერთად საგარეო ვალების მატებასაც იწვევს. ამ მიმართულებით მთავრობის თავშეკავებას ექსპერტთა ნაწილი მიესალმება, ნაწილი კი ბიუჯეტის დაგეგმვის მეთოდოლოგიას იწუნებს. მათ შორისაა დავით ნარმანია.

„ძირითადი ნაწილი მაინც ბოლო პერიოდში შედგა, ამიტომ ბოლო პერიოდამდე ბიუჯეტის პროექტი იყო ნედლი. დღეს თითქმის სრულყოფილად შედგენილი ბიუჯეტი არის წარმოდგენილი, თუმცა ზოგიერთი ტიპის ხარჯებს უფრო მეტი დეტალიზაცია სჭირდება“.

თუმცა დავით ნარმანიაც აღნიშნავს, რომ 2011 წლის ბიუჯეტის პროექტი გაცილებით უკეთ არის შედგენილი, ვიდრე მიმდინარე წლისა იყო.

მომავალი წლის საფინანსო გეგმის საპარლამენტო სესიაზე პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ, ის კვლავ მთავრობას დაუბრუნდა, შენიშვნების გათვალისწინების მიზნით. გადამუშავებული ვარიანტი მთავრობამ პარლამენტში 30 ნოემბრამდე უნდა შეიტანოს, ხოლო საკანონმდებლო ორგანომ 2011 წლის ბიუჯეტი დეკემბრის მესამე პარასკევამდე უნდა დაამტკიცოს.
XS
SM
MD
LG