Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაგლას ფაიტი ერაყთან ომს და „უოტერბორდინგს“ ამართლებს


დაგლას ფაიტი, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მოადგილე 2001-2005 წლებში
დაგლას ფაიტი, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მოადგილე 2001-2005 წლებში
მსოფლიოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშ უმცროსის, მემუარულ წიგნს - „გადაწყვეტილებების დრო“. ჯორჯ ბუში აცხადებს, რომ არ აპირებს ერაყში ომის დაწყების გამო ბოდიში მოიხადოს, მიუხედავად იმ მთავარი მტკიცებულების გაქარწყლებისა, რომელიც ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის არსებობას დაადასტურებდა... თუმცა დაგლას ფაიტი, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მოადგილე 2001 - 2005 წლებში, ამართლებს შეერთებული შტატების ყოფილი ადმინისტრაციის ნაბიჯს. რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა გრიგორი ფეიფერმა ინტერვიუ ჩამოართვა დაგლას ფაიტს, რომელსაც დღესაც მიაჩნია, რომ არსებობდა რამდენიმე მიზეზი, რის გამოც შეერთეულ შტატებს ერაყთან ომი უნდა დაეწყო.

ერაყთან ომის დაწყების წინ დაგლას ფაიტი პენტაგონში კურირებდა სპეციალური ოპერაციების ოფისს, რომელიც მოგვიანებით გენერალურმა ინსპექციამ გააუქმა როგორც უწყება, რომელიც „სადაზვერვო სტრუქტურებისათვის“ შეუსაბამო სადაზვერვო-ანალიტიკურ მუშაობას აწარმოებდა. დაგლას ფაიტმა 2008 წელს გამოსცა წიგნი, სახელწოდებით „ომი და გადაწყვეტილება: პენტაგონის კედლებში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გარიჟრაჟზე“. წიგნის ავტორი, პენტაგონის ყოფილი მაღალჩინოსანი, აღნიშნავს, რომ მისი ოფისი სადაზვერვო ინფორმაციის მომხმარებელი იყო და არა შემგროვებელი. რაც შეეხება ომის დაწყების მიზეზებს, დაგლას ფაიტი მიიჩნევს, რომ ერაყთან ომის დასაწყებად რამდენიმე „ფართოდ დასაბუთებული“ საფუძველი არსებობდა:

„ეს უკავშირდება სადამ ჰუსეინის რეციდივისტულ და აგრესიის მატარებელ ბიოგრაფიას. ეს უკავშირდება მის მტრობას შეერთებული შტატებისადმი, მის მცდელობას, ეკონომიკური სანქციებისა და მასობრივი განადგურების იარაღის საკითხებში უთანხმოების გამო, გამომწვევად მოჰქცეოდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას. ეს უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ერაყის სამხედრო ძალები ლამის ყოველდღიურად უშენდნენ ცეცხლს ამერიკულ და ბრიტანულ საპატრულო თვითმფრინავებს, რომლებიც პატრულირებას უწევდნენ ერაყის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილს, სადაც ავიაციის ფრენა აკრძალული იყო. 2001 წლის 11 სექტემბრამდე არსებობდა საერთო ხედვა, რომ სადამ ჰუსეინი წარმოადგენდა განსაკუთრებულ საფრთხეს საერთაშორისო მშვიდობისათვის. ეს იყო მიზეზი იმისა, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო 16 რეზოლუცია, რითაც შეეცადა აელაგმა ერაყი - სპარსეთის ყურის ომიდან მოყოლებული, 1991 - 2003 წლებში“.

დაგლას ფაიტი მიიჩნევს, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ ერაყის პრობლემა უფრო შიშის მომგვრელი გახდა და მისი გადაჭრა გადაუდებელი შეიქნა. არა იმის გამო, რომ ერაყი ჩართული იყო საავიაციო შეტევებში, არამედ როგორც საერთაშორისო ტერორისტული ქსლის შემადგენელი ნაწილი და იმ სხვადასხვა ტერორისტულ ჯგუფებთან დაკავშირებული ქვეყანა, რომლებიც მასობრივი განადგურების იარაღის შეძენას ესწრაფვოდნენო, - აცხადებს დაგლას ფაიტი, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელიც უარყოფს აზრს, თითქოს 11 სექტემბრის ტერაქტებში ერაყის სავარაუდო მონაწილეობის „გაპიარებით“ ამერიკის ყოფილმა ადმინისტრაციამ „წარმატებით მიჰყიდა“ ამერიკელ ხალხს „ერაყთან ომის იდეა“:

„ამერიკის ადმინისტრაცია არ უწყობდა ხელს იმ აზრის გავრცელებას, თითქოს ერაყის მთავრობას კავშირი ჰქონოდეს 11 სექტემბრის ტერაქტებთან. სინამდვილეში, როდესაც ამ საკითხის თაობაზე მე ან სხვები ინტერვიუს ვიძლეოდით, ჩვენ ვამბობდით, რომ არ გვქონდა ინფორმაცია ერაყის კავშირზე 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებთან - გარდა იმ პერიოდისა, როდესაც ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია თვითმფრინავის ერთ-ერთი გამტაცებლის და ერაყის ხელისუფლების რომელიღაც წარმომადგენლის შესაძლო შეხვედრის თაობაზე, რაზეც შემდგომში ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ შეხედულება შეიცვალა. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, არავის უთქვამს, რომ ეს ანგარიში იყო დადასტურებული. უბრალოდ, სიცრუეა ვარაუდი, თითქოს საზოგადოებისათვის ომის დაწყების მთავარი მიზნის ახსნა 11 სექტემბრის ტერაქტებთან ერაყის კავშირს ეფუძნებოდა“.

ინტერვიუ შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილესთან, დაგლას ფაიტთან, ბევრ აქტუალურ საკითხს ეხება, მაგრამ ჩვენ აქ მოკლედ შევეხებით მხოლოდ კიდევ ერთ პრობლემას, რომელიც ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი პირებისაგან ჩვენების მისაღებად ე.წ. „უოტერბორდინგის“, ანუ წყალში დახრჩობის, იმიტაციის მეთოდს უკავშირდება. დაგლას ფაიტი ამბობს, რომ გადაწყვეტილება „უოტერბორდინგის“ გამოყენების შესახებ შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა „იუსტიციის დეპარტამენტის პროფესიონალ გამომძიებელთა რჩევის“ საფუძველზე მიიღო.

„შეერთებული შტატების მთავრობა ვალდებული იყო, კანონიერი და ჰუმანური ზომებისათვის მიემართა, რათა ქვეყნისთვის შემდგომი ტერორისტული აქტების საფრთხე აეცილებინა. დაკითხვის ამ მეთოდის გამოყენებით გამომძიებლებმა შეძლეს მეტად სასარგებლო ინფორმაციის მიღება, რამაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე იხსნაო“, - ამბობს დაგლას ფაიტი, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG