Accessibility links

logo-print

ქუთაისი - მეორე დედაქალაქი?


ქუთაისში საქართველოს პარლამენტის შენობის მაკეტი

ქუთაისში საქართველოს პარლამენტის შენობის მაკეტი

დღეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისში იმყოფებოდა, სადაც ახალი მთავრობის სახლის მშენებლობის პრეზენტაცია გამართა. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, თბილისიდან ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ვიპარებით, ჯერ პარლამენტი შემოგაპარეთ, ახლა კი – მთავრობაო. საინფორმაციო სააგენტოები ასევე ავრცელებენ ინფორმაციას თბილისიდან ქუთაისში რამდენიმე სამინისტროს გადატანის შესახებ. რა გეგმები აქვს ხელისუფლებას და როგორ აფასებენ ახალ ინიციატივას სხვადასხვა სფეროს ექსპერტები?

”თქვენ გეგონათ, რომ აქ მარტო პარლამენტი გადმოდიოდა, მაგრამ ნელ-ნელა ვიპარებით, ნაბიჯ-ნაბიჯ შემოგაპარეთ პარლამენტი, ახლა შემოგაპარეთ მთავრობა და ასე თანდათან ვახორციელებთ ქუთაისის მეორე დედაქალაქად ქცევის პროექტს”, - ასეთი სიტყვებით წარდგა მიხეილ სააკაშვილი ქუთაისში მთავრობის მშენებარე სახლის წინ შეკრებილი საზოგადოების წინაშე.

პრეზიდენტის სიტყვებით, მთავრობა კვლავ თბილისში დარჩება, მაგრამ მთავრობის მუდმივი წარმომადგენლობა იმუშავებს ქუთაისში. ამ გადაწყვეტილების აუცილებლობა მიხეილ სააკაშვილმა თავადვე შემდეგნაირად ახსნა:

”საქართველოს ცენტრთან ყველაზე ახლო მყოფი დიდი ქალაქი არის ქუთაისი და იმის გათვალისწინებით, რომ განვითარება ხდება ზღვისკენ, იმის გათვალისწინებით, რომ ამ გველეშაპს [რუსეთს] კლანჭი აქვს ჩავლებული ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან ტერიტორიაზე და პირდაპირ თავზე დაგვყურებს თავისი სამხედროებით ქართლის ნაწილში, ამ ყველაფრის და იმის გათვალისწინებით, რომ თბილისს სჭირდება განტვირთვა და ამ რეგიონს სჭირდება განვითარება, ეს არის ძალიან სტრატეგიული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება”.

უფრო დეტალურად, თუ რას ნიშნავს მთავრობის წარმომადგენლობა ქუთაისში და მისი შექმნის აუცილებლობა, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა ასე განმარტა:

”გამომდინარე იქიდან, რომ მნიშვნელოვანი იქნება მთავრობის პარლამენტთან კოორდინაცია, ასევე მთავრობის გასვლითი სხდომების მოწყობა, ასევე გარკვეული სამსახურების განთავსება, რომელიც კოორდინაციას გაუწევს ამ პროცესს, ბუნებრივია, აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ რომელიმე სამინისტრო გადადის ქუთაისში ან რომელიმე სამთავრობო სტრუქტურა. აქ მხოლოდ საუბარია სამთავრობო სახლის მშენებლობაზე”.

ქუთაისში თბილისიდან უკვე გადაიტანეს კონტროლის პალატა და ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია. პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს, ახალი სიცოცხლე შესძინოს ისეთ ქალაქებს, რომელთაც ფუნქცია აქვთ დაკარგული. ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში დავით ლოსაბერიძე ფიქრობს, რომ ხელისუფლების მცდელობა თბილისიდან გაიტანოს რეგიონებში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებები, დეცენტრალიზაციის ნაცვლად დეკონცენტრაციაა, რაც ცენტრალური ხელისუფლების ადგილობრივი განყოფილებების შექმნას ნიშნავს. დავით ლოსაბერიძე ლაპარაკობს იმ ეფექტზე, რაც შეიძლება ამ ნაბიჯს ახლდეს, და სხვა ქვეყნებში არსებულ მსგავს გამოცდილებას იხსენებს:

”ახალი იდეფიქსია გარკეული პოლიტიკური ძალებისა ან პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებისა გაიტანონ დიდი ქალაქიდან დედაქალაქი, ვთქვთ, განათლებული აბსურდიზმის სტილში; როდესაც, მაგალითად, ლუდოვიკო გარბოდა და ვერსალში აშენებდა სასახლეს; ისე, როგორც დღეს საერთო ხელისუფლება გასულია დედაქალაქიდან სხვადასხვა ქვეყნაში, მაგალითად, ნიდერლანდში. ანალოგიური მოდელი ჰქონდა ბევრ აფრიკულ ქვეყანას, ლათინოამერიკულ ქვეყანას, და ასეთი გადაწყვეტილება მრავალი პატარა ქვეყნისთვის არ დასრულებულა წარმატებით და ისევ სტატუს კვო იქნა აღდგენილი”.

შესაძლოა თუ არა ხელისუფლების შტოების სხვადასხვა ქალაქს შორის გადანაწილება გარკვეული პოლიტიკური რისკის შემცველი იყოს? - ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანს, პოლიტიკური რისკების მკვლევარს ბაკურ კვაშილავას მიმართა. მისი აზრით, შესაძლოა ეს ნაბიჯი პოზიტიურ შინაარსსაც შეიცავდეს, რადგან მცირდება თანამდებობის პირებს შორის პირადი კომუნიკაციის შესაძლებლობა, რაც, მისი აზრით, დემოკრატიზაციის პროცესს უწყობს ხელს:

”პირადი ურთიერთკავშირები შეიძლება ნაკლებად მოხდეს ქუთაისსა და თბილისს შორის, საჭირო არის ზოგიერთი კონფიდენციალური საუბრისთვის თბილისში ჩამოსვლა და პირადი შეხვედრა, რამაც შეიძლება შექმნას ისეთი ვითარება, რომ საკანონმდებლო ორგანო გახდეს უფრო დამოუკიდებელი და ასე ჯერ შედარებით მეორეხარისხოვანი საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტის ცოდნა შეიძინოს და მერე ამ გამოცდილებით შედარებით მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის დამოუკიდებლად მიღება შეძლოს”, - მიიჩნევს ბაკურ კვაშილავა.

ეკონომიკური თვალსაზრისით, მსგავსი ნაბიჯების გადადგმა ეკონომიკის საკითხების ექსპერტს გია ხუხაშვილს გაუმართლებლად მიაჩნია:

”ჩვენი ხელისუფლება ასეთ ხარჯებს არ ითვლის, ჩვენი ხელისუფლება ითვლის ბიზნესმენების ჯიბეებში შემოსავლებს და შემდგომ ახდენს ექსპროპრიაციას; და თავის საფულეში აზიდული ფულის ხარჯვაში ყოველთვის ასეთი მიდგომა ჰქონდა. ცოტა უხეშ სიტყვას ვიტყვი: ასეთი ფულის ხარჯვაში თავისი ხუშტურების დასაკმაყოფილებლად ყოველთვის ასეთი მიდგომა ჰქონდათ”.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG