Accessibility links

აქამდე ერისი ითვლებოდა ჩვენი მზის სისტემის ჯუჯა პლანეტებს შორის ყველაზე დიდ პლანეტად. მაგრამ უახლესი გაზომვა ნათელყოფს, რომ ერისი საგრძნობლად უფრო პატარაა, ვიდრე აქამდე იყო მიჩნეული, შესაძლოა, პლუტონზე პატარაც კი. 5 ნოემბერს ასტრონომების ერთდროულად სამმა ჯგუფმა მოახერხა დაკვირვებოდა, როგორ ჩაიარა ერისმა ვარსკვლავის წინ. ვარსკვლავის დაბნელების ხანგრძლივობის გაზომვის შედეგად მოხერხდა ერისის დიამტერის ძალიან
დიდი სიზუსტით გაზომვა.

ჯერჯერობით მონაცემები საბოლოოდ არ არის დამუშავებული. მაგრამ „ერისის დიამეტრი დიდი ალბათობით არის 2340 კილომეტრზე უფრო ნაკლები“, ამბობს პარიზის ობსერვატორიის თანამშრომელი, გაზომვის მონაწილე ბრუნო სიკარდი. სითბური გამოსხივების საფუძველზე გაკეთებული თავდაპირველი დასკვნების თანახმად, ერისის დიამეტრი 3000 კილომეტრია. ამ დასკვნებმა პლუტონი ჩამოაგდო ყველაზე დიდი ჯუჯა პლანეტის ტახტიდან. ტელესკოპ Hubble-ის მეშვეობით აქამდე გაკეთებულმა ყველაზე ზუსტმა გაზომვებმა ერისის დიამეტრი 2400 კილომეტრამდე ჩამოიყვანა.

პლუტონის დიამეტრი 2344 კილომეტრია, პლუს-მინუს 10 კილომეტრი. ამიტომ ჯერჯერობით არ არის ნათელი, რომელი ჯუჯა პლანეტაა უფრო წინ. სიკარდი და მისი კოლეგები ვარაუდობენ, რომ ერისის საბოლოო მაჩვენებელი კიდევ უფრო ნაკლები იქნება, შეიძლება 50-60 კილომეტრით ნაკლებიც კი. მაშინ პლუტონი, რომელიც მრავალი სხვა მსგავსი ციური სხეულის აღმოჩენის შემდეგ 2006 წელს ასტრონომიის საერთაშორსო კავშირმა ჩვეულებრივი პლანეტების სტატუსიდან ჯუჯა პლანეტამდე „ჩამოაქვეითა“, კვლავ უდიდეს ჯუჯა პლანეტად იქნება მიჩნეული.

სამაგიეროდ ერისი ყველაზე დიდი მასის მქონე ჯუჯა პლანეტად დარჩებოდა. ასტრონომებს ძალზე დიდი სიზუსტით შეუძლიათ როგორც ერისის, ისე პლუტონის მასების გაზომვა. ვინაიდან ორივე ჯუჯა პლანეტას მოეპოვება მთვარეები, რომელთა ორბიტები შესაბამისი ცენტრალური სხეულის მიზიდულობაზე და, შესაბამისად, მასაზეა დამოკიდებული. ორივე ჯუჯა პლანეტა დაახლოებით ერთი ზომისაა, მაგრამ განსხავებული მასა აქვთ. ეს ნიშნავს, რომ ისინი განსხვავებული შემადგენლობის არიან და განსხვავებულია მათი წარმოშობის ისტორიაც.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG