Accessibility links

logo-print

ნატო „ღია კარის“ პოლიტიკას უკრაინის გარეშე გააგრძელებს


ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი

ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი

ნატოს სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ბრიუსელში სამიტისწინა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. რასმუსენის თქმით, ლისაბონის სამიტი უმნიშვნელოვანესი იქნება ნატოს ისტორიაში. სამიტი გააძლიერებს ალიანსის საფუძვლებს და დაადასტურებს „ღია კარის“ პოლიტიკის გაგრძელებას მსურველი ქვეყნებისათვის, ოღონდ უკრაინის გარეშე.

ნატოს სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ მოუწოდა შეერთებულ შტატებს, შეამციროს სამხედრო ოპერაცია მის ქვეყანაში, ხაზი გაუსვა რა იმ გარემოებას, რომ ღამის რეიდები კიდევ უფრო ართულებს ვითარებას. ადრე ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ საერთაშორისო ოპერაციას ავღანეთში ალტერნატივა არა აქვს:

"უაღრესად მნიშვნელოვნად მიმაჩნია, გავაგრძელოთ ჩვენი სამხედრო ოპერაცია ავღანეთში, რადგან აშკარაა, რომ მზარდმა სამხედრო წნეხმა თალიბანსა და თალიბანის ხელმძღვანელობაზე ბიძგი მისცა მოლაპარაკებებს შერიგების შესახებ. შესაბამისად, სამხედრო ოპერაციის გაგრძელებას ალტერნატივა არა აქვს".

დღევანდელი „ვაშინგტონ პოსტი“ აღნიშნავს, რომ ჰამიდ კარზაის ნათქვამმა „განაცვიფრა და გააწბილა“ გენერალი დევიდ პეტრეუსი, ამერიკისა და ნატოს ძალების მთავარსარდალი ავღანეთში. ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ იგი არ ეთანხმება ყველაფერში ავღანეთის პრეზიდენტს, თუმცა ისიც დასძინა, რომ კარზაის სიტყვები ასახავს ალიანსის განზრახვასაც, რომლის თანახმადაც 2014 წლისათვის უსაფრთხოების პასუხისმგებლობას ავღანეთის უშიშროების ძალები გადაიბარებენ:

"ყურადღებით წავიკითხე, რაც პრეზიდენტმა კარზაიმ თქვა და მისი განცხადებების არსი ზუსტად იმ მიმართულებისაა, რომლითაც ჩვენც გვსურს მოძრაობა: ეს არის სამხედრო ოპერაციებში ავღანელთა ხელმძღვანელი როლის გაზრდა და საერთაშორისო ძალების თანდათანობითი გადასვლა დამხმარე როლზე".

სამიტისწინა ბოლო პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ალიანსი აპირებს გააღრმაოს ურთიერთობა რუსეთთან ავღანეთის მიმართულებით და რუსეთთან ერთად იმუშაოს უსაფრთხოების იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშე რუსეთი და ნატო დგანან. რაც შეეხება ალიანსის გაფართოებას, რასმუსენმა განაცხადა, რომ ლისაბონის სამიტზე გაგრძელდება „ღია კარის“ პოლიტიკა. ეს კი ნიშნავს, რომ ორივეს - საქართველოსაც და უკრაინასაც - სხვებთან ერთად შეუძლია შეუერთდეს ალიანსს, თუკი ამისთვის მზად იქნება ორივე ქვეყანა და ნატო... თუმცა რასმუსენმა დასძინა, რომ სამიტის საბოლოო განცხადებაში, ალბათ ჩაიწერება, რომ უკრაინის ახალ ხელმძღვანელობას არა აქვს ნება, განაგრძოს ამ მიზნისკენ სწრაფვა.
XS
SM
MD
LG