Accessibility links

logo-print

უფლებადამცავი ორგანიზაციები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის განთავისუფლებას მოითხოვენ


აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლო

აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლო

ორმა საერთაშორისო უფლებადამცავმა ორგანიზაციამ დაგმო აზერბაიჯანის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, არ გაიზიაროს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს დასკვნა და საპატიმროში დატოვოს ჟურნალისტი ეინულა ფათულაევი.

„ჰიუმენ რაიტს უოჩი“ და „ამნესტი ინტერნეშნელი“ ერთად მოუწოდებენ აზერბაიჯანის ხელისუფალთ გააუქმონ ეინულა ფათულაევის მიმართ წარდგენილი ყველა ბრალდება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ჟურნალისტი. 11 ნოემბერს აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფათულაევს მოხსნოდა ყველა - ტერორიზმში წაქეზებასა და ეთნიკური შუღლის გაღვივებასთან დაკავშირებული - ბრალდება. მაგრამ ის კვლავ რჩება ციხეში იმის გამო, რომ ბრალდებულია ნარკოტიკების შენახვაში. ფათულაევის ადვოკატი აცხადებს, რომ საერთაშორისო სასამართლოს მიერ მისთვის თავდაპირველად წაყენებული ბრალდებების გაუქმება ავტომატურად ნიშნავს ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდების გაუქმებასაც. თუმცა ელხინ სადიყოვი აცხადებს, რომ სასამართლო არ ასრულებს ამ გადაწყვეტილებას.

„მთავრობას აკისრია ვალდებულება დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ფათულაევი და დაასრულოს მართლმსაჯულების ეს საშინელი შეცდომა. ამის ნაცვლად ხელისუფლებამ გამოიგონა ახალი ბრალდება, რათა ის ციხეში დატოვოს, რითაც აშკარად არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს“, - ამბობს გიორგი გოგია, „ჰიუმენ რაიტს უოჩის“ მკვლევარი სამხრეთ კავკასიაში. მისივე შეფასებით, ხელისუფლებას სურს ისე აჩვენოს თავი, რომ ასრულებს ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაგრამ სულელი უნდა იყო, რომ ვერ მიხვდე: მთავრობა აგრძელებს ჟურნალისტის დადუმების პოლიტიკას, ფათულაევმა ორ წელიწადზე მეტი გაატარა უკვე ციხეში.

აზერბაიჯანის ოპოზიციური გაზეთის, „აზათლიკის“ მთავარი რედაქტორი ხანიმათ ზაჰიდი ხელისუფლების ქმედებას ასე ხსნის: იმისათვის, რომ გარეთ მყოფი ჟურნალისტები დააშინოს, მთავრობას სჭირდება ციხეში ჰყავდეს ერთი. მისი თქმითვე, თუკი საპატიმროში არც ერთი ჟურნალისტი აღარ იქნა, ქვეყანაში შეიძლება სიტყვის თავისუფლების ახალი ტალღა წარმოიშვას. ზაჰიდმა თავის ტყავზე გამოსცადა ეს, როცა ხულიგნობის ბრალდებით იმყოფებოდა საპატიმროში.

„ამნესტი ინტერნეშნელის“ წარმომადგენელმა ჯონ დალჰიუზენმა განაცხადა, რომ ფათულაევის საპატიმროში დატოვება აჩვენებს, რამდენად უსუსურია აზერბაიჯანის ხელისუფლება ამ მცდელობაში. მისი თქმით, ჟურნალისტი დაუყოვნებლივ უნდა გაუშვან.

ფათულაევი 2007 წელს დააპატიმრეს მის მიმართ შეთითხნილი ბრალდებით მას მერე, რაც მან აზერბაიჯანის ხელისუფლების შესახებ კრიტიკული სტატიები გამოაქვეყნა. სტრასბურგში დაფუძნებულმა სასამართლომ აპრილში დაადგინა, რომ ის უნდა გაათავისუფლონ და კომპენსაცია გადაუხადონ 25 ათასი ევროს სახით, რადგან ბაქომ დაარღვია სიტყვის თავისუფლება. უკვე სამი თვის შემდეგ ფათულაევს ორ-ნახევარი წელიწადი მიუსაჯეს ნარკოტიკის შენახვის გამო.

ფათულაევის ადვოკატმა ჩვენს რადიოს უთხრა, რომ ის აპირებს გაასაჩივროს აზერბაიჯანის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება სტრასბურგში და ასევე მიმართოს აზერბაიჯანის სააპელაციო სასამართლოს, გაათავისუფლოს ფათულაევი გირაოს სანაცვლოდ. ეს უწყება ახლა განიხილავს ნარკოტიკების ბრალდების საფუძველზე გამოტანილ განაჩენს, რომელიც ეკუთვნის უფრო დაბალ ინსტანციას.
XS
SM
MD
LG