Accessibility links

logo-print
პარლამენტის 2 კომიტეტის წარმომადგენლების მიერ მომზადებულ კანოპროექტს ოპონენტები არასაკმარისად მიიჩნევენ ორი ძირითადი მიზეზის გამო: ჯერ ერთი, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 12 ნოემბერს დარეგისტრირებული საკანონმდებლო ინიციატივა არ ითვალისწინებს სრულ აკრძალვას ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული კომპანიებისთვის; და მეორე - უმრავლესობის წარმომადგენლების მიერ მომზადებული კანონპროექტი, ოპონენტების აზრით, არ ასახავს მედიასივრცეში დაგროვილ სხვა არაერთ პრობლემას. პარალელურად, პარლამენტში მიმდინარეობს მზადება საზოგადოებრივი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი პროექტების საკანონმდებლო ინიცირებისთვის.

მართალია, პარლამენტის ორი კომიტეტის წარმომადგენელთა მიერ შემუშავებული პროექტი ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ კომპანიებს მაუწყებლის ლიცენზიის ფლობას ან ლიცენზიაზე განაცხადის შეტანას უკრძალავს, მაგრამ იმავე ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს საშუალება ეძლევა განკარგოს ლიცენზიის მფლობელი კომპანიის 10 პროცენტი. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მოცულობის პირდაპირი თუ არაპირდაპირი წილის მფლობელის ვინაობა კვლავაც საიდუმლოდ შეიძლება დარჩეს.

იმის გამო, რომ მედიამფლობელობის მექანიზმში ოფშორული ზონის ცნება კი არ გაქრა, არამედ მხოლოდ შეიზღუდა, უკმაყოფილებას გამოხატავს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე. მას მიაჩნია, რომ იურიდიულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტებმა პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძისგან 26 ოქტომბერს მიღებული დავალების დაახლოებით 40 პროცენტი შეასრულეს:

ლევან ვეფხვაძე, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი
”პარლამენტის თავმჯდომარემ მათ დაავალა ორი რამ: პირველი - ოფშორებთან დაკავშირებით საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილიყო და მედიამფლობელობის საკითხი ყოფილიყო გამჭვირვალე და მეორე - ყოფილიყო მედიადაფინანსების საკითხი ასევე გამჭვირვალე... პირველი საკითხი გადაწყვიტა კომიტეტმა 90%-ით (სამწუხაროდ, 10%, დატოვეს იმისთვის, რომ ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიას შესაძლებლობა მიეცეს 10%-იანი წილის ფლობისა ძირითად კომპანიაში, რომელიც, თავის მხრივ, ფლობს ლიცენზიას)... და დავალების მეორე საკითხი საერთოდ არ გაითვალისწინეს...”

ლევან ვეფხვაძის მიერ არადამაკმაყოფილებლად შეფასებული კანონპროექტი, რომელსაც მმართველი პარტიის 4 დეპუტატი აწერს ხელს, 15 ნოემბერს მიაწოდეს ვახტანგ ხმალაძეს, იმ საზოგადოებრივი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, რომელმაც საკუთარი საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში 12 ნოემბერს შეიტანა.

იმის გარდა, რომ ამ ჯგუფის მიერ ინიცირებული ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული საკითხი - მედიამფლობელობის ფინანსური გამჭვირვალობის საკითხი - უმრავლესობის კანონპროექტში საერთოდ არ არის ასახული, ვახტანგ ხმალაძეს ასევე მეტად დამაფიქრებლად მიაჩნია ოფშორული კომპანიებისთვის 10%-იანი წილის შენარჩუნების პერსპექტივა. ექსპერტი ფიქრობს, რომ გაურკვეველი წარმოშობის კაპიტალს კვლავაც საკმაოდ ფართო ხვრელი რჩება:

”სავსებით შესაძლებელია, რომ ის 90%-იანი წილი ფორმალურად ჰქონდეს სხვადასხვა პირს (საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება მათი სახელები, გვარები თუ კომპანიების დასახელება), მაგრამ რეალური მფლობელი იყოს სწორედ ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი და, მიუხედავად მცირე წილისა, სწორედ ის განსაზღვრავდეს მაუწყებლის პოლიტიკას... რადგან ამ ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის მეშვეობით შესაძლებელი იქნება ფინანსური ნაკადების შემოსვლა. თანაც, ჩვენ ვერასოდეს ვერ გავიგებთ, საიდან წამოვიდა ეს ფული”.

ჩვენ ამ ეტაპისათვის ვერ ვხედავთ ვერავითარ აუცილებლობას, დავიწყოთ კონსულტაციები საქართველოში არსებული საკანონმდებლო ბაზის სერიოზულ გადახედვასთან დაკავშირებით ...
ვახტანგ ხმალაძემ, ისევე როგორც საზოგადოებრივი საინიციატივო ჯგუფის სხვა წარმომადგენლებმა, ჯერჯერობით არ იცის, თუ რა ბედი ეწევა მათ მიერ პარლამენტში 12 ნოემბერს შეტანილ საკანონმდებლო პაკეტს. აქვე ვთქვათ, რომ, ბოლო ინფორმაციით, ეს პაკეტი 7 კანონპროექტს ითვლის და მედიის წინაშე მდგარი პრობლემებისადმი კომპლექსურ მიდგომას ისახავს მიზნად. ეს პრობლემები უკავშირდება არა მხოლოდ მედიამფლობელებისა და მათი ფინანსების გამჭვირვალობის საკითხს, არამედ, მაგალითად, საჯარო ინფორმაციის მოპოვების, სასამართლოში საქმის წარმოების, ლიცენზირების, მონოპოლიების წარმოქმნისა თუ ინტერესთა კონფლიქტის თემებს.

თუმცა ცვლილებების საჭიროებას ვერ ხედავენ საპარლამენტო უმრავლესობაში. როგორც ამ წიაღში მომზადებული პროექტის ერთ-ერთი თანაავტორი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჩიორა თაქთაქიშვილი ამბობს, ”მედიის თავისუფლების უზრუნველსაყოფად” 2004 წლის შემდეგ საქართველოში მიღებული საკანონმდებლო აქტები მოწონებულია ამ სფეროში მოქმედი ”ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის” მიერ და შეფასებულია როგორც ”ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური”. დეპუტატს მაგალითად მოჰყავს კანონები ”სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” და ”მაუწყებლობის შესახებ”.

”შესაბამისად, ჩვენ ამ ეტაპისათვის ვერ ვხედავთ ვერავითარ აუცილებლობას, დავიწყოთ კონსულტაციები საქართველოში არსებული საკანონმდებლო ბაზის სერიოზულ გადახედვასთან დაკავშირებით”, - ჩიორა თაქთაქიშვილის მიერ 12 ნოემბერს გაკეთებული ამ განცხადებიდანაც კარგად ჩანს, რომ უმრავლესობა საზოგადოებრივი საინიციატივო ჯგუფის მიერ ინიცირებული პაკეტის განხილვის ხელშეწყობას არ გეგმავს.

თუმცა, როგორც ლევან ვეფხვაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” აპირებს, რომ საზოგადოებრივი საინიციატივო ჯგუფის საკანონმდებლო წინადადებას საკანონმდებლო ინიციატივის სახე მისცეს. სწორედ ამის შემდეგ გაჩნდება შესაძლებლობა, რომ ამ კანონპროექტების განხილვა 2 კომიტეტის მიერ შემუშავებული კანონპროექტის პარალელურად დაიწყოს.
XS
SM
MD
LG