Accessibility links

logo-print
7 ნოემბერი, კვირა

კვირა, როგორც წესი, ოჯახის დღეა ხოლმე, ოღონდ არა ჩვენთან. კიბორგასთვის (ასე ვეძახი ჩემს ქმარს) - სტრაიკბოლის დღეა, მეგობრები მიდიან და თამაშობენ. თამაშს სხვები ეძახიან, თორემ ჩვეულებრივი ვარჯიში და სამხედრო წვრთნაა, რეალობასთან მიახლოებული წესებით, სიტუაციებით და იარაღით, ოღონდ ტყვიის ნაცვლად პლასტმასის ბურთებია. მე და ვილიამი, ჩემი წლისა და ოთხი თვის შვილი, ან მთელი დღე სახლში ვართ და ვთამაშობთ, ან სადმე დავბოდიალობთ.

ოჯახის რაობაზე ბევრს ვფიქრობთ და ვლაპარაკობთ. განსაკუთრებით ამ ბოლო დროს. საერთოდ, შესაძლებელია თუ არა, ორმა ადამიანმა იცხოვროს ერთად ისე, რომ ყველაფერი არ დაუნგრიოს ერთმანეთს? მუდმივი პატარ-პატარა ბრძოლებია უფლებებისა და თავისუფლებებისთვის. მუდმივი იმიტომ, რომ ერთი თუ ოდნავ უფრო მეტს დათმობს, მაშინვე დისბალანსია, კიდევ თუ დათმო - მეორე გაიჯეჯილებს და მეტს მოითხოვს. ოჯახები, სადაც ეს ბრძოლები არ ხდება, ასე მგონია, კიდევ უფრო უარესია - ესე იგი, ერთმა ძალიან ბევრი დათმო, გაითქვიფა და ყველაფერი გაწირა, მერე ოდესმე ამოასხამს და ყველაფერს ამოადენს ცხვირში მეორეს. ან არ ამოადენს და იქნება უბედური.

მერე ბრძოლებითაც იღლები, მომენტებში ფიქრობ, რომ აღარ გიღირს, იმიტომ რომ აი, გავიდა წლები, უკვე თავიდან ბოლომდე იცნობ ადამიანს, მეტის ქექვის ინტერესი აღარაა, იმდენად „შენია“, რომ სანამ რამეს გაიფიქრებს, უკვე იცი.

და აი, ამ ეტაპზე რა უნდა გააკეთო? მაგაზე პასუხს ჯერ ისევ ვეძებთ. ორივე.

ვინც ახლა ამას კითხულობს, თუ ოჯახი არ ჰქონია, თავს აქნევს და ჰგონია: „მე სხვანაირად მექნება“. ან თუ ოჯახი აქვს, თავს აქნევს და ფიქრობს: „ჩვენთან არ არის ეს პრობლემები“. მათ, ვისაც ოჯახი არ ჰქონია, ვპასუხობ - მეც მასე მეგონა, მიუხედავად იმისა, რომ ირგვლივ დანგრეული ან/და უბედური ოჯახების დასტა მელაგა. ვინც ახალი შეუღლებულია, იმას ვპასუხობ: დაუბრუნდით ამ ნაწერს 3 წლის შემდეგ. და ვინც სამზე მეტი წელია, რაც ერთადაა - გამარჯობა, თქვენ თავს იტყუებთ. ან თქვენი პარტნიორი გატყუებთ.

8 ნოემბერი, ორშაბათი

ნეტა რამდენ „თავისუფალ მედღიურეს“ აქვს დაწყებული ორშაბათს წერა ფრაზით „ორშაბათი მძიმე დღეა?“

ჩემთვის თითქმის ყველა დღე ერთნაირი სიმმძიმისაა. თავისუფალ გრაფიკს, რომლის დიდი მოტრფიალეც ვარ, და პროექტებს, რომლებსაც დამოუკიდებლად ვაკეთებ დილით სადმე მისვლისა და საღამოს წამოსვლის გარეშე, ერთი დიდი მინუსი აქვს: შაბათი და კვირა არ არსებობს, ყველა დღე სამუშაოა მანამ, სანამ ლეპტოპი ირთვება და არც ხელფასიანი შვებულება მაქვს წელიწადში ერთხელ.


9 ნოემბერი, სამშაბათი

დღე ჩვეულებრივად იწყება, ვილიამი მაღვიძებს: „ფაფა! ფაფა!“ ყიყლიყოს ვუწვავ და ფეისბუკზე ვიხედები. მეგობარი ერთი ვიდეოს ლინკს მიგზავნის - სამარშრუტო ტაქსში მძღოლები სხედან და დედის სადღეგრძელოს სვამენ. საჭესთან კი დივიდი-პლეიერი დევს, სადაც ჰარდკორ-პორნო მიდის - ორი მამაკაცი გამწარებული ხერხავს დიდძუძუებიან ქალს.

მთელი დღეა, ამ ვიდეოზე ვფიქრობ, რომ ძალიან სიმბოლური ვიდეოა. მაგრად ასახავს ქართველების ფარისევლობას: დედის სადღეგრძელო და პარალელურად ჩართული პორნო. დედის კულტი და საკუთარი დედის გინება. მარხვა და სამარხვო ხორცი. ქალიშვილობის ინსტიტუტი და უამრავი განათხოვარი...

10 ნოემბერი, ოთხშაბათი

ჩემი ბლოგი კარგა ხანია, მივაგდე. ფიზიკურად არსებობს, მაგრამ გაყინულია, ხანდახან, როცა რამე მნიშვნელოვნის გაზიარება მინდება, ვწერ, მაგრამ ძალიან იშვიათად ხდება ეს. ვფიქრობდი, ალბათ, ეს იმის გამოა, რომ როცა რაიმეს დაწერა მინდება, ფეისბუკზე ვაქვეყნებ-მეთქი, მაგრამ, როგორც ჩანს, მთლად სწორი არ ვიყავი: აგერ, „თავისუფლების დღიურებს“ ხომ ვწერ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღის მანძილზე ფეისბუკზეც ვაქტიურობ.

ახლა ვფიქრობ და მეორე მიზეზამდე მივედი: მას შემდეგ, რაც ჩემი ბლოგი პოპულარული გახდა, ნელ-ნელა გავაიშვიათე წერა. საერთოდ, ჩვენთან „პოპულარობის“ ცნება ცოტა სასაცილოა. ათასი მკითხველი გყავს? ვაუ, შენი ბლოგი ყველაზე პოპულარულია! არადა, რომ დაფიქრდე, რა არის ათასი მკითხველი? არაფერი! ათასმა კაცმა იცის შენი არსებობა, სამაგიეროდ, დანარჩენი მილიონი გარტყმაში არაა. ჰო, სად ვიყავი? ამ ათას ადამიანს შენი ბლოგი უყვარს, ელოდება, რომ შენი მომდევნო პოსტიც იმაზე მაგარი თუ არა, ისეთივე კარგი იქნება, როგორიც წინა იყო და ამ პრესს ვერ უძლებ. წერა არ მინდა? როგორ არა?! ანონიმური ბლოგის გაკეთებაზეც ბევრი მიფიქრია, ჰოდა ახლა გავაანალიზე - ალბათ ზუსტად მაგიტომაც, ეს პრესი იხსნება, წერ იმიტომ, რომ წერა გინდა და არ ფიქრობ, რას ელიან შენგან მკითხველები.

დანარჩენი ყველა მიზეზი საკუთარ თვალებში ნაცრის ყრაა - დაკავებული ვარ, ყელში ამომივიდა, ბევრი საქმე მაქვს, კიდევ სამ ბლოგს ვაკეთებ პარალელურად პროექტების ფარგლებში და ა.შ.

ნეტა, ოდესმე თუ გადავაბიჯებ ამ პრესს? ან მინდა კი გადაბიჯება?

11 ნოემბერი, ხუთშაბათი

აღმოჩნდა, რომ დღესაც მაქვს ლექცია. PR-სკოლაში სოციალური მედიის კურსის ჯგუფი შედგა. დავიანგარიშე და გამოდის, რომ მხოლოდ ამ კვირაში 16 საათის მანძილზე მაქვს ლექციები სოციალურ მედიასთან დაკავშირებით (ილიას უნივერსიტეტი, თსუ, PR-სკოლა). იქით კვირაში კი 19 საათი გამომდის.

ხანდახან ვფიქრობ, რა ბედნიერი ვარ, რადგან ფულს იმ საქმეში მიხდიან, რაც ძალიან მიყვარს! ირგვლივ სულ საინტერესო პროექტებია, საინტერესო ადამიანები. ტრენინგებს ბევრი სკეპტიკურად უყურებს - „ფეისბუკი და ბლოგი როგორ უნდა ასწავლო ვინმეს?“ სინამდვილეში ამ ტრენინგებზე არც ფეისბუკს ვასწავლი და არც ბლოგს; ვცდილობ, დავანახო ადამიანებს, რომ არაფერია შეუძლებელი, მათ დღესვე შეუძლიათ, დაიწყონ ყველაზე წარმატებული მედიასაშუალების კეთება, შეუძლიათ, დღესვე ჰქონდეთ საშუალება, გააკეთონ ონლაინ-ტელევიზია, დღესვე მისწვდნენ იმ აუდიტორიას, რომელსაც გუშინ ვერ მისწვდებოდნენ. იმიტომ კი არა, რომ ფეისბუკი არ იცოდნენ, რა იყო; სხვა რამის გამო - იმიტომ, რომ ვერ ხედავდნენ მიჩვეულ, ჩვეულებრივ საგნებს სხვა კუთხიდან. სულ ეს არის. თორემ ბლოგის გახსნა სულ ორი დაწკაპუნების ამბავია, ფეისბუკზე პროფილი კი საქართველოში მცხოვრებ ყოველ მეოთხე ადამიანს აქვს.

კვირა დღის თემის გაგრძელება - ამ ჩანაწერის კეთებისას მე და კიბორგა ერთმანეთს „ოფიციალურად“ დავშორდით. ოფიციალურად, ანუ ფეისბუკზე სტატუსები შევიცვალეთ და ყველა ჩვენმა მეგობარმა გაიგო ამის შესახებ, ანუ საზოგადოებამ უკვე იცის - სახელმწიფოს კი ასეც ჰკიდია და ისეც.

ვზივარ ახლა და ვფიქრობ, რას ვგრძნობ. მე მგონი, არაფერს. იმიტომ არა, რომ უგულო ვარ. უბრალოდ, ბევრი ემოცია ერთად მომაწვა და ტვინმა ყველა ერთად დაბლოკა. აი, მოკლე ჩართვა რომ ხდება სახლში და ერთიანად ვარდება გადამრთველი, რომ სისტემა გადაწვისგან დაიცვას.

12 ნოემბერი, პარასკევი

მე რომ არ დამზარებოდა, ახლა ვენისკენ მიმავალ თვითმფრინავში უნდა ვიჯდე. ბლოგინგის მსოფლიო ფორუმ 2010-ზე მიმიწვიეს, როგორც ბლოგერი საქართველოდან. შარშანაც ვიყავი, რუმინეთში იყო. მაშინ არ მეზარებოდა, ვიზის ასაღებად თურქეთში ჩავედი მარტო და თავგადასავალი მოვიწყე, წელს კი დამეზარა ვიზისთვის კიევში წასვლა.

ვიზების პრობლემა რომ არ იყოს, ალბათ არც არაფერს დავუწუნებდი ზოგადად საქართველოს. ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება. სწრაფად ვერც შეიცვლება - ამისთვის ერთ დღეს ოთხმა მილიონმა კაცმა უნდა გაიღვიძოს და თქვას, მოდი, ბევრს ვიმუშავებ, ჩემს საქმეს კარგად გავაკეთებ და მალე ფეხზე დადგება ქვეყანაო. ეს უცებ გაღვიძება კი ილუზიაა, რა თქმა უნდა.

მე კიდევ მჯერა, რომ ხე ფესვებიდან იზრდება და მწვანდება, და არა კენწეროდან.

13 ნოემბერი, შაბათი

ყოველ შაბათს ჩემი სამეგობრო ჩემთან იკრიბება. ვთამაშობთ UNO-ს, „დიპლომატს“ (რომელიც კარტის ყველაზე მაგარი თამაშია დედამიწის ზურგზე და ბავშობაში „დურაკას“ ნაცვლად „დიპლომატი“ რომ გვეთამაშა ყველას, ვინ იცის, იქნებ სულ სხვანაირი ქვეყანა გვქონოდა), „მაფიოზობანას“, „მონოპოლიას“. და ბევრს ვჭორაობთ, ვიცინით და ხანდახან ვჩხუბობთ კიდეც.

ცხოვრებაში არ მჯეროდა მეგობრობის. გოგოსა და გოგოს შორის მეგობრობა ილუზიაა - ანგრევს პირველივე მამაკაცი, რომელიც ორივეს ერთად მოეწონება. გოგოსა და ბიჭს შორის უფრო უარესი ილუზიაა, გამონაკლისია მხოლოდ ის შემთხვევა, თუ ბიჭი გეია და გოგო - ფრიგიდული. აი, ბიჭებს შორის მეგობრობის ყველაზე მეტად მჯერა. პრინციპში, აბზაცი სხვანაირად უნდა დამეწყო: ცხოვრებაში არ მჯეროდა გოგოს მხრიდან მეგობრობის. მე მგონი, ქალის დნმ-ში საერთოდ არ დევს მეგობრობის ქრომოსომა.

მერე სერიალს ვუყურე - Friends. სერიალები (და არა საპნის ოპერები) მაგრად მიყვარს, მიუხედავად მათდამი ბევრის აგდებული დამოკიდებულებისა. ვიცი სერიალები, რომლებიც უამრავ ფილმს მირჩევნია ერთად აღებულს. მაგრამ ამაზე მერე, ოდესმე. კონკრეტულად ეს შოუ - „მეგობრები“ - საკულტოა და ძალიან მიყვარს. თუ ნანახი არა, თვალმოკრული მაინც გექნებათ: ექვსი ახლო მეგობარი და მათი ცხოვრებისეული პრობლემები, რომლებიც ძალიან, ძალიან სასაცილოდაა გადმოცემული. მოკლედ, ამ სერიალში პატარა „ღალატებიცაა“, რაღაცები, რაც მეგობარმა არ უნდა გააკეთოს, მაგრამ ერთმანეთს აპატიებენ და ისევ ახლოს არიან. მაშინ დავფიქრდი, ეტყობა მე, უბრალოდ, მაღალ მოთხოვნებს ვუყენებ მეგობრებს და მეტად უნდა ვაპატიებდე პატარა ხინჯებს, რომლებიც ყველას გვაქვს. და ვაღიარებ: მე, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მრავალხინჯიანი ადამიანი ვარ, სწორედ იმის გამო, რომ სხვის ხინჯებს ასე შეუწყნარებლად ვუყურებ.

ახლო სამეგობროში სხვადასხვა ტიპის ადამიანები ვართ, მაგრამ ორი რამ გვაერთიანებს: სოციალური მედია და კიდევ წლები, რომლებიც ცალ-ცალკე, მაგრამ მაინც თითქოს ერთად გავატარეთ (ეს მოვლენა ყველას ესმის, ვინც ონლაინ-აქტიურია). აწი უკვე მეგობრობისაც მჯერა ცოტ-ცოტა. მერე რა, რომ ნერვებს მიშლიან დროის უმეტესი ნაწილი, სამაგიეროდ, შეუძლიათ, უკუნითი უკუნისამდე უსმინონ ჩემს წუწუნს და, როდესაც მჭირდება, საღამოს დაიტოვონ ვილიამი.

ამიტომ მინდოდა, ჩემი ბოლო ჩანაწერი „თავისუფლების დღიურებში“ ჩემი მეგობრებისთვის მიმეძღვნა. შაბათი - ჩვენი დღეა, თუნდაც კვირის სხვა დღეების მანძილზე თავზე დაგვექცეს ქვეყანა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG