Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტყის ხანძრები ისევ აქტუალურია


საქართველოს 4 რეგიონში თითქმის ერთდროულად გაუჩნდა ხანძარი ტყის მასივებს. უკანასკნელი ინფორმაციით, ჯერ კიდევ იწვის ტყეები ბაღდათისა და თელავის რაიონებში, ზემო სვანეთსა და სნოს ხეობაში. ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა მცხეთა-თიანეთის რეგიონში. რამ გამოიწვია ერთდროულად წელიწადის ცივ პერიოდში ტყის ხანძრები და რა ფართობი მოიცვა ხანძარმა?

საქართველოს 4 სხვადასხვა რეგიონში გავრცელებული ტყის ხანძრები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. იმერეთში, ბაღდათის რაიონში, სოფელ ზეკარის მიმდებარე ტყის მასივში ცეცხლი შემოდგომის გამხმარ ფოთლებს უკიდია. იწვის დაახლოებით 20-მდე ჰექტარი ფართობი. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ კახა გოგანაძემ მიაწოდა, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა:

კონტროლდება ყველაფერი და სავარაუდოა, რომ დღეს უკვე გავიდეთ ბოლოში და ეს ყველაფერი დავამთავროთ...
”ფოთლოვანი ტყეა და ძირითადად ჩამოცვენილი ფოთოლი იწვის, და მხოლოდ ხმელი ხე. ფაქტობრივად, ნედლი, ცოცხალი ხე არ ზიანდება. არის ადგილები, სადაც ცოცხალი ძალით შეუძლებელია ხანძრის ჩაქრობა. ასეთ ადგილებში ვერტმფრენით ვახერხებთ ლოკალიზებას და სადაც შესაძლებელია ადამიანის შესვლა, ყოველდღიურად 100-კაციანი ჯგუფი გავდივართ”.

თელავის რაიონში, სოფელ ნაფარეულთან ახლოს, ხეობაში, ტყიდან ამომავალი კვამლი ადგილობრივებმა პარასკევს შენიშნეს. ისევე, როგორც იმერეთის რეგიონში, ცეცხლი აქაც 20 ჰექტარამდე ტყის ფართობზე ჩამოცვენილ ფოთლებს უკიდია. თელავის რაიონის გამგებელი ვასილ დავითაშვილი აცხადებს, რომ საგანგებო სიტუაციათა სამსახურთან ერთად, რომელიც ვერტმფრენის საშუალებით იქვე მდებარე ლოპოტის ტბიდან იღებს წყალს და ისე ებრძვის ცეცხლს, 60-მდე ადგილობრივი მცხოვრები ყოველდღიურად მუშაობს ცეცხლის ლოკალიზებაზე.

”იქ აალებული ცეცხლი არ არის. ნელ-ნელა მიჰყვება. ფითლები იწვის ისე, რომ სოფლებს ან მოსახლეობას რამე დაემუქროს, მოსალოდნელი არ არის. კონტროლდება ყველაფერი და სავარაუდოა, რომ დღეს უკვე გავიდეთ ბოლოში და ეს ყველაფერი დავამთავროთ”, - აცხადებს ვასილ დავითაშვილი.

ყაზბეგის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი მარსაგიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სნოს მიდამოებში, მთის მწვერვალებზე არსებულ ტყეში იწვის ასევე ბალახი და ფოთლები, რომელიც ხეებს საფრთხეს არ უქმნის. თუმცა, მისი სიტყვებით, ტყეში ფრინველთა ბუდეებს და ცხოველთა ბუნაგებს ნამდვილად შეექმნება საფრთხე, რაც, მისი სიტყვებით, ნაკლები მნიშვნელობის პრობლემა არ არის. ადგილობრივი ძალებით სტიქიასთან გამკლავება გაჭირდებაო, ამბობს გოდერძი მარსაგიშვილი, რადგან ზემო ყაზბეგის ამ სოფლებში სულ რამდენიმე ოჯახიღა ცხოვრობს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის სამსახურის უფროსი ნათია იორდანიშვილი ამჟამინდელ მდგომარეობაზე საუბრისას ამბობს, რომ ტყეში არსებულ ნედლ ხეებს საფრთხე არ ემუქრება:

თანდათან უფრო თვალსაჩინოა კლიმატის გლობალური ცვლილებების შედეგები. მეორე კი ის არის, რომ ადამიანების ქცევა თანდათან უარესობისკენ იცვლება და არა უკეთესობისკენ...
”მცხეთა-მთიანეთის მთლიანად ყველა კერაა ლოკალიზებული. ახლახან ვესაუბრე ბაღდათში კონკრეტულად ადგილზე მყოფ პირებს და ისინი ამბობენ, რომ მხოლოდ ზეკარში, ხეობაში, ერთი კერაა დარჩენილი. ვერტმფრენი მუშაობს და იმედი აქვთ, რომ დღის ბოლომდე ისიც ლოკალიზებული იქნება, ანუ მთლიანად იმერეთის რეგიონში ჩაქრება ხანძარი. კახეთის რეგიონს რაც შეეხება, რჩება ხანძარი ახმეტასა და საგარეჯოში. თელავშიც უკვე ჩამქრალია”.

ნათია იორდანიშვილის განცხადებით, ცეცხლის ლოკალიზების შემდეგ შესაძლებელი გახდება ხანძრების გამომწვევი მიზეზების დადგენა, მანამდე კი იგი ვარაუდობს, რომ ხანძრები შეიძლება მონადირეებისა და მწყემსების დაუდევრობით იყოს გამოწვეული.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივას” ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი აღნიშნავს, რომ წლის ამ დროს ხანძრების ალბათობა ნაკლებია დაბალი ტემპერატურის გამო. იგი მაინც არ გამორიცხავს კლიმატური ცვლილებების გავლენას. ამასთან, სხვა მიზეზებსაც ასახელებს:

”თანდათან უფრო თვალსაჩინოა კლიმატის გლობალური ცვლილებების შედეგები. მეორე კი ის არის, რომ ადამიანების ქცევა თანდათან უარესობისკენ იცვლება და არა უკეთესობისკენ. მე ვგულისხმობ იმას, რომ სულ უფრო სიღრმეში და დიდ ფართობზე ვხვდებით სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებულ ტყის ფართობებს, რაც შეიძლება გახდეს ამ უჩვეულოდ თბილ ამინდებთან ერთად ტყის ხანძრების პროვოცირების მიზეზი”.

თენგო მაჩაბელი გამოცდილი მონადირეა. ის ამბობს, რომ ახლა ნამდვილად ნადირობის სეზონია და ერთეული ადამიანების დაუდევრობას არ გამორიცხავს, მაგრამ მონადირეებს, მისი სიტყვებით, წესად აქვთ, რომ ტყეში ნაკვერჩხალიც კი არ დარჩეთ ჩაუქრობელი:

”ზოგადად, მონადირის წესია, რომ კვალი არ უნდა დარჩეს - კვალი, ანუ ნაკვერჩხალიც არ უნდა დარჩეს”.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო სააგენტოს მონაცემებით, წელს ზაფხულის განმავლობაში გაჩენილმა ხანძრებმა 430 ჰექტარი ფართობის ტყის მასივი გაანადგურა. ოფიციალური მონაცემებით, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ცეცხლის სტიქიამ 2 ათას 500 ჰექტარი ტყის ფართობი შეიწირა.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG